LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ქალაქებში ალილო თეატრალიზებული მსვლელობით აღნიშნეს (ფოტო)

279
1x

საქართველოს ქალაქებში ტრადიციული ალილო აღნიშნეს.

საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა ზუგდიდში. სასულიერო პირებმა მოქალაქეებთან ერთად ტრადიციული მსვლელობა ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან დაიწყეს და ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში დაასრულეს. აქ პარაკლისი ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა მალხაზ ჭანტურიამ აღავლინა. თეატრალური მსვლელობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ და მსვლელობის მონაწილეებს შობა მიულოცეს და საშობაო ნობათი გადასცეს.

 

 

შობა აღნიშნეს ქუთაისშიც, სადაც სადღესასწაულო მსვლელობა ქუთაისის მერიიდან დაიწყო. შობის მახარობლები ურმებითა და საშობაო საგალობლებით ქალაქის ქუჩებში გადაადგილდებოდნენ, ნობათს აგროვებდნენ და მართლმადიდებლებს ამ ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავდნენ. შეგროვებული საშობაო ნობათი სოციალურად დაუცველ ბავშვებს და მოხუცთა თავშესაფარს გადაეცემა. მოსახლეობას შობა ადგილობრივმა თვითმმართველობის წარმომადგენლებმაც მიულოცეს. მსვლელობის მონაწილეები და მოქალაქეები მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ დალოცა და დღესასწაული მიულოცა.

 

რაც შეეხება ფოთს, აქ ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებული მსვლელობა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიიდან დაიწყო და საკათედრო ტაძართან დასრულდა. მსვლელობის მონაწილეებმა ტკბილეული და სურსათ-სანოვაგე ააგროვეს. თეატრალურ მსვლელობას მოქალაქეების გარდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. შეგროვებული ნობათი სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემა. ფოთში საშობაო კონცერტიცაა დაგეგმილი, რომელიც დღეს 19:00 საათზე მთავარ ნაძვის ხესთან გაიმართება. მოეწყობა საახალწლო სოფელიც.

 

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ალილოს მონაწილეებმა საზეიმო მსვლელობა ბათუმის ქუჩებშიც მოაწყვეს. მსვლელობის მონაწილეები თავდაპირველად ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში შეიკრიბნენ, საიდანაც შობის მახარობლებთან ერთად ბათუმის სხვადასხვა ქუჩაზე გალობით ჩაიარეს. ალილოს მონაწილეებმა მოქალაქეებს დღესასწაულს მიულოცეს, თავის მხრივ კი მოქალაქეებმა ალილოს მონაწილეებს საჩუქრები გადასცეს. საზეიმო ღონისძიებას ადგილობრივი მთავრობის წევრებიც შეუერთდებიან. შეგროვებულ საჩუქრებს თავშესაფარში მყოფებს და სოციალურად დაუცველებს გადასცემენ.

 

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მსვლელობა ოზურგეთშიც გაიმართა. ალილოს მონაწილეებს მიტროპოლიტი მეუფე იოსები უძღვებოდა. მათ ქალაქის ცენტრალური ქუჩები შემოიარეს, ასრულდებნენ საშობაო საგალობლებს და მოქალაქეებს დღესასწაულს ულოცავდნენ. ოზურგეთის საკრებულომ, მერიამ და დრამატულმა თეატრმა ალილოს მონაწილეებს საჩუქრები გადასცეს, რომლებიც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს გადაუნაწილდებათ.

 

საშობაო ალილო მარნეულშიც აღინიშნა, სადაც სადღესასწაულო მსვლელობა დავით აღმაშენებლის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და მარნეულის მერიის შენობასთან დასრულდა. მეალილოებს წინ მარნეულის და ჯუჰაბის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი მიუძღოდა მგალობლებთან და ჩოხოსნებთან ერთად. მსვლელობის მონაწილეებმა სასულიერო პირებთან ერთად მთელი ქალაქი ფეხით მოიარეს. მერიის შენობასთან ალილოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც შეუაერთდნენ. მარნეულში ალილო მეშვიდე წელია აღინიშნება. როგორც ყველგან აქაც შეგროვილი ნობათი შეჭირვებულ ოჯახებს დაურიგდებათ.

 

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში საზეიმო მსვლელობა “ალილო” ყოველ წელს, კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 7 იანვარს იმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები