სასარგებლო პროდუქტის ნუსხა, რომლებიც ხალისიან განწყობასაც შეგიქმნიან და ჯანმრთელობასაც შეგინარჩუნებენ

ზამთრის სეზონს მოთენთილობა და ნაღვლიანი განწყობა ახასიათებს, რასაც კიდევ უფრო ამძიმებს მუდამ ღრუბლიანი ცა, უამინდობა და აუტანელი სუსხი. ბევრი უხასიათობას გემრიელი საკვაბით ებრძვის და განწყობის გაუმჯობესების სანაცვლოდ, ისედაც დასუსტებულ ორგანიზმს აყენებს ზიანს. გთავაზობთ, იმ სასარგებლო პროდუქტის ნუსხას, რომლებიც ხალისიან განწყობასაც შეგიქმნიან და ჯანმრთელობასაც შეგინარჩუნებენ.

თევზი – ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავით და ვიტამინ В6-ით მდიდარი ქაშაყი, სკუმბრია და ორაგული, უხასიათობის საუკეთესო წამლია, რადგან დიდი რაოდენობით შეიცავს „ბედნიერების ჰორმონს“ – სეროტონინს. მიირთვით თევზის კერძები კვირაში სამჯერ და ზამთრის სეზონიც შეუმჩნევლად ჩაივლის.

ხილი და ბოსტნეული – ჭარხალს და ბადრიჯანს, სტაფილოს და ბულგარული წიწაკას, მანდარინს, ფორთოხალს და ხურმას – ანუ ხილს და ბოსტნეულს „კაშკაშა ფერებში“ განწყობის გაუმჯობესების ჯადოსნური თვისება აქვს, რადგან ჭარბად შეიცავს ბიოფლავონოიდებს, რომელიც ტვინში სისხლის მიმოქცევას და ჟანგბადის მიწოდებას აუმჯობესებს.

ქათმის ბულიონი – შესაძლოა ბევრმა არ იცის, მაგრამ სწორედ ქათმის ბულიონია დეპრესიის „მკურნალი“, რადგან ტრიპტოფანის ამინომჟავები, რომელთაც ქათმის ხორცი შეიცავს, ორგანიზმში სეროტონინად გარდაიქმნება და ნერვულ აშლილობასაც სწრაფად ამშვიდებს.

ფერადი კომბოსტო – В-ჯგუფის ვიტამინებით მდიდარი ფერადი კომბოსტო ორგანიზმში ადრენალინის გამომუშავებას უწყობს ხელს, რომლის სიმცირე ქრონიკულ დაღლილობას და  განწყობის გაუარესებას იწვევს.

ბანანი – კარგად ნაცნობ სეროტონინთან და ვიტამინ В6-თან ერთად, ბანანი დიდი ოდენობით შეიცავს ეიფორიის გამომწვევ ალკალოიდებს. ასე რომ, თუ ქრონიკულ უგუნებობას ან დღლილობას უჩივით, აუცილებლად მიირთვით ბანანი.

თხილი – თევზის მსგავსად, თხილიც მდიდარია ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავებით, რომელიც ტვინის უჯრედების გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს და ეფექტურად ებრძვის დეპრესიის სიმპტომებს. ამასთანავე, თხილი სასარგებლო მინერალს სელენიუმს შეიცავს, რომელიც პოზიტიური განწყობის შესანარჩუნებლადაა აუცილებელი.

შავი შოკოლადი – სტრესთან „მებრძოლ“ მაგნიუმთან ერთად, კაკაოს მარცვლები  ფენილეტილამინს შეიცავს, რომელიც ორგანიზმში კიდევ ერთი შყვარებულების ჰორმონად წოდებული ენდორფინის გამომუშავებას ეხმარება. მეცნიერების მტკიცებით, სწორედ შეყვარებულები არიან ყველაზე ბედნიერები, რომელთაც გარშემოყოფთათვისაც ყოველთვის სიხარული მოაქვთ.

 

ყველი – ამონომჟავების: ტირამინის, ტრიპტამინის და ფენილეტილამინის შემცველი ყველი, ნებისმიერს დაეხმარება უგუნებობის დაძლევასა და კარგი განწყობის შენარჩუნებაში.

კვერცხი – თუ საუზმეზე სისტემატურად მიირთმევთ კაროტინით, В-ჯგუფის და А, Е, D ვიტამინებით მდიდარ კვერცხს, არც ზამთრის სუსხი გემუქრებათ, არც დეპრესია.

შვრიის და წიწიბურას ფაფა – შაქრის დონის მარეგულირებელი ნახშირწყლების გარდა, შვრია და წიწიბურა ტრიფტოფანის ამინომჟავებითაა მდიდარი, რომელიც ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონად გარდაიქმნება.

პოზიტიური განწყობის ცნობილი „მტრები“

ალკოჰოლი და მატონიზირებელი სასმელი – ალკოჰოლი და კოფეინი, რომელსაც მატონიზირებელი ენერგეტიკული სასმელი შეიცავს, მხოლოდ დროებით აუმჯობესებს განწყობას, სამაგიეროდ დიდი ხნით ზრდის შაქრის დონეს სისხლში.

 

ჩაი და ყავა – მართალია, ჩაი და ყავა სასარგებლო პროდუქტის რიცხვს მიეკუთვნება, მაგრამ მათი ჭარბად მირთმევა უძილობას და განწყობის გაუარესებას იწვევს.

 

ტკბილეული – უგემრიელესი ტკბილეული, რომლის გარეშე ბევრს ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, სინამდვილეში ძალიან მავნებელია, რადგან შაქრის დონის მომატებით, ქრონიკული დაღლილობის მიზეზი ხდება.

 

უცხიმო პროდუქტი – მართალია, დიეტის მოყვარულები ინტენსიურად მოიხმარენ ცხიმგაცლილ პროდუქტს, თუმცა ამგვარი საკვები ხშირად დეპრესიის მთავარი მიზეზი ხდება.

 

თამბაქო – ალკოჰოლისა და ყავის მსგავსად, თამბაქოც გამოფიტვას, ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ვიტამინების და მინერალების დეფიციტს იწვევს, რომელთა ნაკლებობა სწორედ განწყობაზე აისახება ნეგატიურად.

 

 

 

 

ტეგები: ზამთარი რჩევები სწორი კვება ჯანმრთელობა ჯანსაღი ცხოვრების წესი

მსგავსი თემები