LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეკრების მეორე დღე: ბიჭები ამბობენ, მზად ვართო

93

საქართველოს ნაკრებმა მატჩამდე ორი დღით ადრე, დუბლინის „მალაჰაიდ იუნაიტედის“ საფეხბურთო მოედანზე ორჯერადი ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში უახლოესი ორი ოფიციალური მატჩისთვის გამოძახებული 25 ფეხბურთელი მონაწილეობდა. სოლომონ კვერკველიამ, ლევან მჭედლიძემ, თორნიკე ოქრიაშვილმა და გიორგი მაკარიძემ, რომლებიც ნაკრებს გვიან შეურთდნენ, გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშეს. დუბლინში შეკრებაზე მყოფი გუნდის თითოეული წევრი ჯანმრთელადაა და წლის მეორე ოფიციალური მატჩის მოლოდინშია. საქართველოს ნაკრებში, შეკრებაზე პირველად არის გამოძახებული ბორისოვოს „ბატეს“ წევრი ვალერი გვილია. ახალგაზრდა ფეხბურთელი ირლანდიასთან და უელსთან საკუთარი შანსის მოლოდინშია.

„ჩემთვის დიდი ბედნიერებაა ნაკრებში გამოძახება, ეს ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. მადლობელი ვარ,რომ ეს ოცნება ამიხდა. ჩემთვის დიდი პატივი და ღირსებაა საქართველოს ნაკრების წარდგენა მსოფლიოს მასშტაბით. ვარჯიშებმა კარგად ჩაიარა, ბიჭებმა მეგობრულად მიმიღეს. იმედი მაქვს, ჩემი დებიუტი შედგება,ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სამწვრთნელო შტაბმა უნდა გადაწყვიტოს. მე, ჩემის მხრივ, ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემზე არის დამოკიდებული, რომ დავეხმარო ჩემს მშობლიურ ქვეყანას,“ – განაცხადა ვალერი გვილიამ.

ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში, სადებიუტო მატჩი ჩაატარა დავით სხირტლაძემ. დანიის „სილკებორგის“ ქართველი ლეგიონერი ავსტრიასთან შეხვედრაში შეცვლაზე შევიდა და მატჩის ბოლო 27 წუთი ითამაშა.

„ევროპის ჩემპიონატზე ვნახეთ, რა შეუძლია ირლანდიას და განსაკუთრებით – უელსს. უელსი ნახევარფინალში გავიდა. ძლიერი გუნდები არიან ,მაგრამ შეგვიძლია,რომ ტექნიკური ფეხბურთით ვაჯობოთ. რა თქმა უნდა, ბრძოლა მოგვიწევს და ბრძოლაში ტოლი არ უნდა დავუდოთ, მაგრამ ტექნიკური ფეხბურთის ხარჯზე, ალბათ შეგვიძლია,რომ დავამარცხოთ ორივე გუნდი და ამას შევეცდებით. კარგად ვგრძნობ თავს ახალ გუნდში, რა თქმა უნდა გოლის გატანა გეხმარება,რომ უკეთესად შეხვდე სანაკრებო თამაშებს. გუნდში ურთიერთგაგება გვაქვს მაღალ დონეზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ბიჭთან ერთად მითამაშია აქამდეც და ნამდვილად მზად ვარ თამაშისთვის. ძალიან დიდი ფიზიკური დატვირთვა გვაქვს ამ მატჩებისთვის,ამიტომ ვართ ამ ეტაპზე ოცდახუთნი. ყველას აქვს რეალური შანსი, რომ ითამაშოს და მართლა დაეხმაროს ნაკრებს, ამიტომ ერთმანეთის მხარში დგომა და შეცვლა არ იქნება პრობლემა“. – განაცხადა დავით სხირტლაძემ.

ირლანდიასთან განაცხადში მყოფი 23 ქართველი ფეხბურთელის ვინაობა მატჩამდე ერთი დღით ადრე გახდება ცნობილი. საქართველოს ნაკრები მატჩის წინა ბოლო ვარჯიშს, შეხვედრის მასპინძელ დუბლინის „ავივას“ სტადიონზე, 5 ოქტომბერს ადგილობრივი დროით 20 საათზე ჩაატარებს. 19.30 წუთზე კი, ვლადიმირ ვაისი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.

მატჩი ირლანდიისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებებს შორის, 6 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: უჩა ლობჟანიძე (დინამო, თბილისი), ოთარ კაკაბაძე ( ხიმნასტიკი, ესპანეთი), სოლომონ კვერკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლაშა დვალი (სლასკი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი)

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი, უნგრეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, თბილისი), ვალერი ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო, თბილისი), ლაშა პარუნაშვილი (დინამო, თბილისი), ვალერი გვილია (ბატე, ბელორუსი)

თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია) ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი, კვიპროსი)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები