ვფიქრობთ, რომ ჩეხეთი იქნება ერთერთი პირველი ევროპული სახელმწიფო, ვისთანაც ძალიან სწრაფად აღვადგენთ ტურისტულ მიმოსვლას, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოში ჩეხეთის ელჩთან, პეტერ მიკისკასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო ორი ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა. ნათია თურნავას განცხადებით, ჩეხეთში საკმაოდ დიდია ინტერესი საქართველოს ტურისტული ბაზრის მიმართ.

„პანდემიამდე საკმაოდ მზარდი იყო ჩეხეთიდან ტურისტული ნაკადები. რაც მთავარია, ისინი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობდნენ. დღესაც ჩეხეთში მოთხოვნადია დივერსიფიცირებული ტურისტული პროდუქტები საქართველოდან. ჩეხეთის ელჩთან ვისაუბრეთ, რა ფორმალური პროცედურები იქნება კიდევ გასავლელი, რომ უსაფრთხოების ორმხრივი დერეფნის შექმნა დავაჩქაროთ,“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

თავის მხრივ, ჩეხეთის ელჩმა პეტერ მიკისკამ დადებითად შეაფასა ის ქმედებები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით გადადგა, რითაც საქართველოს გამოცდილება ბევრი ქვეყნისთვის გახდა სანიმუშო.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05