LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეშფოთების საფუძველი ჯერჯერობით არ გვაქვს: კულუმბეგოვი “ინდურ შტამზე”

91
1

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ არ არსებობს მინიშნება, კორონავირუსის ე.წ. “ინდური შტამი” უფრო მძიმე და ხანგრძლივ დაავადებას იწვევდეს და აღნიშნავს, რომ ამ მხრივ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.

“ინდური შტამის” მასობრივად გავრცელებისგან, გარკვეულწილად, დაცულები ვართ: ენდელაძე

კულუმბეგოვი არგუმენტად ე.წ. “ბრიტანულ შტამს” ასახელებს, რომელიც საქართველოში უკვე გავრცელებულია და ამბობს, რომ გავრცელების ხარისხით, კოვიდის “ინდური ვარიანტი” მისგან არ განსხვავდება:

“ჯერჯერობით, არანაირი მინიშნება, რომ “ინდური ვარიანტი” იწვევს უფრო მძიმე დაავადებას, ან ხანგრძლივ ავადობას, არ არსებობს. შესაბამისად, ამ მხრივ შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს. “ინდური ვარიანტი” აჩვენებს, რომ ის 15%-დან 50%-მდე უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე კორონავირუსის საწყისი შტამი. ეს იგივე ფარგალია, რაც “ბრიტანული შტამი”, რომელიც დღეს ჩვენთან დომინანტურია. შესაბამისად, აქ არაფერი გადაცემის სიხშირის და სისწრაფის თვალსაზრისით არ შეცვლილა.” – თქვა მან.

კულუმბეგოვი ასევე საუბრობს, თუ რამდენად ეფექტიანად მოქმედებს ვაქცინები ვირუსის აღნიშნულ შტამზე:

“მოქმედებს თუ არა “ინდურ ვარიანტზე” თანამედროვე კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები, ინფორმაციას, რომელსაც დღეს ვფლობთ, მტკიცებითი მედიცინის პოზიციიდან, მხოლოდ “ფაიზერს” და “ასტრაზენეკას” ეხება. მათი ეფექტურობა შემცირებულია, მაგრამ ეს ეფექტურობა “ფაიზერისთვის” შემცირებულია 94%-დან 88%-მდე, “ასტრაზენეკასთვის” 66%-დან 60%-მდე. რაც შეეხება “სინოფარმსა” და „სინოვაკს“ , ჯერჯერობით ასეთი კვლევა არ გვაქვს, შესაბამისად, არ ვიცით მტკიცებითი ფორმატით ვამტკიცოთ მოქმედებენ თუ არა. ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც გვაქვს “სინოფარმის” და “სინოვაკის” ზუსტი ანალოგი, ვაქცინა აქვს ინდოეთს. ეს არის ვაქცინა, რომელსაც “კოვაქსინი” ჰქვია.

სამედიცინო ლოგიკიდან გამომდინარე, სანამ კვლევები შემოგვესწრება, ყველას უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ინაქტივირებული ვაქცინები „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ მძიმე დაავადებისგან და სიკვდილისგან დაიცავს ადამიანებს.” – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა. აღნიშნული შტამით ინფიცირებული ხუთი პირიდან 2 საქართველოს მოქალაქეა.