LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სესხის გაცემა გართულდა – რა შეზღუდვებს გულისხმობს იანვრიდან ამოქმედებული რეგულაციები

1985
IMG_FSSB_Need-a-Loan- v2 757x277

საქართველოს საფინანსო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობისა და ჯანსაღი დაკრედიტების წახალისებისთვის პირველი იანვრიდან ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის დებულება ამოქმედდა, რაც ეროვნული ბანკის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს და მოქალაქეებს ჭარბვალიანობისგან დაიცავს.

რეგულაციები ვრცელდება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ, ყველა სესხის გამცემ ორგანიზაციაზე.

სესხის გამცემ ორგანიზაციებს მოუწევთ, შეაფასონ მსესხებლის გადახდისუნარიანობა და ფიზიკურ პირზე, იმაზე მეტი სესხი არ გასცენ, რისი გადახდის რეალური შესაძლებლობაც მსესხებელს არ აქვს. ამასთან, მსესხებელს სესხის აღების პროცესში თუ საკმარისი შემოსავალი არ ექნება, შეუძლია თანამსესხებელი ჰყავდეს, თუმცა, ის მხოლოდ მისი საოჯახო მეურნეობის წევრი უნდა იყოს.

თუ გაგაჩნიათ საკმარისი შემოსავალი, თანამსესხებელი არ გჭირდებათ. თუმცა, თუ თქვენი შემოსავალი არასაკმარისია, მაშინ შეგიძლიათ თანამსესხებელად გამოიყენოთ საოჯახო მეურნეობის წევრი, რომელსაც აქვს შემოსავალი. ამ შემთხვევაში, სესხის მომსახურების კოეფიციენტში ამ თანამსესხებლის შემოსავალიც გაითვალისწინება,“ – აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამოქმედებული დებულება თავდებობასაც აწესრიგებს და 1-ლი იანვრიდან, არა მხოლოდ მსესხებლის, არამედ მისი თავდები პირის შემოსავლების შემოწმებაც სავალდებულო გახდა. ამით იზღუდება და იკრძალება სესხის გამცემის მიერ თავდებად ისეთი პირის გამოყენება, ვისაც სესხის მომსახურების საკმარისი შემოსავლები არ გააჩნია.

სესხის გამცემს შეუძლია მსესხებელთან ერთად, დამატებით ფიზიკური პირის თავდებობის გამოყენება, მაგრამ მხოლოდ იმ თანხის ფარგლებში, რისი მომსახურების რესურსიც აქვს თავდებს ამ დებულების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ თავდები პირი წარმოადგენს მსესხებელი იურიდიული პირის მმართველი ორგანოს წევრს/პარტნიორს/აქციონერს ან მათი საოჯახო მეურნეობის წევრს, თავდების მიერ საკრედიტო კოეფიციენტების დაკმაყოფილება სავალდებულო არ არის,“ – ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.

დებულებით, დგინდება ერთიანი ჭერი იმაზე, თუ რა ხანგრძლივობის შეიძლება იყოს ამა თუ იმ ტიპის სესხი. მაგალითად:

  • იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად 15 წელი
  • სატრანსპორტო სესხის ვადად 6 წელი
  • უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის ვადად 10 წელი
  • სხვა ნებისმიერი ტიპის სესხის მაქსიმალურ ვადად 4 წელი განისაზღვრა.

ამასთან, განისაზღვრა სესხის მომსახურების კოეფიციენტებიც.

კერძოდ, 1 000 ან უფრო ნაკლები ყოველთვიური შემოსავლის შემთხვევაში, ჰეჯირებული მსესხებლებისთვის სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 35% უნდა იყოს, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ ყოველთვიური შემოსავალი გაქვთ 1 000 ლარი, ყოველთვიური დასაფარი თანხა 350 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 1 000-დან 2 000 ლარამდე შემოსავალზე 45% უნდა იყოს; 2 000-4 000 ლარის შემოსავლის შემთხვევაში – 55%; 4 000 და უფრო მაღალი შემოსავლის შემთხვევაში, სესხის მაქსიმალური კოეფიციენტი 60%-ით განისაზღვრა.

