LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამი პრიორიტეტი გვაქვს: გიორგი ვაშაძის პრემიერ-მინისტრული გეგმები – გახდება თუ არა ვაშაძე ოპოზიციის კანდიდატი

297
vashadze

ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის კანდიდატად გიორგი ვაშაძეს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაცია პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა გააჟღერა.

„ნორმალური ქვეყანა დაკარგავს ახალგაზრდა გიორგი ვაშაძეს? ის არის მოწესრიგებული, საოცარი ადამიანი, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ნებისმიერი ინსტიტუცია ანდო“, – აცხადებს ჩარკვიანი.

„ფორტუნა“ დაინტერესდა იყო თუ არა მოულოდნელი გიორგი ვაშაძისთვის ჩარკვიანის განცხადება.

„ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ოპოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

ქვეყანაში მძიმე კრიზისული მდგომარეობაა და პირველ რიგში მთავარია, რომ ეს კრიზისი გადავლახოთ. მათ შორის მთავარია ეკონომიკა და სამუშაო ადგილები, რომელსაც ყოველდღიურად ვკარგავთ. ამის შეჩერების კონკრეტული ხედვა და პროგრამა მაქვს. ეს პოზიცია თაკო ჩარკვიანისგან გაკეთდა და დეტალური გადაწყვეტილება ოპოზიციაში ჯერ არ მიგვიღია. როგორც გუნდი გადაწყვეტს, ყველაფერი ისე იქნება. ზოგადად ვფიქრობ, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს პრემიერობის კანდიდატი, რომელსაც კარგად აქვს წარმოდგენილი ქვეყნის სწრაფი განვითარების შესაძლებლობები და ინოვაციური პროექტების დაგეგმის ხედვა აქვს.

თუ მოვლენები, თაკო ჩარკვიანის გაჟღერებული სცენარით განვითარდა, პასუხიმგებლობის აღება არ გაგიჭირდებათ?

რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობა იქნება პრემიერ-მინისტრობა, მაგრამ ცხოვრებაში პასუხისმგებლობას არასდროს  გავქცევივარ და ძალიან კარგად მაქვს წარმოდგენილი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ფარგლებში გაწერილია, რა არის ქვეყანაში გასაკეთებელი, რომ გაჭირვება დავამარცხოთ, სამუშაო ადგილები შევქმნათ და მუდმივ სიღარიბეში არ ვიყოთ. დანარჩენი გუნდის გადასაწყვეტია.

მოულოდნელი არ ყოფილა, პრემიერ-მინისტრობაზე თქვენი კანდიდატურის დასახელება?

ამაზე საუბრები ყოველთვის იყო, რომ გითხრათ, ისეთი რამ მოვისმინე, რაც ცხოვრებაში არ გამიგია-მეთქი, არ იქნება მართალი.

თქვენზე სულ ამბობენ, მაგარიაო, იუსტიციის სახლის მშენებლობაში დიდი წვლილი მიუძღვისო. პირველი რას გააკეთებთ პრემიერობის შემთხვევაში, რა გეგმები გაქვთ?

სამი პრიორიტეტი გვაქვს.

პირველი: ეს არის წარმოების განვითარება, გვჭირდება ინდუსტრიული პარკები,  რომ ათობით ათასი სამუშაო ადგილი შევქმნათ.
მეორე: ეს არის ახალი ტექნოლოგიები. ახალგაზრდა თაობა, რომელიც მაღალანაზღაურებად სამსახურს საქართველოშივე პოულობს ახალ ტექნოლოგიებში.
მესამე: ეს არის ქვეყანაში ტურიზმის სრულიად ახალ მასშტაბზე გადაყვანა. ოთხ წელიწადში შესაძლებელია, რომ საქართველოში ტურისტების რაოდენობა 25 მილიონზე ავიყვანოთ. არ ჩამოვლენ მხოლოდ იაფიანი ტურისტები. ეს იქნება მაღალშემოსავლიანი ტურიზმი, რომელიც საქართველოში დიდ ფინანსურ რესურსს დატოვებს. ყველა სოფელში უნდა მივიტანოთ ტურიზმის ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ არ გვქონდეს მარტო თბილისი, ბათუმი და ცოტა ქუთაისის ტურისტული ხაზი. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყანა ეკონომიკისთვის საშინელი საფრთხის შემცველია და ეს კორონავირუსმა დაგვანახა. ქვეყნის მთავარი პრობლემაა, რომ არ გვაქვს წარმოება, ჩვენ გვაქვს გეგმა, რომლის მიხედვით შევძლებთ რეგიონში ლიდერის ფუნქცია ავიღოთ.

 

P.S. გიორგი ვაშაძე  არ ამხელს ოპოზიცია პრემიერობის კანდიდატად კიდევ ვის კანდიდატურას განიხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები