„მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, COVID-19-ის გავრცელების შედეგად განვითარებულმა მოვლენებმა, ცხადყო, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სოციალურ-ეკონომიკური და შრომითი უფლებების რეგულირებისა და რეალიზების განსაკუთრებული აუცილებლობა და საჭიროება.

საქართველო ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იყო დამოკიდებული ტურიზმზე. ყველაზე დიდი ზიანი სწორედ ტურიზმის სექტორმა მიიღო, სადაც დასაქმებული იყო 44 ათასი ადამიანი. მათი უდიდესი ნაწილი უმუშევარი დარჩა. უმუშევრად დარჩა ვაჭრობის სექტორში დასაქმებული 100 ათასამდე მოქალაქე“, – ამის შესახებ საუბარია მანიფესტში, რომელსაც საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება აქვეყნებს.

მანიფესტის მიხედვითვე, შემოსავლის გარეშე აღმოჩნდა ტრანსპორტის სფეროში დასაქმებულთა დიდი ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებს შეუნარჩუნდათ ხელფასი, მიკროავტობუსების და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები, რომელთა შემოსავალიც ყოველდღიურ გამომუშავებაზე იყო დამოკიდებული, ანაზღაურების გარეშე დარჩნენ. ანალოგიური მდგომარეობაა ტაქსების შემთხვევაშიც, სადაც მძღოლები პლატფორმაზე (აპლიკაციაზე) არიან დამოკიდებული და მათი შემოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდა ან შეწყდა.

სამუშაო დაკარგა არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა უმეტესობამ, მათ შორის ზრუნვის ეკონომიკაში დასაქმებულმა,-ძიძებმა, რეპეტიტორებმა, დამლაგებლებმა, მომვლელებმა, რომელთა საერთო რაოდენობა 40 ათასამდეა. ეს არის დასაქმებულთა ის ნაწილი, ვისი უფლებებიც კრიზისის დაწყებამდე ყველაზე ნაკლებად იყო დაცული და რომელთა უდიდეს ნაწილს ქალები შეადგენენ.

„თვალსაჩინოა, რომ ქვეყანა მძიმე ეკონომიკური კრიზისის საფრთხის წინაშე დგას, რაც მნიშვნელოვან წილად განაპირობა შემდეგმა ფაქტორებმა:

1.მიუხედავად საქართველოს პროფესიული კავშირების არაერთგზის მოთხოვნისა აქამდე არ ყოფილა ადგილობრივი წარმოება წახალისებული;

2.დღემდე არ არსებობს შრომით ურთიერთობებში შრომითი უფლებების განხორციელებაზე ზედამხედველი ეფექტური სახელმწიფო ორგანო;

3.არ მიმდინარეობს უმუშევრად დარჩენილი პირების აღრიცხვა, მათი დაცვის მინიმალური სტანდარტების განხორციელების მიზნით.

4.ფაქტობრივად არ არსებობს მინიმალური ხელფასი ,რომელიც კერძო სექტორში დასაქმებულებს დღემდე 1999წ. დადგენილ ნიშნულზე ამყოფებს.

5.ამ ფონზე მნიშვნელოვანია საქართველომ გაატაროს ყველაზომა, რათა დასაქმება და სამუშაო ადგილების შექმნა გახდეს ქვეყნის ძირითადი პრიორიტეტი“, – წერია მანიფესტში, რომელსაც საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება აქვეყნებს.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05