ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოდან, ღვინის გარდა, ხილის წვენების, თაფლისა და თევზის ექსპორტიც შესაძლებელია, – ამის შესახებ ტოკიოში ვიზიტით მყოფმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა.

როგორც გიორგი ქობულია ამბობს, საქართველოში თევზის წარმოების გასაფართოებლად კონკრეტული გეგმა არსებობს.

„ჩვენ გვაქვს დიდი გეგმა, როგორ გავაფართოვოთ თევზის წარმოება საქართველოში, რადგან ჩვენ გვაქვს წყლის ძალიან დიდი ბუნებრივი რესურსი და ეს ხელს უწყობს უნიკალური პირობების შექმნას თევზის წარმოებისთვის. ჩვენ უკვე გვაქვს გაკეთებული ფერმები, მაგრამ აქ ვხედავთ ძალიან დიდ პერსპექტივას, რომ ექსპორტზეც გავიდეს პროდუქცია“, – განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს გიორგი ქობულიამ.

კითხვაზე – რამდენად რეალისტურია იაპონიაში ქართული ზღვის პროდუქტების ექსპორტი, მინისტრი ამბობს, რომ იაპონური თევზის ბაზრის სიდიდესთან ერთად, მოთხოვნაც მაღალია. ამ კონტექსტში მინისტრი კორეის მაგალითზეც საუბრობს.

„მაგალითად, მე ვიმყოფებოდი კორეაში, გასაკვირია, მაგრამ ძალიან დიდი მოთხოვნა არის ხილის წვენებზე. ელოდებიან ჩვენგან დელეგაციას, სპეციალური გამოფენა კეთდება სამხრეთ კორეაში, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ჩამოვიყვანოთ იმპორტიორები. ეს არის ზუსტად იმპორტისთვის გამიზნული კონფერენცია, სადაც ჩამოდიან პროფესიონალი შემსყიდველები კორეიდან. ჩადიან კომპანიები, რომლებიც სთავაზობენ ჩვენს პროდუქციას და ელოდებიან ჩვენს ღვინოს, სოფლის მეურნეობის პროდუქციას“, – აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

ხვალ ტოკიოში ბიზნესფორუმი გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის პრეზიდენტ იასუშუ აკაჰოშისთან ერთად გახსნის. ღონისძიებას 40-ზე მეტი ქართული და 130-ზე მეტი იაპონური კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. ასევე, ტოკიოში 7 მაისამდე ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“ გაიმართება.

მსგავსი თემები