LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავიზო ჯგუფის შეხვედრაზე საქართველოს საკითხი შვედეთმა და ისლანდიამ დააყენეს – ნატალია საბანიძე

197

ევროკავშირში საქართველოს ელჩის, ნატალია საბანიძის, ინფორმაციით, ევროკავშირის საბჭოს სავიზო ჯგუფის გუშინდელ შეხვედრაზე საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის საგრძნობი ზრდის შესახებ საკითხი შვედეთმა და ისლანდიამ დააყენეს.

ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

როგორც  საბანაძე აცხადებს, თავად ის განხილვას არ დასწრებია, ვინაიდან ეს იყო ევროკავშირის/შენგენის წევრი სახელმწიფოების შეხვედრა, რომელიც მესამე ქვეყნებისთვის გახსნილი არ არის.

„რამდენადაც ვიცი, საქართველოსთან მიმართებაში განსაკუთრებით შემაშფოთებელი ეს განხილვა არ იყო. იყო ორი ქვეყანა, რომელმაც დააყენა საკითხი, რომ თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობა საქართველოდან საგრძნობლად გაიზარდა. ეს ქვეყნებია შვედეთი და ისლანდია,“ – განაცხადა საბანაძემ.

მიუხედავად ამისა, მისი ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზე საუბარი ჯერჯერობით არ არის.

ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში მოქმედმა სავიზო ჯგუფმა გუშინ განიხილა ევროკომისიის პირველი ანგარიში შეჩერების მექანიზმის ფარგლებში, რომელიც დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის დაწესებულ უვიზო მიმოსვლას შეეხებოდა.

რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვეს ორი ქვეყნის – საქართველოსა და ალბანეთის გამო. ამასთან, ევროკავშირის არც ერთ ქვეყანას არ მოუთხოვია საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება, თუმცა ამ საკითხის განხილვა წინასწარ გაფრთხილებად უნდა ჩაითვალოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები