LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნომერ პირველი მუსიკალური გამომცემლობა SONY საავტორო უფლებათა ასოციაციის მოწვევით საქართველოშია

161
sony-atv

13 დეკემბერს, სასტუმრო ჰოლიდეი ინნ-ში მსოფლიოს უმსხვილესი მუსიკალური გამომცემლობა SONY/ATV-ის წარმომადგენელმა ანნა ლასკოვსკამ და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძემ ერთობლივ პრესკონფერენცია გამართეს.

პრესკონფერენციის თემა გახლდათ SONY/ATV-ის მიერ საქართველოს ბაზარზე პირდაპირ შემოსვლა და საავტორო უფლებათა ასოციაციასთან თანამშრომლობა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს დიდი მუსიკალური გამომცემლობები (SONY,  UNIVERSAL, WARNER) საქართველოს ბაზარს ფარავდნენ რუსეთის მეშვეობით. 2019 წლის ივნისში UNIVERSAL-მა საქართველო ამოიღო რუსეთის დაფარვის ზონიდან და პირდაპირი წარმომადგენლობის მეშვეობით გახდა საავტორო უფლებათა ასოციაციის წევრი. SONY-ს დაინტერესება წარმოადგენს მორიგ პრეცედენტს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში საავტორო უფლებების სფეროს მზარდ განვითარებას და მუსიკალური ბაზრის მზადყოფნას.

კახა ცაბაძე, კომპოზიტორი

SONY/ATV წარმაოდგენს მსოფლიოს უმსხვილეს მუსიკალურ გამომცემლობას, რომელიც ფლობს საავტორო უფლებებს 10 მილიონზე მეტ მუსიკლურ ნაწარმოებზე, რაც მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც აქტიურად გამოიყენება.

პრესკონფერენციას დაესწრებიან საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი, საავტორო უფლებათა ასოციაციის წევრები და მუსიკის სფეროს სხვა წარმომადგენლები. საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია SONY/ATV-ის საქართველოში საქმიანობის მიზნებზე და ამ საქმიანობის  შედეგებზე, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში საავტორო უფლებების სფეროს და ზოგადად მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებას.

პრესკონფერენციას, ჟურნალისტების გარდა, კომპოზიტორები და შემსრულებლები დაესწრნენ. „სონის“ წარმომადგენელმა ვრცლად ისაუბრა, როგორ ოპერირებს მათი კომპანია პოლონეთიდან აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში და გამოთქვა სიხარული საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით. მან დასძინა, რომ კონკრეტულად მათი მიმართულება ავტორების ინტერესებს წარმოადგენს.

პრესკონფერენციის ბოლოს ანნა ლასკოვსკამ „სონის“ სახელით საქართველოს საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციას 20 წლის იუბილე მიულოცა და ოქროს დისკი გადასცა საჩუქრად.

გიგა კობალაძე:

ყველაზე უფრო დიდი მუსიკალური გამომცემლობა საქართველოთი დაინტერესდა. თუნდაც ეს ფაქტი, რომ ჩვენ გვერდით არიან და ცდილობენ, დაგვეხმარონ მუსიკალური ბაზრის განვითარებაში, იმას ნიშნავს, რომ ეს სფერო მნიშვნელოვნად წაიწევს წინ. რაც ყველაზე მთავარია, დამკვიდრდება თამაშის ცივილიზებული წესები, რომლებსაც მთელი მსოფლიო პატივს სცემს და აღიარებს. და ჩვენც გავხდებით მსოფლიოს ნაწილი. აქეთ მივდივართ და ძალიან მალე ჩვენ უკვე ამას შევძლებთ.

დათო გომართელი:

რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთი აღიარებაა საქართველოსთვის და დიდი წარმატება. საავტორო უფლებების სფეროში შემოვიდა SONY/ATV, რომელმაც დადო ხელშეკრულება საქართველოს საავტორო ასოციაციასთან. წარმატებებს ვუსურვებ. ძალიან საინტერესო პრესკონფერენცია იყო, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრეს. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იქნება ისეთ მონსტრ კომპანიასთან, როგორიც „სონია“.

და რაც მთავარია, რუსეთისგან დამოუკიდებლად…

საქართველოს კანონმდებლობით, აკრძალულია ორი ერთნაირი ორგანიზაციის არსებობა, მაგრამ როგორც ვიცით, რუსეთი ძალისხმევას არ იშურებს, რომ საქართველოში ამ მხრივ დაიმკვიდროს ადგილი, თუნდაც უკანონოდ და ცდილობს მეორე მოთამაშედ შემოსვლას, მაგრამ როგორც ხედავთ, შემოვიდა „სონი“ და დადო ხელშეკრულება პირდაპირ საქართველოს საავტორო ასოციაციასთან.

ლაშა კერვალიძე, „თეატრალურის კვარტეტი“:

დავიწყოთ იქიდან, რომ ყოველთვის სასიამოვნოა უცხოური კომპანიის შემოსვლა საქართველოში, მით უმეტეს, როდესაც საუბარია ისეთ კომპანიაზე, როგორიც არის „სონი“. იმედი მაქვს, ქართული მუსიკის უფრო მეტი პოპულარიზაცია იქნება საზღვრებს გარეთ. გარდა ამისა, ვიმედოვნებ, რომ ჩვენც, მომიჯნავე უფლებების მქონე ადამიანებს, შემსრულებლებს, მოგვაქცევენ უფრო მეტ ყურადღებას. არ მეგულება ადამიანი, ვინც ამას უარყოფითად შეაფასებს.

ნინო მურღულია