LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამორინეებსა და სიგარაბარებში თამბაქოს მოწევაზე დაშვებულ გამონაკლისზე შესაძლოა, ვადა დაწესდეს

101

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში სამორინეებისა და სიგარაბარებისთვის დაშვებულ გამონაკლისზე, შესაძლოა, ვადები დაწესდეს. ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა.

ზოიძის თქმით, კანონში ცვლილებების მომზადება იგეგმება, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად, შესაძლოა, სამორინეებისა და სიგარაბარების თემასაც მოიცავდეს.

„სამორინე და სიგარაბარებისთვის გამონაკლისი მოქმედებს. მიმაჩნია, რომ ეს კანონის სისუსტეა. გამონაკლისის დაშვებისას ითქვა, რომ ეს აჭარაში სტუმრების 70 პროცენტს ეხებოდა, სადაც სამორინეები და სასტუმროები შემოსავლის დიდი წყაროა. ახალი არგუმენტი ვერ მოვისმინე, რატომ არ უნდა დავუშვათ გამონაკლისი. დღეს გამონაკლისი უვადოა და წინადადებას განვიხილავთ, რომ გარკვეული ზღვარი დავაწესოთ, მოემზადოს ბიზნესი და მათ ვადა დავუწესოთ. ამ საკითხზე ვიმსჯელებთ,“ – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

დეპუტატის განმარტებით, მსგავსი რამ ბევრ ქვეყანაში მოხდა და მაგალითად მან ლას ვეგასი დაასახელა.

„ლას-ვეგასში თავიდან მოწევა აკრძალული არ იყო, მაგრამ კვლევამ გამოავლინა, რომ არამწეველთა რაოდენობამ კლიენტების რაოდენობას გადააჭარბა. ამასთან, „სათამაშო ბიზნესის ასოციაციის” წინადადება იყო, იგივე რეჟიმი ტოტალიზატორებსა და სლოტებზეც გავრცელდეს, რაც სამორინებზეა. ამის გაკეთება არ შეიძლება. ცალკე მდგომი სლოტ კლუბი მილიონ ლარს იხდის, სადაც მოწევა აკრძალულია, ხოლო კაზინოსთან არსებულ სლოტ კლუბში მოწევა დაშვებულია, რაც კონკურენციის თემაა. ეს ან უნდა აღმოვფხვრათ და გამონაკლისი მთლიანად უნდა ამოვიღოთ, ან უნდა დავუშვათ, რომ მოწევა ასეთივე სლოტ კლუბშიც იყოს,“ – განაცხადა დეპუტატმა.

აღნიშნულ თემაზე ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და განხილვა გაგრძელდება.

საქართველოში დახურულ სივრცეებში თამბაქოს მოწევა პირველ მაისს აიკრძალა. ამასთან, მოწევა ნებადართულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარსა და სამორინეში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები