LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ მოახერხა უნიკალური რამ, პირბადეების იმპორტიორიდან ექსპორტიორ ქვეყნად გარდაიქმნა – ნათია თურნავა

152
BeFunky-collage (6)

საქართველომ მოახერხა უნიკალური რამ, რაც ბევრმა დიდმა სახელმწიფომ ვერ შეძლო და პრაქტიკულად, სამი თვის განმავლობაში, როდესაც მთელი მსოფლიო პირბადეების დეფიციტს განიცდიდა, საქართველომ შეძლო და იმპორტიორიდან ექსპორტიორ ქვეყნად გარდაიქმნა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ კომპანია „მედიფარის“ პირბადეების საწარმოში სტუმრობისას განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საწარმომ ფუნქციონირება ცოტა ხნის წინ დაიწყო და დღეისათვის დღე-ღამეში დაახლოებით 100 000, ხოლო თვეში – 3 000 000 უმაღლესი ხარისხის, სამედიცინო დანიშნულების პირბადეს აწარმოებს, რომელთა გატანას უახლოეს ხანებში ექსპორტზე გეგმავს.

„მთლიანობაში, ყველაზე უხეში დათვლებით, პირბადეების წარმოების თვალსაზრისით, დღესდღეობით ქვეყნის საწარმოო სიმძლავრეები თვეში 10 მილიონ მაღალი ხარისხის პირბადეს აღემატება. ამ პროგრამის წარმატებაში, რა თქმა უნდა, საკუთარი წვლილი შეიტანა ჩვენს მიერ დაწყებულმა სოციალური პირბადეების პროგრამამ, რომელიც სახელმწიფომ ეპიდემიის პირველივე დღიდან განახორციელა და ათობით სხვადასხვა სამკერვალო ფაბრიკა ჩართო, სადაც ამ ეტაპზე ასობით ადამიანია დასაქმებული“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კომპანია „მედიფარმა“ საწარმოში ორ მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა.

„მედიფარის“ მიერ წარმოებული პროდუქცია უკვე აქტიურად იყიდება საქართველოს მასშტაბით, თუმცა კომპანია უახლოეს ხანებში პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს.

პირბადეების ექსპორტზე გატანის მიზნით, კომპანია ამჟამად უკვე აწარმოებს აქტიურ მოლაპარაკებებს ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა ისრაელი, რუსეთი, ბელგია, ავსტრია, იტალია და აშშ“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საწარმოში ამ ეტაპზე 30-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები