LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შექმნილი ვითარება პოლიტიკური თვალსაზრისით ბესელიას აძლევს ხელს – გვრიტიშვილი კადრების გავრცელებაზე

Untitled

“მე ვთვლი, რომ ეკა ბესელიას ხელს აძლევს შექმნილი სიტუაცია პოლიტიკური თვალსაზრისით,“ – ამის შესახებ  მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა “რუსთავი 2-ის” ეთერში, გადაცემა “არჩევანში” სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით ყველაზე მეტად თავად ეკა ბესელია დარჩა მოგებული.

“ძველი რომაელები ამბობდნენ: როდესაც გსურს გაერკვე მოვლენათა თანმიმდევრობაში, უნდა დასვა შეკითხვა, დამდგარი შედეგი ვისთვის არის ხელსაყრელი. ჩანაწერის გავრცელების ბოლო ფაქტი საეჭვოდ დამეთხვა ბოლო პოლიტიკურ პროცესებს, როდესაც გარკვეულმა ჯგუფმა ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით მოინდომა წამებულის მანტიის მოსხმა, თავისი ნიშის დაკავება პოლიტიკაში და ეს რატომღაც დაუკავშირდა მოსამართლეების თემას, არადა, იყო ინფორმაციები, რომ ეკა ბესელია უნდა გადამდგარიყო მანამდეც”, – თქვა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

დიმიტრი გვრიტიშვილი ეკა ბესელიას ტყუილშიც ადანაშაულებს და მისი თქმით, დეპუტატის განცხადება, რომ ჩანაწერების საქმე სააპელაციო სასამართლოშია, სიმართლე არ არის, რადგან მოსამართლის თქმით, საქმე უზენაეს სასამართლოშია გაგზავნილი.

გვრიტიშვილის განცხადებით, ამით ბესელია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. ის არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე პროცესებს თავად ეკა ბესელია მართავდეს.

დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე ინფორმაცია 28 იანვარს დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გაავრცელა. ბესელიას თქმით, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო 2012 წლამდე იყო ჩაწერილი და შესაბამისად, ის შეიძლება გავრცელებულიყო ან მათ მიერ, ვინც ჩაწერა, ან პროკურატურიდან, ან კიდევ სასამართლოდან, სადაც ამ საქმის განხილვა მიმდინარეობდა და აღნიშნული ვიდეოც სწორედ საქმეს ერთვის მტკიცებულების სახით. სასამართლო დაადანაშაულა ვიდეოს გავრცელებაში დავით ჭიჭინაძემაც.

 

პოპულალურები