LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში სამთო ტურიზმის განვითარება იწყება

03A5DC4A-7A2F-47C1-95AA-7A4DFE16D15B_cx0_cy10_cw0_w1023_r1_s

საქართველოში სამთო ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარებაზე პროექტს ხელი მოეწერა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ევროპული პროექტის “მწვანე ეკონომიკა: მდგრადი მთის ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა (GRETA)“ დასაწყებად, რომელიც საქართველოში სამთო ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარებას ისახავს მიზნად. ხელშეკრულება მთის საერთაშორისო დღეს გაფორმდა.

სამინისტროს განცხადებით, ერთობლივი პროექტი 4 წლიანია, 2019 წელს დაიწყება და ზემო სვანეთის, რაჭალეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და იმერეთის განვითარებას შეუწყობს ხელს.

სამთო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით პროექტი ითვალისწინებს ადგილობრივი მიმწოდებლებისთვის ტურისტული სერვისების მიწოდების ეროვნული ხარისხის სტანდარტებისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებას. შემუშავებული სტანდარტების საფუძველზე სასტუმროებისა და სამთო/სამოგზაურო გიდების სერტიფიცირებას.

ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების ფარგლებში, პროქტი ითვალისწინებს საქართველოს ორგანული სოფლის მეურნეობის კანონმდებლობის ჰარმონიზებას ევროკავშირის ორგანულ სოფლის მეურნეობის კანონმდებლობასთან, შიდა კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებას, ორგანული სოფლის მეურნეობით დაკავებული ან დაინტერესებული ფერმერული კოოპერატივების გაძლიერებას.

შეთანხმება ხელს შეუწყობს ევროკავშირის და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ბიზნესისთვის სამართლებრივი გარემოს გაუმჯობესება, დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობა და ინოვაციური ბიზნეს მოდელების შემუშავება..

პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები