LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კომპანიები დასაქმებულთა შემცირებას აღარ გეგმავენ

47
75250842-2534132076915168-5518099726211219456-n

BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში, საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრები და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიები აფიქსირებენ მომდევნო სამი თვის განმავლობაში დასაქმების სავარაუდო ცვლილების მოლოდინს. ინფორმაციას საქართველოს ბიზნესასოციაცია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, BAG-ის დასაქმების ბარომეტრი, რომელიც სწორედ ამ მოლოდინებს აჯამებს, მიმდინარე კვარტალში გაუმჯობესდა და 27.4 ქულა შეადგინა.

„აღნიშნული მაჩვენებელი აღემატება არამარტო გასულ, 2021 წლის პირველ კვარტალში და 2020 წლის განმავლობაში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს, არამედ პანდემიის დაწყებამდე არსებულ დონესაც (2019 წლის IV კვ.). დასაქმების ბარომეტრის ასეთი ზრდა განპირობებულია დასაქმებასთან დაკავშირებული ნეგატიური მოლოდინის მკვეთრი შემცირებით – 2021 წლის მესამე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის შემცირების მოლოდინი გამოკითხულთა მხოლოდ 3.9%-ს აქვს. კვლევის ფარგლებში, BAG-ის წევრი კომპანიები იყოფა ოთხ სექტორად: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა.

მიმდინარე კვლევაში დასაქმებულთა რაოდენობის ცვლილების დადებითი მოლოდინი დაფიქსირდა ოთხივე სექტორში, თუმცა ყველაზე პოზიტიური მოლოდინი მომსახურებისა და მრეწველობის სექტორებშია. ასევე აღსანიშნავია მშენებლობის სექტორი, სადაც გასულ პერიოდებში დასაქმებულთა რაოდენობის კლების შემდეგ, არც ერთი გამოკითხული კომპანია აღარ გეგმავს დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებას.

დასაქმების ბარომეტრი BAG ინდექსის შემადგენელი ნაწილია, რომელიც საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების მოსაზრებებს აჯამებს. კვლევის შედეგები ყოველ კვარტალში ქვეყნდება და საზოგადოებას აცნობს ბიზნესწრეებში არსებულ განწყობასა და მოლოდინს“,-აღნიშნულია საქართველოს ბიზნესასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

BAG ინდექსის კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები