LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შენ ის ჩემზე მეტად გიყვარს“ – რატომ სჭირდებათ უფროს ბავშვებს მეტი ყურადღება და პატივისცემა

343
150608-gma-haines2-16x9-992

„შენ ის ჩემზე მეტად გიყვარს“ – ეს ფრაზა ალბათ ყველა იმ მშობელს გაუგონია, რომელსაც ორი ან მეტი შვილი ჰყავს. პასუხი ყოველთვის ერთია „მე ყველა ერთნაირად, ძალიან მიყვარხართ“.

რატომ სჭირდებათ უფროს ბავშვებს მეტი ყურადღება და პატივისცემა:

დიახ, შესაძლოა სიყვარულის ძალა თანაბარი იყოს, მაგრამ ბავშვები ხომ იმდენად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, რომ ჩვენი გრძნობებიც მათთან მიმართებაში შეიძლება ერთმანეთისაგან განსხვავდებოდეს. ხასიათი, გემოვნება, შეხედულებები ცხოვრებაზე – სწორედ ეს ქმნის მათ განუმეორებელ პიროვნებებს. თუმცა მიუხედავად ამისა, არსებობს რაღაც განსაკუთრებული, თანდაყოლილი თვისებები, რომლებიც მხოლოდ პირველ, უფროს შვილებს ახასიათებთ.

რამდენი წიგნიც არ უნდა წავიკითხოთ და რამდენი რჩევაც არ უნდა მოვისმინოთ, პირველ შვილთან ურთიერთობა, მასზე ზრუნვა დაბადების პირველივე დღეებიდან ყველაზე რთულია და ხშირად წარმოიშობა პრობლემები, რომელთა გადაჭრასაც მხოლოდ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით და შეცდომებზე სწავლით ვაღწევთ. სწორედ ეს მომენტები ქმნიან დაუვიწყარ მოგონებებს, თბილს და ცოტა სევდიანს.

პირველი შვილი მშობლებისათვის განსაკუთრებულია, რადგან სწორედ მან აქცია ისინი მშობლებად, პირველი შეცდომებიც სწორედ მასთან ურთიერთობაში, მასზე ზრუნვისას დაუშვეს და შემდეგ გამოასწორეს. ეს ყველაფერი მშობლებს განსაკუთრებულ დამოკიდებულებას უყალიბებს უფროსი შვილების მიმართ და გარკვეულეწილად, უფროსი შვილების ხასიათის შტრიხებზეც მოქმედებს.

შვილის გაჩენამდე ისინი ცალკე სამყარო იყვნენ, შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. უფროს შვილს ხვდება წილად მთელი სიყვარული და მზრუნველობა, რაც მშობლებს მის დაბადებამდე გააჩნდათ, თუმცა შემდეგ იბადება მეორე შვილი და უფროსისადმი ყურადღება იკლებს. ახალშობილს განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება, იგი მეტ ძალას და დროს მოითხოვს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირველ შვილს ამზადებდნენ დის ან ძმის დაბადებისათვის და მისთვის ცნობილია ამ ყველაფრის მიზეზი, მას მაინც გაუჭირდება ამ ყველაფერთან შეგუება.ამ დროსაც, უფროსი შვილის ხასიათის მნიშვნელოვანი შტრიხები ყალიბდება.

უმცროსი შვილის გაჩენის შემდეგ ხშირად უფროსს ისე ექცევიან, თითქოს იგი ბავშვი აღარ არის. პირველ შვილს მხრებზე აწვება პასუხისმგებლობის ტვირთი. მშობლები მას ახალშობილის მოვლაში დახმარებას სთხოვენ და ამ დროს ბავშვის გონებაში ყალიბდება წარმოდგენა, რომ მისი დახმარების გარეშე მშობლები პატარაზე შესაბამისად ვერ იზრუნებენ.

მას შემდეგ, რაც ბავშვი გრძნობს თუნდაც მცირე პასუხისმგებლობას, მისი მსოფლმხედველობა იცვლება. ის გრძნობს, რომ გაიზარდა და არა მხოლოდ მოზრდილების მიბაძვას იწყებს, არამედ დამოუკიდებლად დასკვნების გამოტანას და გადაწყვეტილებების მიღებასაც.

ზუსტად ამიტომ, როგორც წესი, უმცროსი შვილები მშობლებს უფროსებთან შედარებით ინფანტილურები ეჩვენებათ ხოლმე. უმცროსი შვილები არ რჩებიან ზღვარზე ბავშვობასა და მოზრდილობას შორის. ხშირად პირიქითაა. ისინი მიჩვეულები არიან, რომ ყველა ეხმარება მათ ისე, რომ სანაცვლოდ არაფერს ითხოვს.

უფროსი შვილები უმცროსებს ყველაფერში ეხმარებიან. ისინი თვალ-ყურს ადევნებენ პატარებს და ცდილობენ, უსიამოვნებებისგანაც დაიცვან, თუმცა უმცროსი შვილის მთლიანად უფროსისათვის მინდობა არ ღირს, რადგან უფროსი შვილი ძიძა არ არის და იმსახურებს ისეთივე სრულფასოვან ბავშვობას, როგორსაც უმცროსი და-ძმები.

მას შემდეგ, რაც უფროს შვილებს უყალიბდებათ სხვებზე ზრუნვის ჩვევა, ისინი სიამოვნებით ეხმარებიან მშობლებს სხვადასხვა სასინაო საქმეებში, თუმცა მნიშვნელოვანი ამ დროს საქმეში ჩართულები იყვნენ უმცროსი შვილებიც, რათა მათაც შეექმნათ სწორი წარმოდგენები და ჩამოუყალიბდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა.

უფროსი შვილები ძალიან ხშირად არიან ალტრუისტები. ხანდახან მათ გადაჭარბებულად ზრუნვაც კი შეუძლიათ. ისინი ხშირად ხდებიან უფროსი დები და ძმები არა მხოლოდ საკუთარი დედმამიშვილების, არამედ ბევრი სხვა ადამიანისთვისაც.

მიუხედავად განათლებისა, საქმიანობისა და ჰობისა, უფროსი შვილები ყოველთვის საიმედო საყრდენად რჩებიან არა მხოლოდ ოჯახის წევრების, არამედ ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც მათ ცხოვრების გზაზე ხვდებათ.

მშობლების მთავარი გამოწვევა უნდა იყოს შვილისათვის განვითარების შესაძლებლობის მიცემა მისთვის მოსახერხებელი ტემპით და მიმართულებით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები