ევროკავშირის მიერ დადგენილი ჰაერის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების შესრულებასთან დაკავშირებით 15 ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ეფექტიანობის აუდიტი ჩატარდა.ერთობლივი ანგარიში ევროპის უმაღლესი აუდიტორული გაერთიანების (EUROSAI) ეგიდით მომზადდა.

ანგარიშში წერია, რომ საქართველოში ჰაერის ხარისხი ევროკავშირის მიერ დაწესებულ ნორმებთან შესაბამისობაში არ არის.ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო თბილისში ტრანსპორტი და მშენებლობაა.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ავტომობილების სავალდებულო შემოწმების სახელმწიფო კონტროლის სისტემა და მექანიზმები გაძლიერებას საჭიროებს. მატი თქმით, 2016 წელს შესამოწმებელი სატრანსპორტო საშუალებების 76 პროცენტმა ვერ გაიარა ტექდათვალიერება. მუნიციპალური მიკროავტობუსების, დაახლოებით, 40 პროცენტმა ვერ გაიარა ტექდათვალიერება.

რაც შეეხება მუნიციპალურ ავტობუსებს, 68 პროცენტმა ვერ შეძლო პროცედურების გავლა მათი ხანდაზმულობის და შიდა წვის სისტემების სიძველის გამო.

გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის გარემოს დაცვის სამინისტროს მხრიდან მეტი კოორდინაცია და ზედამხედველობაა საჭირო. ერთიანი აუდიტის დოკუმენტში წერია, რომ გარემოს დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმა 2012-2016 წლებში სრულად არ განხორციელებულა. 2017−2021 წლების გეგმა ფორმალურად არ არის დამტკიცებული, ხოლო მასში გაწერილი ზომები არ განხორციელებულა.

ერთობლივი აუდიტის ანგარიშს სოფლის მეურნეობის სამინისტროში იცნობენ. რეკომენდაციები მათთვისაც გაცემულია და ნახევარზე მეტი უწყებას უკვე შესრულებული აქვს. მათი შეფასებით, მთავარ გამოწვევად მოძველებული ავტოპარკი და სამშენებლო სტანდარტები რჩება.

მსგავსი თემები