LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შენთვის მოტანილი თავისუფლება – ასე იყო 29 წლის წინ…

არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა…”- ძნელი სათქმელია, იფიქრებდა თუ არა საუკუნის დასაწყისში გენერალი კვინიტაძე, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მისი ნამოწაფარი იუნკერების სისხლი უბრალოდ არ ჩაივლიდა, 70 წლის შემდეგ, იქვე სადაც იუნკერთა საფლავებია, ფერად-ფერად საგაზაფხულო სამოსში გამოწყობილი 21 “იუნკერი“ იგივე გზას გაივლიდა, მოკლავდნენ და არ მოკვდებოდნენ.

„გზა ჯვარცმიდან ხელახალ აღდგომამდე“ – ასე აფასებდნენ 1989 წელს საბჭოთა 70 წლიანი ოკუპაციის შემდეგ საქართველოსთვის დამოუკიდებლობის ხელახალ დაბრუნებას ეროვნული მოძრაობის წევრები. დანგრეული იმპერიის ნამსხვრევებიდან ქვეყნის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოყვანას 9 აპრილს 21 სიცოცხლე და ასობით დასახიჩრებული ადამიანის მსხვერპლი დასჭირდა.

„სხვა გზა ჩვენს ერს არ გააჩნია, ეს არის მოწამეობრივი გზა ჯვარცმისა და გარდაუვალი აღდგომისა. მართალია ჩვენი გზა! მართალია ჩვენი მისწრაფება და ეს იმპერიაც უთუოდ დამარცხდება ჩვენთან ბრძოლაში!“ – მომხდარი ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში 26 მაისს, ვაკის პარკში გამართულ მიტინგზე ზვიად გამსახურდია 9 აპრილის ტრაგედიას იხსენებს და მოსახლეობას ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

 

 

გაივლის კიდევ 3 წელი და 1991 წლის 9 აპრილს უზენაესი საბჭოო 12 საათსა და 30 წუთზე, საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიულ აქტს მიიღებს.

„სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!

 

 

პარლამენტის შენობაში ზვიდ გამსახურდიას ემოციურ სიტყვას რამდენიმეწუთიანი, ხანგრძლივი, უწყვეტი ტაში მოჰყვა, ემოციურად გაგრძელდა დამოუკიდებლობის აღნიშვნა მომდევნო დღეებში თბილისის ქუჩებშიც…

 

 

მერე იყო ომი, ბევრი მსხვრეპლით, იყო 2008 წელი ისევ სისხლით და ხვალ, როცა თბილისის ცაზე დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაცია თავისუფალი საქართველოს დროშას დახატავს, შენ ისევ გაგახსენდება, რომ იმ ქვეყნის შვილი ხარ, “რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა”.

 

თამუნა გოგუაძე

 

პოპულალურები