LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო საუკეთესო ტურისტულ დანიშნულებად რომ იქცეს… რა ხიბლავთ ტურისტებს ყველაზე მეტად

241

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტი Welcome to Georgia რამდენიმე წელია ტარდება. დღეს „ფორტუნას“ სტუმარია პროექტის Co-Founder/Managing Partner მარინა ჩაიკა.

 

პირველ რიგში, მოგვიყევით პროექტის შესახებ…

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტი – ეს არის „ოსკარი“ ტურიზმის სფეროში, რომელსაც საქართველოში 2015 წლიდან ვატარებთ. წელს დაჯილდოება მეოთხედ იმართება და გამარჯვებულები ღია კონკურენციისა და შეჯიბრის შედეგად შეირჩევიან. გვყავს პროფესიონალური და მიუკერძოებელი ჟიურის წევრები. კონკურსი არის მოტივაცია ყველა მონაწილისთვის, რომ საქართველო საუკეთესო ტურისტულ დანიშნულებად იქცეს. მთლიანობაში 20 ნომინაცია გვაქვს და მონაწილეობას იღებენ – რესტორნები, სასტუმროები, პატარა ჰოსტელები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული აგენტები, ივენთები, ფესტივალები და საქართველოში ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მომუშავე სხვადასხვა კომპანიები.

საინტერესოა, გამარჯვებულების შერჩევისაას გაითვალისწინებთ თუ არა თავად მოგზაურების შეფასებებს?

დაჯილდოების პირველ ორ წელს ჩვენ გვქონდა ონლაინ ხმის მიცემა, რომელიც სწორედ მომხმარებლის პოზიციის დასადგენად იყო განკუთვნილი. წელს კი ვფიქრობთ შევქმნათ სპეციალური აპლიკაცია – Welcome To Georgia, რომელიც იქნება გარკვეული გიდი ვიზიტორებისთვის. აპლიკაცია ჩვენს მონაწილეებს საკუთარი თავის წარმოსაჩენად კიდევ ერთ შესაძლებლობას მისცემს. ჩვენ კი მისი საშუალებით რეალური მომხმარებლის შეფასებას მოვისმენთ. ბუნებრივია, პროექტის განხორციელებას გარკვეულ დრო სჭირდება, შესაბამისად მომავალ წელს შევძლებთ მის წარდგენას და ამუშავებას.

რა სიახლეებს უნდა ველოდოთ წლევანდელი დაჯილდოებიდან?

წინა წლის მსგავსად დაჯილდოების ცერემონია რუსთაველის თეატრში გაიმართება, თეატრის ატმოსფერო განსაკუთრებულობას მატებს ღონისძიებას, ცერემონია 3 დეკემბერს გაიმართება. სწორედ რუსთაველის თეატრის დახვეწილი, მრავალსაუკუნოვანი კულტურა და უნიკალური სტუმართმასპინძლობა იქნება გაერთიანებული Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეოთხე ცერემონიაზე, რათა ერთად აღვნიშნოთ საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის წარმატება!

ხოლო ღონისძიებათა სივრე „რესპუბლიკა“ წლევანდელი დაჯილდოების ცერემონიის After Party-ის ოფიციალური მასპინძელი იქნება. დაჯილდოების სხვა სიახლეებს კი სიურპრიზად დავტოვებ.

რომ შევაჯამოთ გასული წელი, კმაყოფილი ხართ პროექტის შედეგებით?

დიახ, ყოველ წელს სულ უფრო და უფრო მეტი მონაწილე გვყავს. რა თქმა უნდა, დაგვჭირდა გარკვეული დრო რათა ბაზარზე ჩვენი ადგილი მოგვეპოვებინა, რადგან ყველას არ სჯეროდა, რომ კონკურსი ნამდვილად ღია და სამართლიანი იყო. ყოველთვის არსებობს ვიღაც ვისაც არ მოსწონხარ, თუმცა მთლიანობაში Welcome To Georgia-ს შეფასებები ძალიან დადებითია. მჯერა, რომ გარდა დიდი მოტივაციისა,  პროექტი ხელს უწყობს მონაწილეებს განვითარდნენ. საქართველოს ბაზარს დღეისათვის 6-7 მილიონი ტურისტი ყავს, თუმცა საკითხავი ისაა, გვინდა კი ტურისტების იგივე ნაკადი თუ სხვა დონის მოგზაურების მოზიდვაც გვსურს, რასაც უდავოდ დიდი შრომა და სხვადასხვა მიმართულებების დახვეწა სჭირდება

სერვისის ხარისხი: როგორ შეაფასებდით სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურების დონეს?

საქართველო ძალიან მიყვარს, ეს ჩემი მეორე სამშობლოა, თუმცა ვაღიარებ, რომ მომსახურების სფეროსთან დაკავშირებული პრობლემა ნამდვილად არსებობს. თუმცა, ალბათ ეს პრობლემა არ არის, უფრო გამოწვევაა. ტურიზმის ინდუსტრია ძალიან კარგად ვიცით და ამიტომ ვცდილობთ ბაზარს განვითარებაში დავეხმაროთ. შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ საქართველოში არსებულ ობიექტებს გაუმჯობესება სურთ, რაც პროფესიულ გაზრდასა და სტანდარტებთან მისადაგებას გულისხმობს.

რომელი ფაქტორები აფერხებს საქართველოში ტურიზმის განვითარებას?

ტურისტის შემოყვანა ერთია, თუმცა დაბრუნდება თუ არა ეს ტურისტი მომავალშიც, ეს უკვე სხვა საკითხია. ბაზარი თვითანალიზის დახმარებით უნდა ვითარდებოდეს, უნდა სწავლობდეს მოგზაურთა კმაყოფილების დონეს. ასევე, როგორც უკვე ვახსენე, ციფრები ერთი საკითხია და დაინტერესებული ვიზიტორების დონე კი მეორე.ორიენტირებული უნდა ვიყოთ მაღალბიუჯეტიანი ვიზიტორების მოზიდვაზე და ამისთვის შესაბამისი პროდუქტები უნდა განვავითაროთ, სწორედ ასე ვუზრუნველვყოფთ ამ ინდუსტრიის მდგრად განვითარებას.

საქართველოს რომელი კუთხეა საუკეთესო საყვარელ ადამიანთან ერთად დასასვენებლად და რომელი – ბავშვებთან ერთად წასასვლელად?

ჩემთვის მთელი საქართველო ძალიან რომანტიკულია. მე მყავს ქალიშვილი, რომელთან ერთადაც, როგორც წესი, აჭარასა და კახეთში ვმოგზაურობ ხოლმე. უახლოეს მომავალში ვაპირებ წავიდე მესტიასა და რაჭაში. რაც შეეხება აჭარას, ალბათ, საქართველოში ყველაზე ცუდი სერვისი სწორედ ამ კუთხეშია. თუმცა, ბუნებრივია არის ბევრი კარგი ობიექტიც, რომელთა აღმოჩენაც ჩემთვის ნამდვილი სიურპრიზი იყო.

რა მოგწონთ საქართველოში ყველაზე მეტად?

სტუმართმოყვარეობა, ეს არის მთავარი თვისება, რომელიც ტურისტებს ყველაზე მეტად ხიბლავთ. როდესაც საქართველოში პირველად ჩამოვედი, მახსოვს ვტიროდი იმხელა გავლენა მოახდინა ჩემზე ქართულმა სტუმართმოყვარეობამ. ქართველების დამოკიდებულებისგამო საქართველოში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. თვითმფრინავი დაფრინდება თუ არა, სწორედ ეს გრძნობა მეუფლება. ასევე, დარწმუნებული ვარ საქართველოს აქვს ყველა პოტენციალი იმისთვის, რომ მეორე შვეიცარია გახდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები