LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ტატიშვილის გარდაცვალებაში გიორგი ლიპარტელიანი დამნაშავედ სცნეს

809

12 წლის სალომე ტატიშვილის გარდაცვალებაში  სააპელაციო სასამართლომ გიორგი ლიპარტელიანი დამნაშავედ სცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს გააუქმა საქალაქო სასამართლოს განაჩენი,  რომლითაც გუდაურში მომხდარ ინციდენტში გიორგი ლიპარტელიანს ამართლებდა.

განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ტატიშვილის ოჯახის და ახლობლების ტაში და ემოციური რეპლიკები მოჰყვა.

როგორც განაჩენის გამოცხადების შემდეგ  გარდაცვლილის დედამ, ნინო ჟვანიამ, აღნიშნა, გადაწყვეტილება, კონკრეტულ საქმეზე სამართლიანობის აღდგენის გარდა, დადებით პრეცედენტს შექმნის სათხილამურო კურორტებზე უსაფრთხოების თვალსაზრისით.

„გარდა იმისა,  რომ დადგინდა სამართალი, ეს იქნება გარდამტეხი სამთო-სათხილამურო კურორტებზე ადამიანის და ბავშვების სიცოცხლის დაცვის თვალსაზრისით. სათხილამურო ტრასებზე ნასვამი ადამიანების უპასუხისმგებლო საქციელს ხშირად  ეწირებიან უდანაშაულო ადამინები, არის დაჟეჟილობები, მოტეხილობები და ეს შემთხვევა ფატალურად დასრულდა. საქალაქო სასამართლოს განაჩენი დაუსჯელობის საშიშ პრეცედენტს ქმნიდა,“ –  განაცხადა ნინო ჟვანიამ.

20 წლის გიორგი ლიპარტელიანი,  რომელიც სალომე ტატიშვილის გაუფრთხილებლობით სიკვდილში სცნეს დამნაშავედ, ამ დროისთვის სასწავლებლად პრაღაში იმყოფება.

პროცედურულად,  ის კანონით დადგენილ ვადებში უნდა გამოცხადდეს პოლიციაში, წინააღმდეგ შენმთხვევაში მასზე ძებნა გამოცხადდება.

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გიორგი ლიპარტელიანის მამაიდამ, მანანა ლიპარტელიანმა, რომელიც ადვოკატირებასაც უწევდა ძმისშვილს, სასამართლო უკომენტაროდ დატოვა.

ლიპარტელიანის ადვოკატის, თენგიზ ხარებავას, განმარტებით, ამ ეტაპზე არ ფლობს ინფორმაციას, რა გეგმები აქვს მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ხოლო განაჩენს საკასაციო წესით გაასაჩივრებენ.

პოპულალურები