LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამი შვილის დედა, რომელიც ულამაზესი საახალწლო სათამაშოების გასაკეთებლად ღამეებს ათენებს

3411
takomegrelidze20113

გაიცანით თაკო მეგრელიძე. ის სამი შვილის დედაა, დღისით თავისი დედობრივი მოვალეობების შესრულებით არის დაკავებული, საღამოს კი, როდესაც უმცროსი შვილი იძინებს, ულამაზეს საახალწლო მორთულობებზე და დეკორზე იწყებს მუშაობას. ის ძალიან კარგ და ძვირფას მასალას იყენებს, თუმცა მისი ნამუშევრების ფასი ხელმისაწვდომი გახლავთ. ჯერჯერობით თაკოს შეკვეთის გასაფორმებლად მის პირად გვერდზე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, თუმცა მალე თავისი ნამუშევრების სპეციალური გვერდიც ექნება სოციალურ ქსელში.

თაკო მეგრელიძე:

საახალწლო აქსესუარებზე მუშაობა დიდი ხნის წინ დავიწყე. ჯერ ჩემთვის გავაკეთე რამდენიმე, შემდეგ კინო რუსთაველში ვაბარებდი მაღაზიაში და ძალიან კარგად იყიდებოდა. ბავშვები რომ შემეძინა, გარკვეული პერიოდი თავი დავანებე ამ საქმიანობას.

2011-2012 წლებში ბეწვზე და ტყავზე ვმუშაობდი, ჩანთებზე, რომელთაც რესტავრირებას ვუკეთებდი. შემდეგ გადავედი სამკაულზე.

საახალწლო აქსესუარებზე ინტენსიურად სამი წელია, ვმუშაობ. დავიწყე ხატვა. მე და ჩემმა შვილმა პერსონალური გამოფენა გავმართეთ, რომელსაც საქველმოქმედო სახე მივეცით, შვიდშვილიან ოჯახს დავეხმარეთ. ორი წლის განმავლობაში ვმართავდით გამოფენას ზედიზედ – აქ იყო წარმოდგენილი ნაქსოვი აქსესუარები, ნახატები და საახალწლო დეკორაცია.

წელს უმუშევარი დავრჩი. მთელი ენერგიითა და შემართებით დავიწყე მუშაობა საახალწლო აქსესუარებზე და მხოლოდ ამაზე ვმუშაობ. გაცილებით ეფექტური და დახვეწილია და ჩემი ნამუშევრები ახლა ყველაზე მეტად მომწონს.

საახალწლო დეკორიდან კონკრეტულად რას ქმნით?

პატარა რომ მეყოლა, როცა დავდგი ნაძვის ხე, ორჯერ გადმოაგდო და ასე ვთქვათ, ემსხვერპლა მას. მოვიფიქრე ასეთი რამ, დავშალე ნაძვის ხე და გავაკეთე კედელზე. ის ძალიან პოპულარული გახდა და შეკვეთებიც მივიღე. პატარა ნაძვის ხეებზე ვმუშაობ, დეკორატიულზე, რომლებიც კონუსის ფორმის სანათებზე კეთდება და იფუთება ნატურალური მცენარეებითა და ქვებით. ასევე ვამზადებ ნაძვის ხის სათამაშოებსაც.

რას ითვალისწინებთ, როცა ნამუშევრებს ქმნით?

ინდივიდუალურად ვითვალისწინებ ყველაფერს და შეკვეთას გააჩნია, რა თქმა უნდა. თუ საჩუქრად სურთ, ვკითხულობ დაბადების დღის თარიღს და ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ქვებით გაწყობას ვთავაზობ. როცა მასალა მაქვს, კონცეფციას ვქმნი, ძირითადად, პასტელის ნაზ ფერებს ვიყენებ და ძალიან ლამაზი გამოდის.

თქვენთან ნივთების შეკვეთა როგორ შეიძლება?

ჩემი მეგობარი მეხმარება, რომ ჩემი ნამუშევრები პირადი გვერდიდან უკვე ოფიციალურ გვერდზე გადავიტანოთ და ხელმისაწვდომი იყოს უფრო ფართო საზოგადოებისთვის დასათვალიერებლად. ამჟამად ნამუშევრები ჩემს პირად გვერდზე დევს და შეკვეთაც იქ არის შესაძლებელი. აქამდე არ მქონია იმის დრო, რომ გვერდის შესაქმნელად მომეცალა, ამიტომაც მეხმარება მეგობარი. ვიცი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გვერდის ქონა, მაგრამ სამი შვილი მყავს, სახლში მაქვს სახელოსნო, არ მყავს დამხმარე და ცოტა რთულ პირობებში მიწევს მუშაობა, ღამეებს ვათენებ, რომ ნამუშევრები შევქმნა. ჩემს ახალ გვერდზე აიტვირთება ყველა ჩემი ნამუშევარი, ნახატებიდან დაწყებული, საახალწლო დეკორით დასრულებული. საჯარო პროფილი მაქვს და ბევრი ადამიანი მწერს ისედაც.

როგორი ფასები აქვს თქვენს ნამუშევრებს?

ფასები, ვფიქრობ, სრულიად მისაღებია. თანაც, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ძვირფასი მასალით ვმუშაობ. ყველამ შეიძლება თავისი გემოვნების შესაბამისად შეარჩიოს ნივთი. ფასდაკლებებსაც ხშირად ვაკეთებ და ვცდილობ, ადამიანებს ხელი შევუწყო, რომ მოწონებული ნივთი შეიძინონ.

თქვენი შვილები როგორ არიან ჩართული თქვენს საქმიანობაში?

სულ პატარა 4 წლისაა და მაქსიმალურად ცდილობს, ხელი არაფერს მოკიდოს, მაგრამ ძირითადად, მისი დაძინების შემდეგ ვმუშაობ. 15 წლისაა უფროსი და მეხმარება, როგორც შეუძლია.

მცირე ხნის წინ სოციალურ ქსელში ლაივი გავაკეთე და ყველას ვაჩვენე, როგორ და რა მასალით ვმუშაობ, რომ ადამიანებს შესაძლებლობა ჰქონოდათ, პირადად ენახათ მუშაობის პროცესი. ასევე მაქვს ახალი იდეა – თუკი ვინმეს ექნება სურვილი, რომ ნაძვის ხის აწყობაში და სათამაშოებით მორთვაში, ან საახალწლოდ დეკორის გაკეთებაში დამიხმაროს, ამასაც სიამოვნებით მოვკიდებდი ხელს.

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები