LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანამ რიგები ჯერ კიდევ არ არის: მართვის მოწმობის გამოცვლის მეორე ვადაც იწურება

ძველი მართვის მოწმობის გამოცვლის მეორე ვადაც იწურება  – 2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობის განახლება მძღოლებმა მარტის ბოლომდე უნდა მოახერხონ.

შეგახსენებთ, რომ ძველი მართვის მოწმობები ახალ წლამდე უნდა გამოცვლილიყო, მაგრამ დიდი რიგების გამო, ვადამ აპრილამდე  გადაიწია.

აღნიშნული ცვლილება არ ეხება თანამედროვე პლასტიკური ბარათების ტიპის მართვის მოწმობებს.

მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის იმედა მაკასარაშვილის თქმით, 117 000-ზე მეტი შესაცვლელი მართვის მოწმობიდან დაახლოებით ნახევარი განახლებულია.

როგორც იმედა მაკასარაშვილმა “ავტორადიოს” ეთერში განაცხადა, მომსახურების სააგენტოს არ აქვს მონაცემები, დარჩენილი 50 000-დან რამდენი იყენებს აქტიურად მართვის მოწმობას.

“გვაქვს მხოლოდ სტატისტიკა, თუმცა 50 000-დან რამდენია აქტიური ამის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. ზოგი შეიძლება წასულია საზღვარგარეთ, ზოგი გარდაცვლილი და ა.შ.”, – განაცხადა იმედა მაკასარაშვილმა.

როგორც მან „ავტორადიოს“ პირდაპირ ეთერში განმარტა, რომ ძველი მართვის მოწმობის გამოცვლა ევროკავშირის დირექტივისა და ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნა იყო.

„აუცილებელი გახდა, მართვის მოწმობაში აღნიშნული ყოფილიყო მოქმედების ვადა. 2014 წლის პირველ მარტამდე გაცემულ მართვის მოწმობებზე არ იყო მითითებული მოქმედების ვადა. ეს ვადა განსაზღვრა საგზაო მოძრაობის შესახებ კანონმა, რომელიც ძალაში შევიდა 2014 წლის 1 მარტს“, – განაცხადა მაკასარაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის, მომსახურების სააგენტოებში რიგები არ არის.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ 2018 წლის 1-ელ აპრილამდე არ შეცვალა მართვის მოწმობა, დოკუმენტი ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად და მოქალაქე ავტომობილის მართვას შეძლებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობას შეცვლის.

“იმ პირებს, რომლებიც გაუნახლებელ მართვის მოწმობას გამოიყენებენ, საპატრულო პოლიცია დააჯარიმებს მას, როგორც მართვის მოწმობის არ მქონეს”, – აღნიშნა მაკასარაშვილმა.

მეორე ეტაპია 2006 წლის შემდეგ გაცემული მართვის მოწმობები, (A და B კატეგორიის გარდა) ისინი 2018 წლის 1–ელ სექტემბრამდე უნდა შეიცვალოს. (მოქალაქეებს თადარიგის დაჭერა მათ შესაცვლელად უკვე შეუძლიათ). თუმცა, მისი განახლება ყველასთვის აუცილებელი არ არის.

“თუ პიროვნებას აქვს ამ კატეგორიის მართვის მოწმობა, თუმცა არ მართავს მსგავსი ტიპის ავტომობილს, (მიკროავტობუსს, სატვირთოს ან სხვა) სავალდებულო არ არის მისი შეცვლა”, – განაცხადა იმედა მაკასარაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მართვის მოწმობის შეცვლის მსურველები არც 2018 წლის 1-ლი აპრილის შემდეგ ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას და მისი განახლება მხოლოდ ჯანმრთელობის ცნობის საფუძველზეა შესაძლებელი.

განახლებისთვის მოქალაქეები, ბარათების დამზადების – 16 ლარს ჯანმრთელობის ცნობის საფასურს გადაიხდიან.

 

თამთა უთურგაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები