LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სასწავლო დაწესებულებების გახსნის მოწინააღმდეგეები და თვითონ განათლების სისტემის წარმომადგენლების ნაწილიც, ემზადებიან ნიშანი მოუგონ გახსნის მომხრეებს” – მაია ბუწაშვილი

260
მაია-ბუწაშვილი-1

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო დაწესებულებების გახსნას, სოციალურ ქსელში აღნიშნულ თემაზე მორიგ პოსტს აქვეყნებს.

როგორც ბუწაშვილი წერს, დღესდღეობით ბევრი მშობელი წუხს იმასთან დაკავშირებით, რომ სკოლები არ არის სათანადოდ მზად გახსნისთვის, გამოსავალს კი ისევ ონლაინ სწავლებაში ხედავენ.

ინფექციონისტი ხაზს უსვამს, რომ ეს სწორი გამოსავალი არ არის.

“შევედი განათლების სამინისტროს ვებ-გვერდზე იმის სანახავად, რა რეგულაციებს გვთავაზობენ სასწავლო დაწესებულებების გახსნასთან დაკავშირებით.
იმის მაგივრად, რომ სიახლეები იწყებოდეს ამ ტიპის დოკუმენტით (არა მგონია იმაზე მნიშვნელოვანი რამე ხდებოდეს ამჟამად განათლების სისტემაში, ვიდრე სკოლების გახსნაა), პირველ სიახლედ გვხვდება:
„მიხეილ ჩხენკელმა ევროპის უნივერსიტეტში საქართველოს კონსტიტუციის სახელობის დარბაზი გახსნა“
იმედს არ ვკარგავდი და მეგონა მეორე სიახლე მაინც იქნებოდა, მაგრამ მეორე უმნიშვნელოვანეს სიახლედ დამხვდა “მიხეილ ჩხენკელმა ესტონეთის ელჩთან განათლების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი ერთობლივი პროექტები განიხილა”.
როდესაც აღმოჩნდა, რომ პირველ გვერდზე გამოტანილ სიახლეებში საერთოდ არ არის სკოლების გახსნა ნახსენები, არქივში დავიწყე ძებნა, და იანვრის არქივში მეხუთე ამბად ძლივს გადავაწყდი, რომ სკოლებს გახსნისთვის სრული მზადყოფნა აქვთ.
რაც შეეხება რაიმე სახის ოფიციალურ დოკუმენტს, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი რეგულაციები და რომელიც დაგვარწმუნებს, რომ განათლების სისტემა მართლაც მზად არის, ვერსად ვიპოვე. ბოდიშს ვიხდი, თუ ასეთი დოკუმენტი სადმე არსებობს, მაგრამ ჩემი დაუღალავი ძიებით თუ ვერ ვიპოვე, არა მგონია მშობლებმა ძებნის ამოცანა უფრო წარმატებით შეასრულონ.
უამრავი ასეთი რეგულაცია არსებობს ოფიციალურ საიტებზე და მხოლოდ თარგმნა და მცირედი ადაპტაციაა საჭირო. ოღონდ, ცხადია, მარტო დოკუმენტად არ უნდა რჩებოდეს და რეალურად განხორციელებადი იყოს. ერთი წელი ძალიან დიდი დროა იმისთვის, რომ ეს საკითხი მოგვარებულიყო (სწორედ ერთი წელია გასული, რაც ფაქტიურად დაკეტილია სკოლები).
ბევრი მშობელი სამართლიანად წუხს იმის გამო, რომ სკოლები არ არის სათანადოდ მზად გახსნისთვის და ბავშვების სკოლაში გაშვების ეშინია, მაგრამ იმის მაგიერ, რომ სწორედ ამ მზადყოფნას დაუღალავად მოითხოვდნენ, გამოსავალს სწავლის ისევ ონლაინ რეჟიმში გაგრძელებაში ხედავენ (ანუ ბავშვები ისევ სრულიად არაადექვეტურ გარემოში დარჩნენ). ეს არ არის სწორი გამოსავალი.
პანდემიის დაწყებიდან მობილობის შემცირების ყველაზე მარტივ გამოსავლად რატომღაც ყველას სასწავლო დაწესებულებების დახურვა მიაჩნია.
ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ სასწავლო დაწესებულებების გახსნის მოწინააღმდეგეები და თვითონ განათლების სისტემის წარმომადგენლების ნაწილიც ემზადებიან ნიშანი მოუგონ გახსნის მომხრეებს, აგერ ბატონო, გავხსენით სკოლები, გავრცელდა ვირუსი და მერე ისევ სწრაფად მიკეტონ, როგორც ეს ძალიან ეადვილებათ.”-წერს მაია ბუწაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები