LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამედიცინო პერსონალისთვის ხელფასის არათანაბარი გადანაწილების კუთხით, 111 კოვიდკლინიკიდან აბსოლუტურ უმრავლესობაში დარღვევები გამოვლინდა: ბექა ფერაძე

82
ბექა-ფერაძე

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების სამსახურმა სამედიცინო პერსონალზე თანხის არათანაბარი გადანაწილებისა და შვებულება/ბიულეტენის აუნაზღაურებლობის მიმართულებით, 111 კოვიდკლინიკიდან უმრავლესობაში დარღვევები გამოავლინა.

შრომის ინსპექტირების სამსახურის ხელმძღვანელის, ბექა ფერაძის განცხადებით, გამორიცხული არ არის, რომ დარღვევების გამო კლინიკების ნაწილი დაჯარიმდეს.

მისივე თქმით, შრომის ინსპექცია კლინიკებში იკვლევს ბოლო ერთი წლის, 2020 წლის ივნისიდან პერიოდს. როგორც ფერაძემ აღნიშნა, ინსპექტირების პროცესი დაახლოებით, 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და დოკუმენტები მოცულობის გამო ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.

„შრომის ინსპექციაში შემოვიდა დასაქმებულთა საჩივარი. ცხადია, არ მოვახდენ იდენტიფიცირებას, თუ რომელი კლინიკიდან მოგვმართეს, სადაც დასაქმებულთა საჩივრის წერილში მითითებული იყო, რომ არ ხდებოდა სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული დანამატების და სახელფასო ფონდის ანაზღაურება, ან ეს ანაზღაურება გვიანდებოდა.

ორ კლინიკაზე იყო შემოსული საჩივარი, თუმცა, ჩვენ გადავწყვიტეთ ყველა კლინიკა შეგვემოწმებინა, რომელიც კლინიკის მართვაში იყო ჩართული.

შემოწმებულია ყველა, 111 კოვიდკლინიკა და დარღვევები მათ აბსოლუტურ უმრავლესობაშია გამოვლენილი. თუმცა, არის საგამონაკლისო შემთხვევები, სადაც ფიქსირდება, რომ ყველა პროცედურა ცალსახად და ზედმიწევნითაა შესრულებული, რომელიც კოვიდის მართვის პროცესში იყო განსაზღვრული,“ – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ბექა ფერაძემ.

მისი განმარტებით, კოვიდკლინიკების ინსპექტირების, შემოწმების პროცესი მოიცავს როგორც უშუალოდ ტერიტორიის დათვალიერებას, ასევე დოკუმენტების გამოთხოვას, ასევე, დამსაქმებლისა და პერსონალის გასაუბრების პროცესს.

„როგორც აღვნიშნე, ჩვენ უკვე შევამოწმეთ 111 კლინიკა და ასევე იგეგმება იმ კლინიკების შემოწმება, რომელიც ბოლო პერიოდში დაემატა. ახლა მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლის პროცესი, რათა გავაანალიზოთ ყველა ის „ბენეფიტი“, რომელიც დასაქმებულებს უნდა მიეღოთ კოვიდის მართვის პერიოდში – რამდენად მოხდა მისი პრაქტიკაში რეალიზება,“ – განაცხადა ფერაძემ და დასძინა, რომ ამ ეტაპზე, არ შეგვიძლია სრულად ვისაუბროთ ყველა იმ დარღვევაზე, რომელიც გამოვლინდა, ვინაიდან დოკუმენტაცია შესწავლის პროცესშია.

როგორც ბექა ფერაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე გამოიკვეთა რიგი დარღვევები, რომელიც უკავშირდება ძირი შრომის ანაზღაურების და ასევე ხელფასის შემცირებული ოდენობით ჩარიცხვას. ასევე, დაფიქსირდა ანაზღაურების დაგვიანების ფაქტებიც.

„გარდა ამისა, გამოიკვეთა, რომ ხელფასის განკარგვა და ცვლილება განხორციელდა დამსაქმებლის მხრიდან, რაც ასე არ უნდა იყოს, ვინაიდან ნებისმიერი ცვლილება შრომის კოდექსის მიხედვით, დასაქმებულთან შეთანხმებით უნდა ხდებოდეს – ანაზღაურების საკითხი სწორედ დასაქმებულთან შეთანხმებას მოითხოვს. რამდენიმე კლინიკაში ასევე შეგვხვდა არათანაბარი მიდგომები, ვგულისხმობ პერსონალზე თანხის არათანაბრად გადანაწილებას.

გარდა ამისა, იყო შვებულებასთან და ბიულეტენის აუნაზღაურებლობასთან დაკავშირებული საკითხები. ეს არის ძირითადი დარღვევები, რაზეც ამ ეტაპზე შეგვიძლია აქცენტი გავაკეთოთ. დამატებით შესწავლა მიმდინარეობს და საკმაოდ მოცულობითია ის დოკუმენტები, რომელიც კლინიკების მხრიდან არის მოწოდებული, ვაანალიზებთ ამას და უახლოეს პერიოდში მედიას და საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით,“- განაცხადა ბექა ფერაძემ.

ამასთან, როგორც ფერაძემ აღნიშნა კოვიდკლინიკებს, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების სამსახური დარღვევებს გამოუვლენს, კონკრეტულ ვადებში, დასაქმებულებისთვის დანაკლისის ანაზღაურება დაევალება.

მისი თქმით მოკვლევის დასრულების შემდეგ კუთვნილ ანაზღაურებას დაახლოებით, 7500 დასაქმებული მიიღებს.

„ამ ეტაპზე შესწავლილია 7 ათასზე მეტი პერსონალი, თუმცა, გრძელდება დოკუმენტების შესწავლა და შესაძლოა, ეს რაოდენობა გაიზარდოს 8-9 ათასამდე. საბოლოოდ, საკითხი არანაკლებ 7500 ადამიანის შრომით ურთიერთობას შეეხება, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ 7500-ვე ინდივიდუალურად ფასდება. გადამოწმება მოხდება ყველა შრომითი ურთიერთობის მაშინ, როცა რეინსპექტირებაზე შევალთ ამა თუ იმ კლინიკაში“,- განაცხადა ბექა ფერაძემ.

მისივე ინფორმაციით, მოკვლევის საბოლოო შედეგი ოქტომბერში გამოქვეყნდება.

პოპულალურები