LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ფოსტამ ახალი საიუბილეო მარკა გამოსცა

138
IMG_2926

საქართველოს პირველი პრეზიდენტის და გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად, პრემიერ მინისტრის ინიციატივით, საქართველოს ფოსტამ გამოსცა საიუბილეო მარკა. მარკის ვიზუალში გამოყენებულია საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პირველი დროშა და პირველი პრეზიდენტის პორტრეტი, რომელიც ზვიად გამსახურდიას პირველი საავტორო წიგნის „საქართველოს სულიერი მისსია“-ს ყდაზე იყო დაბეჭდილი.

„მოხარული ვარ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა საქართველოს ფოსტის სახელით მიგვეღო მონაწილეობა ასეთი მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნაში. ზვიად გამსახურდია იყო დიდი ქართველი პოლიტიკოსი, დისიდენტი, მეცნიერი და მწერალი, რომელიც პოსტსაბჭოთა ეპოქაში საქართველოს პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი გახდა. ამ მარკის საშუალებით დანარჩენ მსოფლიოს ვამცნობთ ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვან თარიღს“ – განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

საიუბილეო მარკა დაიბეჭდა საფრანგეთში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალპოლიგრაფიულ სტამბა „Cartor Security Printing”-ში. მარკის დიზაინი შექმნა გიორგი ქართველიშვილმა, მისი ნომინალური ღირებულება შეადგენს 2 ლარს და პირველ ეტაპზე გამოიცემა 20 000-იანი ტირაჟით.

საფოსტო მარკა, ისევე როგორც დროშა და გერბი აღიარებულია ქვეყნის სიმბოლოთ. მარკის მეშვეობით ხდება ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლა, რადგან ამ პატარა ზომის ფურცელზე ასახულია ქვეყნის ღირშესანიშნაობები, გამოჩენილი პიროვნებები და მნიშვნელოვანი ფაქტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები