LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,სამეფო კარის თამაშები” – ფინალური სეზონის თრეილერის განხილვა (კინობლოგი)

903
r

ამერიკულმა ტელეარხმა HBO-მ პოპულარული ფენტეზი-სერიალის, ,,სამეფო კარის თამაშების” ფინალური, მე-8 სეზონის პირველი სრული ოფიციალური თრეილერი გამოაქვეყნა.

საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ,,სამეფო კარის თამაშების” მონატრებულ მაყურებელს 14 აპრილს დაუბრუნდება. ბუნებრივია, საკულტო სერიალის ფინალის მიმართ უდიდესი ინტერესი და არაერთი ფან-თეორია არსებობს. რას უნდა ველოდეთ მეგა-ჰიტის ფინალური სეზონისაგან?

მიუხედავად იმისა, რომ თრეილერი მხოლოდ 2 წუთს გრძელდება, დაკვირვებულ ფანებს გარკვეული დასკვნების გამოტანა მაინც შეუძლიათ.

პირველი კადრები არია სტარკს ეთმობა, რომელიც ჩაბნელებულ გვირაბებში ვიღაცას, ან რაღაცას გაურბის. ,,მე ვიცნობ სიკვდილს, მას მრავალი სახე აქვს. მე მასთან შეხვედრას ველი” – ამბობს არია, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში სიკვდილის კულტის, ,,უსახოების” წევრებს შორის ცხოვრობდა და ვარჯიშობდა. სავარაუდოდ აღნიშნულ სცენაში არია ვინტერფელის ქვემოთ განთავსებულ სამარხ დარბაზებში იმყოფება, რაც პოპულარული ფან-თეორიით შეიძლება აიხსნას. თეორიის თანახმად ღამის მეფე, რომელსაც მკვდრების გაცოცხლების ძალა აქვს, მკვდრეთით აღადგენს ვინტერფელის ყოფილ მმართველებს, რომლებიც სიმაგრის ქვემოთ განთავსებულ სამარხებში არიან დაკრძალული.

მერვე სეზონი ჯონ სნოუს და დეინერის ტარგარიენის ვინტერფელში ჩასვლის სცენით გაიხსნება, რომლებიც ,,უნაკლოების” არმიას მიუძღვებიან. თრეილერის კადრებიდან საკმაოდ იოლად შეიძლება პარალელების გავლება პირველი სეზონის საწყის კადრებთან, რომლებიც მეფე რობერტ ბარათეონის და მისი თანმხლები არმიის ვინტერფელში შესვლას ასახავს.

პარალელები იკვეთება ჯონ სნოუსა და ნედ სტარკს შორისაც. ისევე,როგორც სერიალის პირველ სერიაში ნედ სტარკი, ჯონ სნოუც ,,გულის ხესთან” არის განმარტოვებული.

მომდევნო კადრებში სემი და ბრანი ჯონ სნოუს აწვდიან ინფორმაციას თავისი ნამდვილი წარმომავლობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ თავად ჯონი კადრში არ ჩანს, ბრანის სიტყვები: ,,ყველაფერმა, რაც კი გაგიკეთებია აქ მოგიყვანა. ზუსტად იქ, სადაც უნდა იყო”, – მხოლოდ მისი მისამართით შეიძლება იყოს ნათქვამი.

2 წუთიან თრეილერში საკმაოდ დიდი დრო ეთმობათ დრაკონებს. აღსანიშნავია, რომ HBO-მ ფინალური სეზონის პრომოში მხოლოდ ცოცხალი დრაკონების – დროგონის და რეიგალის ნახვის საშუალება მოგვცა, ვისერიონი კი, რომელზეც ღამის მეფეა ამხედრებული, ჯერჯერობით არ გამოჩენილა. უკვე ცხადია, რომ მაყურებელი მერვე სეზონში იხილავს იმას, რასაც უკვე დიდი ხანია ელის – ჯონ სნოუ დრაკონის მხედარი გახდება. შეგახსენებთ, რომ დეინერისმა დრაკონ რეიგალს სახელი სწორედ ჯონ სნოუს მამის, რეიგარ ტარგარიენის პატივსაცემად დაარქვა.

საინტერესოა, რომ თრეილერში არ გამოჩენილა ჯონის მგელსაზარა, ,,მოჩვენება”, რომელიც მაყურებელს არც მეშვიდე სეზონში უნახავს, თუმცა შოუს შემოქმედებითმა ჯგუფმა უკვე დაადასტურა, რომ ,,მოჩვენება”ფინალურ სეზონში დაბრუნდება.

მნიშვნელოვანი მომენტია ჯეიმე ლანისტერის გამოჩენა. ,,მე პირობა დავდე, რომ ცოცხლების მხარეს ვიბრძოლებდი. მინდა ეს პირობა შევასრულო”, – ამბობს მეფის მკვლელი, რომელმაც პირველი სეზონიდან მერვემდე დაუჯერებელი ტრანსფორმაცია განიცადა და ბევრი მაყურებლის საყვარელ პერსონაჟად იქცა. ,,სამეფო კარის თამაშების” ფანები იმისთვისაც მზად არიან, რომ მას პირველ სეზონში ბრან სტარკის კოშკის ფანჯრიდან გადმოგდებაც აპატიონ. მეშვიდე სეზონის ფინალში ჯეიმე, სავარაუდოდ რივერანში გაემგზავრა ედმურ ტალისთან მოსალაპარაკებლად. ფანებს შორის გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ჯეიმე ვინტერფელში მდინარეთის და ლანისტერების დარჩენილი არმიის თანხლებით ჩავა.

რამოდენიმე წამი ეთმობა სანსა სტარკს. სანსა გაოცებული და ამავდროულად შეშფოთებული ადევნებს თვალს დრაკონებს, რომლებმაც ვინტერფელს თავზე გადაუფრინეს. როგორც ცნობილია, ლედი სტარკი მაინცდამაინც არ აღფრთოვანებულა ჯონის გადაწყვეტილებით, რომელმაც დეინერის ტარგარიენის წინაშე მუხლი მოიყარა. უფრო ადრე გავრცელებული კადრებიდან ცხადია,რომ ვინტერფელის ლედის და დრაკონების დედას საკმაოდ დაძაბული და ნაძალადევ დიპლომატიაზე დაფუძნებული ურთიერთობა ექნებათ.

HBO-მ მაყურებელს საშუალება მისცა რამოდენიმე წამით შეევლოთ თვალი ტირიონის, სერ დავოსის, ბრიენა ტარტის, სანდორ კლიგანის, ლორდი ვარისის და გენდრისთვის.

ახალი კადრებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გენდრის საკმაოდ მნიშვნელოვანი მისია აკისრია – ის, როგორც მჭედელი, ,,დრაკონის შუშისგან” ახალი იარაღის დამზადებაში მონაწილეობს.

აღსანიშნავია სერ ჯორაჰ მორმონტი და მისი ახალი იარაღი, რომელშიც ზოგიერთმა ფანმა ტარლების საგვარეული ვალირიული ფოლადის ხმალი, ,,Heartsbane” ამოიცნო. ეს სწორედ ის ხმალია, რომელიც სემუელ ტარლიმ გასულ სეზონში მამამისის დაუკითხავად წაიღო თან, რადგან მიიჩნია, რომ მას, როგორც უფროს ვაჟს ამის სრული უფლება ჰქონდა. სავსებით ბუნებრივია თუ სემი, რომელიც არასოდეს ყოფილა კარგი მებრძოლი, ასეთ ძვირფას იარაღს თავისზე გაცილებით უკეთეს მებრძოლს გადასცემს, რომელთანაც მცირე დროში საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.

დადასტურდა ისიც, რომ ტორმუნდი და ბერიკ დონდარიონი გადაურჩნენ კედლის ნგრევას. ორივე მათგანი  ბრუნდება, რათა დანარჩენებს შეუერთდეს, თუმცა უცნობია ისინი ვინტერფელში იმყოფებიან თუ შავციხეში. ერთადერთი მნიშვნელოვანი პერსონაჟი, რომელიც ჯერ არ გამოჩენილა, წითელი ქალია. რა ბედი ეწია მელისანდრას მას შემდეგ, რაც ,,დრაკონის ქვა” დატოვა,უცნობია.

როგორც ჩანს, ფინალური სეზონის ძირითადი ლოკაციები ვინტერფელი და მეფის საბიჯელი იქნება, რადგან თრეილერის კადრების უმეტესობა სწორედ იქ განვითარებულ მოვლენებს ასახავს.

ვიდრე ჩრდილოეთში მკვდრების არმიასთან ბრძოლისათვის ემზადებიან, ეურონ გრეიჯოის ფლოტი მეფის საბიჯელში ბრუნდება და თან მოჰყავს ,,ოქროს კომპანია”, ესოსში ყველაზე ცნობილი და მრავალრიცხოვანი დაქირავებული ჯარი, რომელიც სერსეი ლანისტერმა ბრაავოსის ,,რკინის ბანკისაგან” მიღებული ოქროთი დაიქირავა. ,,ოქროს კომპანია” ცნობილია იმითაც, რომ არსებობის განმავლობაში არასოდეს დაურღვევია პირობა და დამქირავებლისათვის ზურგი არ შეუქცევია.

მიუხედავად იმისა,რომ მკვდრების არმიის მებრძოლი საკუთარი თვალით იხილა, სერსეი ლანისტერი ცოცხლების დახმარებას არ გეგმავს. მას თავისი გეგმები აქვს. სერსეისთან სამეფო კარის თამაშებისთვის კი, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ალბათ მხოლოდ ისეთი პერსონაჟი მოიცლის, როგორიც ეურონ გრეიჯოია. ცხადია,რომ რკინის კუნძულების ამბიციურ მმართველსაც თავისი გეგმები უნდა ჰქონდეს, რომლებიც შესაძლოა სერსეის სურვილებთან თანხვედრაში სულაც არ იყოს.მეფის საბიჯელის სცენებში შეგვიძლია შევამჩნიოთ დედოფლის მარჯვენა ხელი, ქიბურნი და რასაკვირველია ,,მთა”, რომლის დანახვაც განსაკუთრებულ სირთულეს არასდროს წარმოადგენს.

საერთო ჯამში პირველი სრული თრეილერი საკმაოდ მუქ ფერებშია გადაწყვეტილი, რაც მაყურებლის განწყობის შექმნაზეა გათვლილი და წინასწარ ამზადებს მას იმისთვის,რომ ვესტეროსში ,,გრძელი ღამე” დადგა.

,,სამეფო კარის თამაშების” ფინალური, მერვე სეზონის პრემიერა 14 აპრილს შედგება. ფინალური სეზონი 6 სერიისაგან შედგება.

 

მარი სტარკის კინობლოგი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები