LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავალუტო ფონდი ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას რეფორმების განხორციელებაში

82

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ მმართველი დირექტორის მოადგილეს ტაო ჟანგს შეხვდა.

მხარეებმა მიმოიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის” პროგრამის მიმდინარეობა, 2018 წლის ფისკალური მაჩვენებლები; ისაუბრეს ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობისა და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმების შესახებ. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ შესრულებულია პროგრამით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი.

სამინისტროს ინფორმაციით, სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის ძირითადი პრინციპებია გათვალისწინებული 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრების შემუშავებისას, რაც გულისხმობს მიმდინარე ხარჯების ზრდის შეზღუდვას, საბიუჯეტო დეფიციტის ეტაპობრივ შემცირებას და არსებული რესურსის მიმართვას ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.

ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პარტნიორობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა,რომ ნაყოფიერი იქნება სსფ-ის მისიის შეხვედრები, რომელიც თბილისში ოქტომბერში შედგება. თავის მხრივ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი კვლავ ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას რეფორმების განხორციელების პროცესში, რომელთა მიზანია მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები