LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში პანდემიამ ციფრული უთანასწორობა გააღრმავა – რა წერია განათლების სტრატეგიის დოკუმენტში

66
BeFunky-collage

2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია და ამავე სტრატეგიის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა. დოკუმენტში, სიტუაციური ანალიზის ჩატარების შედეგად გამოვლენილი პრობლემებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, განსაზღვრულია სამი ძირითადი სექტორულ-პრიორიტეტული მიმართულება:

1. საზოგადოებისა და სახელმწიფოს საჭიროებებზე ორიენტირებული ხარისხიანი და მდგრადი განათლებისა და მეცნიერების სისტემის უზრუნველყოფა;

2. თანასწორი, ინკლუზიური და მრავალფეროვანი განათლებისა და მეცნიერების სისტემის უზრუნველყოფა;

3. განათლებისა და მეცნიერების სისტემის მართვისა და ანგარიშვალდებულების სისტემის უზრუნველყოფა.

დოკუმენტში ცალკე საკითხად არის გამოყოფილი კოვიდ 19-ით გამოწვეული პანდემია და მასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც უმეტესად ციფრული ტრანსფორმაციის ტემპთან არის დაკავშირებული.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ განათლებისა და მეცნიერების სექტორმა მყისიერად უპასუხა პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს, პანდემიამ გააღრმავა ციფრული უთანასწორობა.

აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ შეეხო ქალაქებიდან მოშორებით მდებარე სკოლებს და დაბალი სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობის მქონე პირებს, სსსმ და შშმ პირებს, მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე თავშესაფრის მაძიებლებს, ლტოლვილებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს.

როგორც სტრატეგიაშია აღნიშნული, 2020 წლის მარტში, მოსწავლეთა 10%-ს ხელი არ მიუწვდებოდა ინტერნეტსა და შესაბამის მოწყობილობაზე სახლის პირობებში. მათ შორის, დიდ წილად სოფლად მცხოვრებ მოსწავლეებს არ ჰქონდათ შესაბამისი მოწყობილობები და არ მიუწვდებოდათ ხელი ინტერნეტზე.

„საშუალოდ, ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი მერყეობს 40%-იდან 70%-მდე, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ეს დონე 15%-ია, უმეტესად, მაღალმთიან და სასოფლო დასახლებებში. მონაცემების მიხედვით, პანდემიამდე ქალაქის სკოლების მოსწავლეების 82%-ს ჰქონდა ინტერნეტზე წვდომა და ასევე ფლობდნენ კომპიუტერებს, ხოლო რეგიონში და სოფლად მცხოვრები მოსწავლეებისთვის ეს მაჩვენებელი 70%-ს შეადგენდა“, – წერია სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში.

ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა მნიშვნელოვანი განსხვავებები სასწავლო პროცესში ციფრული რესურსების გამოყენების, ასევე მასწავლებლების ციფრული კომპეტენციების ფლობის მიმართულებით.

“კერძოდ, კერძო სკოლების, თბილისის და ქართულენოვანი სკოლების მასწავლებლები გაცილებით აქტიურად იყენებენ ინფორმაციულ-ციფრულ ტექნოლოგიებს სასწავლო პროცესში და უკეთ აქვთ განვითარებული ციფრული კომპეტენციები, ვიდრე მათი კოლეგები, რომლებიც დასაქმებული არიან საჯარო, რეგიონში მდებარე თუ არაქართულენოვან სკოლებში“, – წერია დოკუმენტში.

პოპულალურები