ეკონომიკის მინისტრი საქართველოს საავიაციო სექტორის წარმომადგენლებს მადლობას უხდის. ნათია თურნავას თქმით, “ტავ ჯორჯიამ“ და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ძალზე ოპერატიულად შეძლეს თერმოკამერების დამონტაჟება მგზავრთა თერმოსკრინინგის ჩასატარებლად თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში.

“მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორს, მის თითოეულ წარმომადგენელს, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, სამუშაო ადგილებზე იმყოფებოდნენ და ასრულებდნენ ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანეს საქმეს. ასევე თანამშრომელთა გუნდს, რომლებიც დისტანციურად უძღვებოდნენ თავის საქმიანობას. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსმა მოულოდნელი გამოწვევების წინაშე დააყენა საავიაციო სექტორი, მასში შემავალმა თითოეულმა ორგანიზაციამ მაქსიმალურად სწრაფად შეძლო მთავრობის მიერ დადგენილი რეკომენდაციების დანერგვა და ამით თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ვირუსის გავრცელების პრევენციის საქმეში. ამით საქართველო ერთერთი პირველი ქვეყანა გახდა არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, რომელმაც დაუყოვნებლივი და ჯანდაცვის უწყებებთან კოორდინირებული ზომები მიიღო საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის თვალსაზრისით, რათა დროულად მომხდარიყო დაავადების გავრცელების პრევენცია ქვეყანაში“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე განმარტებით, რეგულარული მიმოსვლის შეზღუდვის პარალელურად, საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დაინიშნა და უკვე განხორციელდა ორმოცდაათამდე სარეპატრიაციო ფრენა, ასევე შეუფერხებლად სრულდება სატვირთო და ჰუმანიტარული რეისები, ტექნიკური დაშვებები, უცხო სახელმწიფოების სარეპატრიაციო ფრენები.

როგორც ნათია თურნავა ამბობს, აღნიშნული რეისების დაგეგმვის და ტექნიკური განხორციელების კუთხით ეფექტურად, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, საქაერონავიგაცია, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ავიაკომპანიები, აეროპორტები, მიწისზედა მომსახურების საწარმოები, საწვავგამმართველები, და სხვა ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალი. ფრენები სრულდება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების სრული დაცვით.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები