LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ Facebook-ს ამირან გამყრელიძის ათობით ყალბი ანგარიში გააუქმებინა

198
Capture

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ Facebook-ს ამირან გამყრელიძის სახელით შექმნილი ათობით ყალბი ანგარიში გააუქმებინა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, აქტიურად მიმდინარეობს კვლევა საქართველოს სამედიცინო სფეროს სხვა წარმომადგენლების სახელით შექმნილ ყალბ ანგარიშებზეც. განცხადებაში ნათქვამია, რომ ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელს აღნიშნული პრობლემის შესახებ მიმართა, რასაც დროული რეაგირება მოჰყვა.

„ყალბი ახალი ამბების გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს სოციალურ ქსელ Facebook-თან. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში დაიწყო კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის სახელით, სოციალურ ქსელში შეიქმნა ათობით ყალბი ანგარიში, რომლის საშუალებითაც კონკრეტული ჯგუფები მიზანმიმართულად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას” – წერია განცხადებაში.

მსგავსი საკითხის შესახებ ისაუბრა დღეს ჟურნალისტებთან თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელმაც. მარინა ეზუგბაიას განმარტებით, მისი სახელით შექმნილია ყალბი ფეისბუქ გვერდები. ეზუგბაიამ მოსახლეობას მოუწოდა არ ენდონ მსგავს გვერდებზე გავრცელებულ განცხადებებს.

„მინდა, ერთი განცხადება გავაკეთო. მე არ მაქვს ფეისბუქი, ჩემი სახელით შექმნილია ყალბი ფეისბუქი. მასზე გამოქვეყნებული მოსაზრებების და ინფორმაციის ავტორი მე არ გახლავართ, ამიტომ არ მიაქციოთ ამას ყურადღება. სოციალური ქსელებით არ ვსარგებლობ, ყველა ეს ინფორმაცია არის ყალბი და ამას, როგორც ჩემი სახელით გამოქვეყნებულ მასალებს, ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ძალიან გთხოვთ“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.