LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ვიზიტით მყოფი კონგრესმენები სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ

41
1

საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლები სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზს ეწვივნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სუს-ის პირველმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა და სამსახურის წარმომადგენლებმა, კონგრესმენებს დეტალურად გააცნეს ოკუპაციის შედეგად ადგილზე არსებული მძიმე ვითარება.

“ამერიკელ კონგრესმენებს გავაცანით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ოძისის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების გარემო. აღნიშნული ვიზიტი, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამერიკელი პარტნიორების, კერძოდ აშშ-ის კონგრესის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.” – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი საბედაშვილმა.

როგორც სუს-ში აცხადებენ, ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ წარმოებულ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე. საუბარი ასევე შეეხო ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციას და ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებებს:

“ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, როგორც რუსეთის საოკუპაციო ძალებისთვის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ საქართველო არ არის მარტო და საქართველოს პარტნიორები მტკიცედ დგანან საქართველოს გვერდში, როგორც სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით, ასევე კონკრეტული საკითების მოგვარების კუთხით უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ სფეროებში,.” – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ.

კონგრესმენებმა საოკუპაციო ხაზზე პირადად დასწრებისა და ადგილზე ოკუპაციის შესახებ ინფორმაციის მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრეს:

“მნიშვნელოვანია აქ ჩამოსვლა და რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული ოკუპაციის საკუთარი თვალით ხილვა. აქ ვიზიტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. მივესალმები ჩვენს მოწვევას. ჩემი აზრით მნიშვნელოვანია აქ ჩამოსვლა და არსებული ვითარების საკუთარი თვალით ნახვა. ერთია წაიკითხო ამის შესახებ და მეორეა, ჩამოხვიდე და იხილო თუ როგორ გამოიყურება საოკუპაციო ზონა.” – აღნიშნა კონგრესმენმა ბრაიან სტილმა.

კონგრესმენ ალექს მუნის თქმით, მნიშვნელოვანია რუსეთს გააგებინონ, რომ ისინი ყურადღებას აქცევენ ოკუპაციის საკითხს და ღრმად არიან შეშფოთებულები იმ აგრესიით, რომელიც ადგილზე ხვდებათ:

“მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია აქ არსებული ვითარების – ოკუპაციის ნახვა და მნიშვნელოვანია გავაგებინოთ რუსეთს, რომ ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ამ საკითხს და ღრმად ვართ შეშფოთებულები იმ აგრესიით, რომელსაც აქ აქვს ადგილი. აქ სულ აშშ-ის ხუთი კონგრესმენი ვიმყოფებით იმის გამოსახატავად, რომ ჩვენ ვზრუნავთ საქართველოზე და მხარს ვუჭერთ მას.” – თქვა მან.

“ერთია მოისმინო ამის შესახებ, მაგრამ მეორეა საკუთარი თვალით იხილო და უშუალოდ მოისმინო რუსეთის საქართველოში შემოჭრის საკითხის მნიშვნელობისა და მასშტაბის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის შესახებ. უაღრესად მნიშვნელოვანია რომ აქ ჩამოხვიდე და თავად იხილო ყოველივე.” – განაცხადა კონგრესმენმა კელი არმსტრონგმა.

კონგრესმენ როლანდ ესტესის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია ერთობლივად მუშაობა:

“ვფიქრობ მნიშვნელოვანია ჩვენი აქ ყოფნა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დანახვა. მნიშვნელოვანია ვნახოთ რა ხდება იმ ქვეყანაში, რომელთანაც მეგობრობა გვაკავშირებს, ასევე მნიშვნელოვანია ერთობლივად მუშაობა.” – განაცხადა ესტეტსმა.

კონგრესმენებმა საქართველო-აშშ-ის მეგობრობაზე და აშშ-ის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერაზე გაამახვილეს ყურადღება.

“აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ქართველების უფლებას, იყვნენ საკუთარ ქვეყანაში. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ვართ საქართველოს, მისი მთავრობისა და დემოკრატიის მეგობარი ქვეყანა.” – თქვა კონგრესის წარმომადგენელმა კეროლ მილერმა.

შეგახსენებთ, საქართველოს აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან კონგრესმენები ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი).