LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველო და აზერბაიჯანი რეგიონში ახორციელებენ დიდ პროექტებს, რომლებსაც დიდი სარგებელი მოაქვს” – კახა კალაძე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

25
1

საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები, სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები – ამ საკითხებზე აზერბაიჯანში ვიზიტით მყოფმა თბილისის მერმა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ისაუბრა.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კახა კალაძემ და ალი ასადოვმა გამოთქვეს კმაყოფილება თბილისსა და ბაქოს შორის დაძმობილების მემორანდუმის გაფორმების გამო, რაც მათი შეფასებით, კარგი შესაძლებლობაა, სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებისთვის:

“სასიამოვნოა, რომ დღეს ვიმყოფები აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში. აზერბაიჯანთან, ჩემი წინა თანამდებობიდან გამომდინარე, როდესაც ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, ხშირი კომუნიკაცია მქონდა, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტი განვახორციელეთ ერთიანი ძალისხმევით და ეს თანამშრომლობა მომავალშიც უნდა გავაგრძელოთ. გუშინ, თბილისისა და ბაქოს დაძმობილების ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს მოეწერა ხელი. ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობაა, თუმცა, ვფიქრობ, არსებობს დამატებითი რესურსი იმისა, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმავოთ, კიდევ უფრო დავაახლოვოთ ჩვენი ხალხი ერთმანეთს, გავმართოთ სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, როგორც თბილისში, ისე ბაქოში.” – თქვა დედაქალაქის მერმა.

შეხვედრაზე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას:

“აზერბაიჯანი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან. ამ თვალსაზრისით ორი სახელმწიფოს დედაქალაქების დაძმობილება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში.

საქართველო და აზერბაიჯანი რეგიონში დიდ პროექტებს ახორციელებენ, რომლებსაც დიდი სარგებელი მოაქვს, როგორც რეგიონისთვის, ასევე, უზრუნველყოფს ევროპის ენერგოუსაფრთხოებას. დღეს საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობები ყველა სფეროში მაღალ დონეზეა და ჩვენი მხრივ, წვლილს შევიტანთ ამ ურთიერთობების განვითარებაში. აქვე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დაგაბაროთ ჩემი გულწრფელი მოკითხვა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.” – განაცხადა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა.

ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კახა კალაძემ, დელეგაციის წევრებთან ერთად, აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის საფლავი და “შეჰიდების ხეივანში” მდებარე მარადიული ცეცხლის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

“ბაქო და თბილისი დღეიდან დაძმობილებული ქალაქებია” – კახა კალაძე აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები