ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოციალურ ქსელში წყალბადის ზეჟანგის შემდეგ, ღორის გრიპისგან თავდასაცავი სხვადასხვა საშუალების შესახებ წერენ. ერთ-ერთ ჯგუფში, სადაც მშობლები არიან გაერთიანებული, ერთ-ერთმა მათგანმა დაწერა, რომ პედიატრმა ურჩია, ბავშვს ქინდერის ყუთში ჩადებული ნიორი ჩამოკიდოს, რაც მას გრიპის ვირუსისგან დაიცავს.

როგორც ის წერს:

„გოგოებო, გუშინ პედიატრთან მყავდა და ეს მასწავლა ვირუსებისგან თავის დასაცავად – ქინდერის ყუთი როა პატარა, ყვითელი, ის დაჩხვლიტე, ნიორი ჩადე და ლამაზი ლენტით ჩამოკიდე კისერზე ბავშვსო… ნიორი იცილებს ბაქტერიებს, ისეთ რაღაცას გამოყოფსო“.

ამ სტატუსმა სოცქსელში დიდი მხიარულება გამოიწვია. სხვადასხვა კომენტარში წერენ: „მალე ქინდერის დეფიციტი იქნება“, „როგორ მინდა, ასეთი პედიატრები სადმე გაფრინდნენ და ნამდვილი, მხეცი პედიატრები მოფრინდნენ ჩვენსას, ნიორის კულონს რო პედიატრი გამოგიწერს“.

დათო გორგილაძემ სოციალურ ქსელში გააზიარა ტაქსის მძღოლთან ურთიერთობის ერთ-ერთი საინტერესო გამოცდილება, რომელსაც ფონად კვლავ ღორის გრიპის თემა გასდევს:

„ჩემი და ტაქსის მძღოლების ურთიერთობის ისტორიაში საუკეთესო ხუმრობა დადო წეღან ერთმა:

– ღორის გრიპი ხო არ გაქვს? – მეკითხება.

– არა – ქედმაღლურად ვუყურებ.

– უკვე ეგეთი დარწმუნებულიც ნუ იქნები – თქვა, ხველება დაიწყო და ახარხარდა.“

სოციალურ ქსელში ასევე აქტიურად ვრცელდება შელოცვა ღორის გრიპის წინააღმდეგ, რასაკვირველია, ის სახუმაროა, თუმცა ზოგიერთი მას სერიოზულადაც აღიქვამს.

სანამ აფთიაქებში პირბადეების დეფიციტი შეივსებოდა, „ფეისბუქზე“ ხუმრობდნენ, რა ნივთებით შეიძლებოდა პირბადის ჩანაცვლება და ერთ-ერთი პირველი, რაც მოაფიქრდათ, ქალის ბიუსტჰალტერია…

მარინა ბერიძის ცნობილი გამონათქვამის კვალდაკვალ, „ფეისბუქ“-მომხმარებელი ქეთი ლაგვილავა იმის აღსანიშნავად, რომ ქალაქში უამრავი ადამიანი გრიპის ვირუსით წერს, ასეთ სტატუსს აქვეყნებს: „აქ იწვა თბილისი“.

 

მსგავსი თემები