სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში გაიმართება.

საქართველოს ახალი პრეზიდენტი ყავს, რომელიც ისტორიაში ავტომატურად ჩაეწერება, რადგან უკვე გააჩნია განსხვავებული ნიშანი – ის ქალია. ასეთი რამ კი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად მოხდა. საქართველო შეუერთდა იმ ქვეყნების რიგს, სადაც პირველი პირი ქალბატონია. ცოტა ისტორიას თუ გადავხედავთ, მარტივად გავიხსენებთ, რომ ჩვენს ქვეყანას ქალი პირველად არ მართავს, თუმცა შუა საუკუნეების თამარ მეფესთან დღევანდელობის შედარება ნამდვილად უადგილოა.

დღეისთვის, მოქმედი პრეზიდენტი ქალი მსოფლიოში სულ ათია (სალომე ზურაბიშვილი მეთერთმეტე გამოდის), მათ შორის ნაღდად თუ ფორმალურად ქალი ევროპულ ქვეყნებსაც მართავს – ხორვატიას, მალტას, ლიეტუვას, ესტონეთს. მსოფლიოში სულ 56 ქალი პრეზიდენტი იყო ან არის. აქედან პირველად 1976 წლის 24 მარტს არგენტინაში მარია ესტელა მარტინეს დე პერონი აირჩიეს. 1996 წელს გამოვიდა არგენტინის პირველი ლედისადმი მიძღვნილი ალან პარკერის ფილმი „ევიტა“, რომელშიც მთავარი როლი მადონამ შეასრულა.

 

დალია გრიბაუსკაიტე

ლიეტუვას პრეზიდენტი, რომელიც 2009 წლის 12 ივლისს აირჩიეს და ის მოვალეობის შესრულებას დღემდე აგრძლებს. ის არასდროს იმყოფებოდა ქორწინებაში და არ ჰყავს შვილები. გრიბაუსკაიტე პროდასავლური ლიდერია და აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და მის სუვერენიტეტს. აღსანიშნავია რომ 2018 წელს დალიამ გამოსცა აქტი რომელიც ლიეტუვის ენაში, საქართველოს არა „გრუზიად“, არამედ „საქართველოდ“, ხოლო ქართველებს „ქართველებად“ მოიხსენიებენ. საქართველოს მთავრობამ ამ მეგობრულ ჟესტს ანალოგიურად უპასუხა და ინგლისურენოვანი დასახელება „ლიტვა“ შეცვალა „ლიეტუვით“.

 

მარი-ლუიზ კოლეირო-პრეკა

მალტის პრეზიდენტია 2014 წლის 4 აპრილიდან. ის მალტის ისტორიაში მეორე ქალია, რომელიც ქვეყანას მართავს. მარია თავის ქვეყანაში ცნობილია, როგორც კონსერვატორი, რომელიც ეწინააღმდეგება განქორწინებას და გმობს ერთსქესიანი პირების ქორწინებას.

 

კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი

პირველი ქალი პრეზიდენტია ხორვატიის ისტორიაში, რომელიც პრეზიდენტად 2015 წლის 19 თებერვალს აირჩიეს. კოლინდა არჩვენების პირველ ტურში დამარცხდა, ხოლო მეორე ტურში 0.54%-ით გაიმარჯვა. ის ქალთა უფლებებისთვის იბრძვის, მიჩნეულია თავის ქვეყანაში ყველაზე გავლენიან ქალად, არ ემხრობა აბორტს.

 

ბიდჰია დევი ბჰანდარი

2015 წლის 29 ოქტომბერს აირჩიეს ნეპალის პრეზიდენტად. პირველი ქალი პრეზიდენტია ნეპალის ფედერალურ-დემოკრატიულ რესპუბლიკაში. 2016 წელს ჟურნალმა „ფორბსმა“ მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ქალს შორის დაასახელა და 52-ე პოზიცია მიანიჭა. წარმოადგენს ნეპალის კომუნისტურ პარტიას (გაერთიანებული მარქსისტულ-ლენინური პარტია).

 

ჰილდა ჰეინი


მარშალის კუნძულების პრეზიდენტად 2016 წლის 28 იანვარს აირჩიეს და საინტერესოა, რომ ის პირველი ქალია, რომელიც მარშალის კუნძულებზე დოქტორის სტატუსს ფლობს. მას ქალთა უფლებებისთვის მებრძოლად და განმანათლებლად მოიხსენიებენ.

 

ცაი ინ-ვენი


პრეზიდენტი 2016 წლის 20 მაისს გახდა. არჩევნებში მიიღო ხმების 57,7% და გახდა ტაივანის პირველი ქალი-პრეზიდენტი. ცაი ინ ვენი ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის ლიდერი იყო, რომელიც პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ტაივანის დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოდიოდა.

 

კერსტი კალიულაიდი

ესტონეთის პრეზიდენტია, რომელიც 2016 წლის 10 ოქტომბერს აირჩიეს. ესტონეთში პრეზიდენტის როლი სიმბოლურია, თუმცა მას უფლება აქვს პარლამენტის მოწვევისა და საერთაშორისო არენაზე ესტონეთი წარმოდგენის. კერსტი პროდასავლური ორიენტაციის ლიდერია და აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს. კერსტი ქალი პრეზიდენტია, რომელმაც მოახერხა და ქვეყანა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გააწევრიანა. ის მხარს უჭერს ქალთა უფლებებსა და ქვეყნის ტექნოლოგიურ განვითარებას.

 

ჰალიმა იაკობი


სინგაპურის პრეზიდენტი 2017 წლის 14 სექტემბერს გახდა. პრეზიდენტად ავტომატურად გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ყველა დანარჩენი კანდიდატი არჩევნებზე არ დაუშვეს. ამასთან, ჰაილმა იყო სინგაპურის ისტორიაში პარლამენტის პირველი ქალი სპიკერი.

 

პაულა-მეი უიკესი


ტრინიდადი და ტობაგოს პრეზიდენტი 2018 წლის 19 მარტს გახდა. რადგან არჩევნების დღეს მხოლოდ ერთი კანდიდატი იყო, არჩევნების გარეშე აირჩიეს. იყო იურისტი, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

 

საჰლე-ვორკ ზევდეა


ეთიოპიის პრეზიდენტია 2018 წლის 25 ოქტომბრიდან. ეთიოპიელი დიპლომატი და პოლიტიკური მოღვაწე ქვეყნის მე-4 და პირველი ქალი პრეზიდენტი. ზევდე მანამდე დიპლომატად მუშაობდა. განათლება საფრანგეთში მიიღო და თავისუფლად საუბრობს ფრანგულ და ინგლისურ ენებზე.

 

 

სულ ცოტა ხნის წინ ქალი პრეზიდენტები ყავდათ საკმაოდ დიდ ქვეყნებს – შვეიცარიას (სიმონეტა სომარუგა), ფინეთს (ტარია ხალონენი), ბრაზილიას (დილმა რუსეფი), არგენტინას (კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი), სამხრეთ კორეას (პაკ კინ ხე), ფილიპინებს (გლორია მაკაპაგალ-აროიო).

ქვეყანას სხვა ქალებიც უდგანან სათავეში, უბრალოდ ისინი პრეზიდენტები არ არიან, არამედ ძირითად პრემიერ მინისტრები. ამ მხრივ მარტო დიდი ბრიტანეთის პრემიერის ტერეზა მეის დასახელება რად ღირს. მისი ქალი-კოლეგები არიან სერბეთში, ისლანდიაში, რუმინეთში, ახალ ზელანდიაში, ბარბადოსში…

 

ქალის როლი გაიზარდა ქართულ პოლიტიკაშიც. 28 ნოემბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, რომლის მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59.56%-ით გაიმარჯვა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ქალი პრეზიდენტი ჰყავს. ზურაბიშვილი რიგით მე-5 პრეზიდენტია. იგი საფრანგეთში, ემიგრაციაში დაიბადა. ქართულ პოლიტიკაში გამოჩენამდე მას საფრანგეთის დიპლომატიურ კორპუსში 30-წლიანი გამოცდილება ჰქონდა.
16 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში გაიმართება. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს უფლება-მოვალეობის შესრულებას ახალარჩეული საქართველოს პრეზიდენტი.

 

ნუცა სალუქვაძე

ტეგები: სალომე ზურაბიშვილი ქალი პრეზიდენტი

მსგავსი თემები