რუსეთის ფედერაციამ ხელი მოაწერა კონტრაქტს შვეიცარიულ კომპანია SGS-სთან, რომელმაც „საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის ძირითადი პრინციპების მექანიზმის შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის 2011 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული მონიტორინგი უნდა განახორციელოს.

გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის ძირითადი პრინციპების მექანიზმის შესახებ 2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმების რეალიზაციის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურ საბჭოს შორის შეთანხმებას გაფორმდა. რუსეთის მხრიდან ორივე დოკუმენტს ხელი მოაწერა ფედერალური საბაჟო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ ბულავინმა.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, ამით რუსეთის ფედერაციამ დაასრულა პროცედურები, რომელიც საჭიროა საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის ძირითადი პრინციპების მექანიზმის შესახებ შეთანხმების პრაქტიკული რეალიზაციისთვის.

შეგახსენებთ, 2011 წლის 9 ნოემბერს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შვეიცარიის კონფედერაციის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მთავრობებმა დოკუმენტების პაკეტს მოაწერეს ხელი. პირველი საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ ორმხრივი შეთანხმებაა, მეორე – ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც შვეიცარიის, როგორც ნეიტრალური მესამე მხარის როლს განამტკიცებს. მესამე: სამივე მხარემ – საქართველომ, რუსეთმა და შვეიცარიამ გაცვალეს დოკუმენტები იმ საერთაშორისოდ აღიარებული ნეიტრალური კერძო კომპანიის მოქმედების პირობების განსაზღვრის მიზნით, რომელსაც მონიტორინგის განხორციელების მანდატს შვეიცარიის მთავრობა მიანიჭებს. საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმი ა) ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემას (EDES) და ბ) საერთშორისო ზედამხედველობის (IMS) სისტემას მოიცავს. ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემის საშუალებით, ნეიტრალური კერძო კომპანია ტვირთის სავაჭრო დერეფნებში შესვლამდე რისკის მართვის უზრუნველყოფის მიზნით, სასაქონლო დეკლარაციებიდან და ტვირთებზე წინასწარი ინფორმაციიდან შესაბამის მონაცემებს მოიპოვებს. ხელშემკვრელი მხარეები ნეიტრალურ კერძო კომპანიას სავაჭრო დერეფნებში შემავალი, ან დერეფნებიდან გამავალი ყველა საქონლის შესახებ შემდეგ მონაცემთა ერთობლიობას წარუდგენენ. EDES-ის ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება შვეიცარიის მიერ დაქირავებული ნეიტრალური კერძო კომპანიისთვის. მოგვიანებით შეირჩა შვეიცარიული კერძო კომპანია SGS, რომელმაც მონიტორინგი უნდა განახორციელოს. აღნიშნულ კომპანიასთან შესაბამისი კონტრაქტი საქართველომ გასული წლის ბოლოს გააფორმა.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05