სესხის გამცემი ორგანო ვალდებულია, მსესხებლის გადახდისუნარიანობის ანალიზი გააკეთოს. ამის გარეშე, უძრავი ქონების უზრუნველყოფით სესხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელს/თანამსესხებელს საკუთრებაში აქვს ერთზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება და სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთული არ არის ის ქონება, რომელშიც მსესხებელი ცხოვრობს.

უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში მსესხებლის/თანამსესხებლის შემოსავლების მიღების ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს მინიმუმ, ბოლო 6 თვით. ხოლო სხვა ნებისმიერი ტიპის სესხის შემთხვევაში, მსესხებლის/თანამსესხებლის შემოსავლების მიღების ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს მინიმუმ ბოლო 3 თვით, სავაჭრო/სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული პირის შეთხვევაში კი, მინიმუმ, ბოლო 6 თვით.

ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის გართულებასთან დაკავშირებით „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე რადიო „ფორტუნასთან“ საუბრობს და აცხადებს, რომ ახალი წესი, რომელიც პასუხისმგებლიან დაკრედიტებას გულისხმობს, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის პრობლემები, რაც ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით იქმნებოდა, სწორედ იმით იყო გამოწვეული, რომ გარკვეული საკრედიტო ინსტიტუტები, ძირითადად, ონლაინ სესხის გამცემი კომპანიები, სათანადოდ არ სწავლობდნენ მსესხებლის ფინანსურ შესაძლებლობებს და ისე გასცემდნენ სესხებს.

„ცვლილების შემდეგ, ყველა სესხის გამცემი ინსტიტუტი ვალდებულია, დაემორჩილოს ამ რეგულაციას და არ გასცეს სესხი ისეთ მსესხებლებზე, ვისი საკრედიტო ისტორიაც ვერ აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს,“ – განმარტავს გიორგი კეპულაძე.

“საზოგადოება და ბანკების” ხელმძღვანელი რეგულაციის უარყოფით მხარეზე საუბრობს და აცხადებს, რომ ცვლილება თვითდასაქმებულ ადამიანებს, სესხზე წვდომას უზღუდავს, რადგან მათ შემოსავლის დამადასტურებელი საბუთი არ გააჩნიათ.

მისივე თქმით, პრობლემა წარმოიშვება სხვადასხვა ტიპის სესხის გაცემასთან დაკავშირებითაც, რაც საერთო ჯამში, განსაკუთრებით სამომხმარებლო კუთხით, სასესხო პორტფელის შემცირებას გამოიწვევს.

„ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის შეიძლება საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდეს, რადგან საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი, საყოფაცხოვრებო ნივთებს, მათ შორის, უძრავ ქონებას სესხების საშუალებით ყიდულობს. ეროვნულ ბანკში აღიარებენ, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ეს ცვლილებები ეკონომიკური ზრდის შენელებას დაახლოებით 1%-ით გამოიწვევს, რაც საქართველოსთვის, საკმაოდ დიდი რიცხვია და არ არის სასურველი, რომ ეკონომიკური ზრდა შემცირდეს,“ – აცხადებს “საზოგადოება და ბანკების” ხელმძღვანელი.

გიორგი კეპულაძე ცვლილებას სკეპტიკურად აფასებს: როდესაც ადამიანები საკუთარ მდგომარეობას სესხის სახით ვერ გაიუმჯობესებენ, ეს საბოლოო ჯამში მტკივნეული აღმოჩნდება ეკონომიკის სხვადასხვა დარგებისთვის, რამაც საბოლოო ჯამში მთლიან ეკონომიკაზე შეიძლება, გადაცემის ეფექტით იმოქმედოს.

„თუ ბანკი ვერ გასცემს სესხს, შემდეგ ტექნიკის მაღაზია ვერ ყიდის ტექნიკას, ასევე მშენებელი ვერ ყიდის ბინას, ამით ეკონომიკის ეს დარგები ავტომატურად მცირდება, რაც ბიზნესზეც უარყოფითად აისახება,“ – განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

რადიო „ფორტუნა“ „ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის“ ვიცე პრეზიდენტს პაატა ბაირახტარსაც ესაუბრა. ვიცე პრეზიდენტი ცვლილებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ თავიდან ეს რეგულაცია ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას იქონიებს, მაგრამ საბოლოო ჯამში დადებითი ეფექტი ექნება.

„ვისაც აქვს 500 ლარი ხელფასი, ის 100 000 ლარიან კრედიტს ვეღარ აიღებს, რადგან დაწესდა ლიმიტი, რომელიც ხელფასიდან გამომდინარე განსაზღვრავს, გასაცემი კრედიტის რაოდენობას და კრედიტის გადასახდელ ვადას,“ – განაცხადა პაატა ბაირახტარმა.

მისივე თქმით, თუკი  საქართველოს აქვს სურვილი, რომ ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების რიგს შეუერთდეს, მაშინ ეს ცვლილება აუცილებელია.

რა გავლენას იქონიებს რეგულაცია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე? – ამ კითხვით რადიო “ფორტუნამ” მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მიმართა. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ბერმელი” ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

ცვლილებას, კრედიტზე ლიმიტის დაწესებასთან დაკავშირებით, მოქალაქეები ეხმიანებიან. მათი უმეტესობა რეგულაციას დადებითად აფასებს, თუმცა ზოგიერთი მათგანი ფიქრობს, რომ სურვილების განხორციელებაში ხელი შეეშლება.

თინათინ დემეტრაძე: კარგია რომ ეს ცვლილება ამოქმედდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება ჩემზეც ახდენდეს უარყოფით გავლენას, ვფიქრობ, რომ კრედიტის გაცემამდე უნდა ხდებოდეს დაზუსტება, შეძლებს თუ არა ადამიანი იმ თანხის დაფარვას, რისი აღების სურვილიც აქვს, რადგან შემდეგ არცერთი მხარე არ დაზარალდეს.

ლანა ღოღობერიძე: მე პირადად არ მომწონს ეს ცვლილება, რადგან ფიქსირებულ ხელფასთან ერთად, დამატებით ვღებულობ ფულს, ადრე ამ ყველაფერს სიტყვიერად ვაფიქსირებდი ბანკში და პრობლემა არ მქონდა. ახლა ეს ყველაფერი თუ უნდა გადამოწმდეს, არ იქნება კარგი, რადგან სასურველი თანხის ოდენობის აღებას ვეღარ შევძლებ.

ნინი გოგილაშვილი:  ჩემი აზრით, ეფექტური რეგულაციაა. ერთის მხრივ, თუ პირად საჭიროებებზე ვსაუბრობთ და მჭირდება დიდი თანხა, რომელსაც არ მომცემს ბანკი, ჩემი დაბალი ხელფასის გამო, ხელი შემეშლება და ვერ განვახორციელებ პირად მიზნებს მაგრამ, რეალურად ეს რეგულაცია გეხმარება, აიღო იმ რაოდენობის სესხი, რისი გადახდის საშუალებაც გაქვს.

ერთ-ერთი მოქალაქის აზრით კი, ხელფასის ოდენობა უნდა განსაზღვრავდეს გასაცემი სესხის რაოდენობას. მისი შეფასებით, გამოცდილებამაც აჩვენა, რომ ჭარბვალიანობის ძირითადი მიზეზი არის ყოველგვარი რეგულაციების გარეშე გაცემული სესხები.

ნანი ჯიქია: არ ვეთანხმები აღნიშნულ ცვლილებას, რადგან ადამიანს შეიძლება ჰქონდეს საშუალება, რომ გადაიხადოს ის თანხა, რასაც კრედიტის სახით იღებს და იმის გამო, რომ მას დაბალი ხელფასი აქვს ფიქსირებული, არ უნდა ეზღუდებოდეს დიდი თანხის სესხად აღება. მე მაგალითად, ფიქსირებული ხელფასი საერთოდ არ მაქვს და გამოდის, რომ პირადად ჩემზე ეს ცვლილებები უარყოფითად აისახება.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მსესხებლის გადახდისუნარიანობის შემოწმების აუცილებლობა, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება.

ანალოგიური ტიპის რეგულაცია ბოლო პერიოდში ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დაინერგა (მაგალითად: უნგრეთშიშვედეთშიდანიაშილიეტუვაშიჩეხეთში, ესტონეთში და სხვა).

დებულება და მასთან დაკავშირებით ხშირად დასმული შეკითხვები, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

პოპულალურები