LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში აგარაკები ძვირდება, ევროპაში კი იაფდება – აგარაკი მუდმივ საცხოვრებლად გადაიქცა

1375
წავკისი 1

უძრავი ქონების გაიაფების ევროპულ ტენდენციებს საქართველომდე ჯერ არ მოუღწევია და თუ აქამდე თბილისში გაყიდვების შემცირების მიუხედავად, ფასები არ იკლებდა, ახლა იგივე სიტუაცია სააგარაკე სახლებზეა. რადიო “ფორტუნამ” უცხოურ ვებგვერდებზე, მათ შორის, “ევრონიუსზე” რამდენიმე სტატიას გადახედა, სადაც საერთაშორისო საბროკერო კომპანიები უძრავი ქონების გაიაფებაზე წერენ. მთავარ მიზეზებად კი იმ ყოველდღიურ ხარჯებს ასახელებენ, რასაც უცხოელების ხელფასები ვეღარ ფარავს. შესაბამისად, მათ ბინების საყიდელი ფული აღარ რჩებათ. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ დავინტერესდით, მყიდველის მოთხოვნა თუ მზარდია, მაგრამ მას არ აქვს ბინის საყიდელი ფული, რატომ არ იაფდება ქალაქგარეთ სახლები, რომელი აგარაკებია ყველაზე მოთხოვნადი და რა ღირს 1 კვ/მეტრი მიწა თბილისის შემოგარენში, ამ თემებზე რადიო „ფორტუნა“ უძრავი ქონების სააგენტოებს დაუკავშირდა.

აღმოჩნდა, რომ მათი ნაწილი აგარაკებზე საერთოდ არ მუშაობს და მიიჩნევს, რომ უფრო მომგებიანი თბილისის შიგნით ბინების/მიწების ყიდვა-გაყიდვაა. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ დღეს სიტუაცია შეიცვალა და ქალაქგარეთ ბინებს მხოლოდ სააგარაკედ აღარ მიიჩნევენ, არამედ მუდმივ საცხოვრებელ ადგილად განიხილავენ.

უმსხვილესი საერთაშორისო უძრავი ქონების საბროკერო კომპანია „რემაქსის“ დირექტორი მარიამ ასათიანი „ფორტუნასთან“ საუბარში ამბობს, რომ ის ბაზარზე გაიაფების ტენდენციას ვერ ხედავს.

„გაიაფებული ნამდვილად არ არის. თუ სააგარაკე ბინებზე ვსაუბრობთ, პირიქით, ფასები უფრო იზრდება. ზუსტ პროცენტს ვერ გეტყვით, მაგრამ საქმე ისაა, რომ აგარაკებს უკვე განიხილავენ საცხოვრებლად და არა მხოლოდ დასასვენებლად. ეკოლოგიური ადგილები თბილისში ცოტაა, ამიტომ მოთხოვნა გაიზარდა თბილისთან ახლოს მდებარე სახლებზე. პროცენტულად ვერ გეტყვით, მაგრამ გაცილებით გაზრდილია მოთხოვნა ქალაქგარეთ საცხოვრებელ ფართებზე. ჩვენ მაგ. ახალ პროექტზე ვმუშაობთ – თბილისის ჰილსი, რომელიც კრწანისის ზემოთ მდებარეობს, ახლოს თბილისთან, განვითარებულია გოლფის ინფრასტრუქტურა, ირგვლივ იყიდება მიწები და სახლები. დანარჩენი ტრადიციულად ისევ მოთხოვნადია: წყნეთი, წავკისი, კიკეთი, კოჯორი და საგურამო.

რადიო „ფორტუნა“ ადგილობრივ კომპანიებსაც ესაუბრა, სადაც ადასტურებენ, რომ ინტერესი დიდია, მაგრამ ეს გაყიდვებზე არ აისახება.

როგორც  „ბროკერი. ჯის“ წარმომადგენელმა ეკა ინაშვილმა გვითხრა, კლიენტების მხრიდან აგარაკებზე დაინტერესება საკმაოდ დიდია, თუმცა ეს გაყიდვებზე პირდაპირ არ ასახულა.

„ვხედავთ, რომ არ იყიდება, მაგრამ ფასები არ მცირდება. ვისაც ძალიან ეჩქარება, ის ფასსაც აკლებს, მაგრამ ასეთი ძალიან ცოტაა. შესაბამისად, მთალიანობაში ვერ ვიტყვით, რომ ფასები ქვემოთ წამოვიდოდა. ჩვენც გვეგონა და ველოდებოდით გაიაფებას, მაგრამ ასე არ მოხდა. რაც შეეხება ფასებს, ზოგადად, თბილისთან ახლოს დიდი სხვაობა არაა. ყველაზე მოთხოვნადი ამ დროისთვის ოქროყანაა. თან სუფთა ჰაერია, თან თბილისის ცენტრთან ახლოს ხარ. აქ 1 კვდარტული მიწის ფასი 100-დან 200 დოლარამდეა. უკვე აშენებული სახლები, მაგ. ორსართულიანი საშუალოდ 250 კვ/მეტრზე გაშლილი+600 კვ. ეზო  მინიმუმ 250 ათასი დოლარი ღირს“, – აცხადებს „ბროკერი. ჯის“ წარმომადგენელი.

მისივე ინფორმაციით, წყნეთში ფასები კიდევ უფრო მაღალია და აქ 1 კვ/მ მიწა საშუალოდ 150 დოლარი ღირს. ფასები იმაზეა დამოკიდებული, ზუსტად რა ადგილასაა ის მიწის ნაკვეთი, რამდენად არის ახლოს კომუნიკაციები მიყვანილი და ა.შ.

Myclients.ge-ს წარმომადგენელი გვანცა გუჯელაშვილი კი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ მაისის მეორე კვირიდან მოთხოვნა წყნეთის და წავკისის მიმართულებით იზრდება, რაც მისი თქმით, სეზონური ფაქტორია.

გვანცა გუჯელაშვილი: „რომ გითხრათ, დღეში 100 ზარი შემოდის, ასეც არაა. მაგრამ ახლა უფრო რეკავენ და არის მოთხოვნა, ვიდრე ზამთარში. ადამიანები, რომლებიც არ ან ვერ იღებენ შვებულებას, ისინი საცხოვრებლად გადადიან აგარაკზე ოჯახებთან ერთად და სამსაუხრშიც მარტივად ჩამოდიან. ფასებზე შეიძლება ითქვას, რომ ცვლილება, ფაქტობრივად, არ ყოფილა. მესაკუთრეები ცდილობენ, რომ თავიანთ პოზიციაზე დარჩნენ და მაქსიმალური სარგებელი მიიღონ. ყველაზე ძვირადღირებული არის წავკისი და წყნეთი რჩება, სახლის ფასები კი თავად მის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. შეიძლება 500 კვ/მეტრ მიწაზე გაცილებით კარგი და კომფორტული სახლი იყოს, ვიდრე 1000 კვ-ზე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები