საქსტატის უახლესი კალკულაციის მიხედვით, ხუთსულიანი ოჯახის ოფიციალური თვიური საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი 361 ლარი და 20 თეთრია.

სტატისტიკოსების გათვლებით, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 321 ლარს, სამსულიანის – 288 ლარს, ორი ადამიანისგან შემდგარი ოჯახის ყოველთვიური საარსებო მინიმუმი კი, თვეში 256 ლარს შეადგენს.

საქსტატის მონაცემებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი თვეში 181.2 ლარია. წინა თვესთან შედარებით, ეს მონაცემი 2.1 ლარით გაიზარდა. წინა წლის იმავე პერიოდში საარსებო მინიმუმი საქსტატმა 176.9 ლარით განსაზღვრა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური განმარტავს:

“2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად. 2004 წლამდე საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლების გაანგარიშებას ახორციელებდა სხვა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. აღნიშნული მეთოდოლოგიური ცვლილებით აიხსნება 2004 წლამდე და 2004 წლის შემდგომი პერიოდისათვის გაანგარიშებულ მონაცემებს შორის სხვაობა.”

მსგავსი თემები