LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამუშაო ადგილების შექმნა, საშუალო ხელფასის ზრდა და ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების მიცემა – „მესამე ძალის“ თბილისის მერობის კანდიდატის მთავარი გზავნილები

66
ტამარა (3)

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი კვირა დარჩა. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები აქტიურად ცდილობენ, ამომრჩეველი დაარწმუნონ, რომ არჩევნებზე მივიდნენ და ხმა სწორედ მათ სასარგებლოდ მისცენ. როგორც კანდიდატები ამბობენ, თვითმმართველობის არჩევნებს ორმაგი დატვირთვა აქვს.  “ფორტუნა” იწყებს მათთან ინტერვიუებს და ამჯერად, გთავაზობთ ინტერვიუს “მესამე ძალის” თბილისის მერობის კანდიდატთან – თამარ კეკენაძესთან.

 

ოპოზიციური პარტიების ნაწილი ამბობს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი, იმავდროულად თქვენ გიწევთ უშუალოდ დედაქალაქის საჭიროებებზე საუბარი – რა დატვირთვა აქვს ამ არჩევნებს და რა არის ახლა თქვენთვის მთავარი – საკუთარი გამარჯვებისთვის ბრძოლა თუ ხელისუფლების შეცვლისთვის ბრძოლა

– ჩემთვის მთავარია ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის ქართული ოცნების შეცვლისთვის, მესამე ძალის გამარჯვების მეშვეობით. ოქტომბრის მთავარი პოლიტიკური ამოცანაა, ვაიძულოთ ქართული ოცნება დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. თუმცა, ამავდროულად, როდესაც ამომრჩეველს მოვუწოდებთ მოვიდნენ არჩევნებზე და შეცვალონ ხელისუფლება, მათ უნდა იცოდნენ რას მოუტანთ ეს ცვლილება. სწორედ ამიტომ, “მესამე ძალის” გუნდი, პოლიტიკური კამპანიის პარალელურად, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, მოსახლეობას ვაცნობთ განვითარების კომპლექსურ და ინოვაციურ გეგმებს.

რას გულისხმობთ კომპლექსურ და ინოვაციურ გეგმებში

– წლების განმავლობაში იმდენი გადაუწყვეტელი პრობლემა დაგროვდა თბილისში, რომ მხოლოდ ცალკეული და ერთჯერადი ინიციატივები ამ საკითხებს ვერ მოაგვარებს. ჩვენი გეგმა ქალაგანვითარების ყველა მიმართულებას მოიცავს და ინიციატივებიც შემუშავებულია საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, რაც მეტწილად გულისხმობს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას

როგორ აპირებთ სხვა პარტიების, პირველ რიგში ოცნების კანდიდატთან პოლიტიკურ ბრძოლას, რა უპირატესობებია თქვენს მხარეს

– ახალი პოლიტიკური პლატფორმა – მესამე ძალა არის უნიკალური პოლიტიკური სუბიექტი ქართულ რელობაში. ჩვენს პლატფორმაში გაერთიანებულია პოლიტიკური ძალები, რომლებსაც აქვთ წლების გამოცდილება საქართველოს თავისუფლისთვის ბრძოლაში, მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი საქართველოს, როგორც თანამედროვე სახელმწიფოდ შექმნაში, ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მნიშნელოვანი გარღვევების მიღწევაში. ამავდროულად, მესამე ძალა, უკვე იქცა მიზიდულობის ცენტრად იმ ადამიანებისთვის, ვისაც წლებია სურვილი აქვთ, აქტიურად ჩაერთო თავისი სოფლისა თუ ქალაქის განვითარებაში, მაგრამ აქამდე თავს იკავებდა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებში ჩართულობისგან. სწორედ ეს სინთეზი არის ის გასაღები, რომელიც ყველაზე ეფექტური იქნება ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დასამარცხებლად.

თქვენი, როგორც მერობის კანდიდატის აზრი თბილისის პრობლემებზე – რა აწუხებთ ყველაზე მეტად დედაქალაქის მცხოვრებლებს

ორი მიმართულებით გამოვყოფ ძირითად პრობლემებს. 1. სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და 2. ცხოვრების უსაფრთხო და კომფორტული გარემოს არარსებობა.

– როგორ აპირებთ თითოეულის მოგვარებას, ერთია იმის თქმა, რა არის პრობლემა, მეორეა მისი მოგვარების გზები, რაც სხვა საკითხებთან ერთად დაკავშირებულია ფინანსებთან, საინტერესოა, მოგვარებისთვის საჭირო ფინანსები საიდან უნდა მოიზიდოთ ამაზე თუ გიფიქრიათ თუ არსებული ბიუჯეტიდან გამოათავისუფლებთ თანხებს.

– ჩვენი პროგრამის ყველა ინიციატივა მიმართულია იმისკენ, რომ შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, გავზარდოთ საშუალო ხელფასი და განვითარების ახალი შესაძლებლობები შევქმნათ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

კონკრეტული ინიციატივების ნაწილი:

 ყველა უბანი დედაქალაქის სახე – ყველა უბანი უნდა განვითარდეს თანაბრად და მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ საშუალება საკუთარი საცხოვრებლის მახლობლად შეძლონ ყველა ტიპის სერვისის მიღება, რისთვისაც ყველა უბანში შევქმნით ახალი ტიპის მუნიციპალურ სახლებს.

იმისათვის, რომ ბევრი მკვდარი უბანი გავაცოცხლოთ, ძველი საწარმოო ტერიტორიები, რომლებიც მრავლად არის თბილისის ბევრ უბანში, შეიძენს ახალ ეკონომიკურ ფუნქციას.

გვაქვს მეგა პროექტები, რომლებიც არამარტო სატრანსპორტო სივრცეს მოაწესრიგებს, არამედ დამატებით ეკონომიკური და ტურისტული დანიშნულება ექნება: განვავითარებთ ტროლეიბუსის ქსელს, შეიქმნება რუსთავი – თბილისი – მცხეთა ღია მეტროს ინფრასტრუქტურა, რკინიგზის სატვირთო კომპონენტს გადავიტანთ შემოვლით გზაზე. ყველა ეს პროექტი არის ამბიციური და დიდი ბიუჯეტით, თუმცა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით და კონკრეტული ინვესტიციების შემოტანით, აბსოლუტურად რეალურია განსახორციელებლად.

თბილისი უნდა გახდეს რეგიონის ცოდნისა და ტექნოლოგიების ცენტრი – ვგეგმავთ შევქმნათ მაღალანაზღაურებადი ტექნოლოგიური ცენტრი, სადაც განთავსდება შესაბამისი ინდუსტრიული ობიექტები, დაწესდება სპეციალური საგადასახადო და საბაჟო შეღავათები. ამავდროულად, ყოველწლიური გრანტები გამოიყოფა იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურთ ცოდნის და კვალიფიკაციის ამაღლება მაღალი ტექნოლოგიების მიმართულებით.

შევიმუშავეთ კონკრეტული ინიციატივების პაკეტი, ერთი მხრივ როგორ მოვუაროთ არსებულ მწვანე სივრეცეებს და ურბანულ ნარგავებს, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მეშვეობით როგორ შევქმნათ ახალი მწვანე სივრცეები და ამავდროულად, გადავჭრათ ჰაერის დაბინძურების პრობლემა.

რამდენად კარგად იცნობთ თქვენს კონკურენტებს და როგორია ამ ფონზე თქვენი შანსები

– კარგად ვიცნობ ყველა კანდიდატის როგორც პოლიტიკურ საქმიანობას, ასევე მათ პროგრამებს. ვაპირებ ვიბრძოლო ბოლომდე და შემდეგ უკვე თბილისელები გადაწყვეტენ, თუ როგორი მერი სჭირდება ქალაქს

როგორი მერი სჭირდება ქალაქს და მოსახლეობას?  რამდენად ახლოს არის თქვენი კანდიდატურა მათ საჭიროებებთან

თბილისს სჭირდება მერი, რომელსაც აქვს როგორც საერთაშორისო სტრუქტურებში, ასევე საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება. ესმის ადგილობრივი პრობლემები, აქვს ქალაქის განვითარების ხედვა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დამოუკიდებელია გადაწყვეტილებების მიღებისას, ვფიქრობ, საარჩევნო კამპანიის პროცესში შევძლებ დავარწმუნო თბილისელები, რომ არჩევის შემთხვევაში სწორედ ასეთი მერი ეყოლება ქალაქს ჩემი სახით.

რას ელოდებით უშუალოდ არჩევნების დღეს, როგორ წარიმართება თქვენი აზრით პროცესი, თუ გავითვალისწინებთ წინა არჩევნებს, მოსყიდვის, დაშინების მცდელობებს, რიგ შემთხვევაში – ფაქტებს, ახლა ამ მხრივ კიდევ უფრო ხომ არ გართულდება სიტუაცია

– „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, ყველა საარჩევნო კამპანია ძალიან მძიმედ მიმდინარეობს. მათი მხრიდან უსაფრთხოების სამსახურის და სხვა სახელმწიფო უწყებების გამოყენება ოპოზიციური პარტიების აქტივზე ზეწოლისთვის, საარჩევნო კამპანიის მუდმივ ნაწილად იქცა. ამ მხრივ არც ეს არჩევნებია გამონაკლისი. მესამე ძალის კანდიდატებიც და კომისიის წევრებიც მუდმივი წნეხის და ძალადობის ქვეშ ატარებენ კამპანიას. ჩვენ ყველა ასეთ შემთხვევაზე ვრეაგირებთ მყისიერად და დეტალურად ვაცნობთ როგორც საერთაშორისო დამკვირვებლებს, ასევე დიმპლომატიურ მისიებს საქართველოში.

თქვენი მთავარი გზავნილი თბილისში მცხოვრებლებს

– მოდით არჩევნებზე და გააკეთეთ არჩევანი თქვენი და თქვენი ოჯახის ღირსეული ცხოვრებითვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები