LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ერთ-ერთი დაბალია სტაციონარს გარეთ სიკვდილიანობა: რემდესივირი მალე იქნება

95
2099537135 (1)

„პიკს ველოდებოდით, სანამ მკაცრი შეზღუდვების ეტაპი დაიწყებოდა. ჩვენ შესული ვართ პიკში, ყოველდღიურად გვაქვს 3-დან 4 ათასამდე შემთხვევა. ეს პიკი რამდენ ხანს გაგრძელდება, დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის იმაზე, როგორ დავიცავთ იმ რეგულაციებს, რაც დაწესებულია. შესაძლებელია, იყოს კიდევ ზრდა, მაგრამ, დაახლოებით, ამ ფარგლებში უნდა ვიყოთ”, – საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა.

ამირან  გამყრელიძის თქმით,  ვითარება არის რთული, თუმცა მართვადი.

მან ქვეყანაში სიკვდილიანობის მაჩვენებელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში ერთ-ერთი დაბალია სტაციონარს გარეთ სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

გამყრელიძემ სტაციონარებში ადგილების რაოდენობაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა:

„შესაძლებელია, ზოგიერთ კლინიკაში, სადაც ავადმყოფი მიემართება, იმ მომენტში არ იყოს ადგილი. მესმის, არსებობს ხარვეზები სტაციონარიზაციაში, მაგრამ ვისაც სჭირდება სტაციონარი, ის სტაციონარში თავსდება”.

მან ასევე ისაუბრა პროტოკოლებზე და განაცხადა:

“ყველა პროტოკოლი და გაიდლაინი, რაც ქვეყანაში არსებობს, ეყრდნობა მტკიცებულებეს და არის საერთაშორისო პროტოკოლების ადაპტირება. ყველა ჩვენგანი ვართ ინდივიდი და შესაძლებელია, ექიმმა საკუთარი მოსაზრების საფუძველზე კორექტივა შეიტანოს, თუმცა, ძირითადად ექიმები ხელმძღვანელობენ დადგენილი პროტოკოლით”.

ბოლოს კი ყურადღება გაამახვილა “რემდისივირით” მკურნალობაზე და აღნიშნა:

“როგორც მე ვიცი, ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან და “რემდესივირი” სულ მალე უნდა იყოს ქვეყანაში გამოსაყენებლად, მაგრამ დაიმახსოვრეთ, ეს არ არის ყოველდღიური მოხმარების მედიკამენტი და ის ექიმის დანიშნულებით გამოიყენება”.