ყველაფრის ცოდნა სავალდებულო არ არის, თუმცა აუცილებელია მუდმივი განვითარების სურვილი.  “ფორტუნა აკადემიას” პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია “ჯეპრას” უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი ესაუბრა.

“მე ვიცი ის, რომ არაფერი არ ვიცი” –  ხშირად მართლა ასე მგონია. ხან სულ ასე მგონია…

ასე მგონია, პირველ კითხვამდე. კითხვის დასმის შემდეგ კი უცებ ერთვება გონების გარკვეული უბნები და გამოცდილების მეხსიერება. და მერე თურმე რაღაც მცოდნია, რაღაც უფრო მეტად, რაღაც უფრო ნაკლებად.

ხშირად მოუმართავთ ისეთი კითხვებით თემაზე, რომელიც არ მცოდნია და არ გამიცია პასუხი. ვერ კი არა, არ გამიცია. მომიბოდიშებია, რომ ვერ ვერკვევი ამ საკითხში და ჩემ კომპეტენციას ცდება. ამ შემთხვევაში, გულწრფელობა მომგებიანია და უფრო დამაჯერებელიც.

შეუძლებელია ადამიანმა ყველაფერი იცოდეს. ბრწყინვალე გონების გენიოსებიც კი მაქსიმუმ რამდენიმე საკითხში (და არა ყველაში) ერკვეოდნენ ღრმად და დანარჩენი ზედაპირული ცოდნა უკვე საკმარისი იყო დასკვნების გასაკეთებლად და ხედვების ჩამოსაყალიბებლად.

ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, უცნაურად ბევრ საკითხში, საკითხების სპექტრში ვერკვევი – ბიზნესის ეკოსისტემების მშენებლობიდან და ვენახის გაშენებიდან დაწყებული, ბიზნესმოდელებში ინოვაციური ეპიცენტრების მოძიებით დასრულებული, ვიცი რა ჯდება 1 კვადრატული მეტრი სახლის მშენებლობაზე, 1 კვადრატული მეტრი ვენახის გაშენება და 1 კმაყოფილი მომხმარებლის შეძენა, მაგრამ არც დეველოპერობას წამოვიწყებ და არც კახელ მევენახეს ვასწავლი ჭკუას.  ვიცი, რომ ბიზნესი სფეროში არსებული ლოგიკის დამსხვრევით უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე მიბაძვით შექმნილი. მაგრამ ვერ დავწერ თამაშების თეორიის მათემატიკურ ნაწილს, ვერ ვმართავ კანალიზაციის სისტემას და ვერ შევზეთავ მუსლუხო ლილვს, ვერ გავუძღვები მებოცვრეობის სამეცნიერო კონფერენციას, არ ვიცი როგორია ინდი როკი და ვინ არიან ამ მიმართულების ვარსკვლავები. არ ვიცი როგორი იქნება დერივატების ბაზარი და ინდექსების საპროცენტო განაკვეთი იაპონიაში მომავალ წელს.

კომპანიაშიც, როდესაც ახალი თაობის უამრავი წარმომადგენელი მოვიდა, პირველი რაც დავნერგეთ, სწორად რევერსული მენტორინგის სისტემა იყო – სისტემა, როდესაც ახალგაზრდები მათზე უფროსებს ასწავლიან და უზიარებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას. შედეგმაც არ დააყოვნა – ბოლო სტრატეგიულ შეხვედრაზე, სისტემის ბალანსირებული მაჩვენებლების მიხედვით კომპანიის მოკლევადიანი სტრატეგიის დაგეგმვისას, ყველა თანამშრომელი ერთ ენაზე, ერთიმეორესთვის გასაგებ ენაზე ვსაუბრობდით.

ასე ვასწავლი სტუდენტებსაც: დასვან ბევრი კითხვა და მიიღონ უფრო მეტი პასუხი ლექტორებისა და ჭკვიანი ადამიანებისგან.  არაფერია იმაზე უფრო სასაცილო, ვიდრე კითხვაზე არაკომპეტენტური პასუხი. ამიტომ ვიცი, რომ როცა არ ვიცი, ბევრი კითხვა უნდა დავსვა. ეგ კი არა, აგერ სტრატეგიული ტილოს შექმნისას, მომხმარებელთა გამოცდილების რუკის შედგენისას, ორგანიზაციების სასიცოცხლო ციკლის ჩამოყალიბებისთვისა და  კომპანიების არქიტექტურის ასაწყობად იმდენი კითხვა ისმება, ჩვენი ქვეყნის ჟურნალისტების კითხვების ჯამურ რაოდენობას რომ აღემატება.

სულ ახლახანს „ჰარვარდ ბიზნეს რევიუს“ სტატიაში ტვინის შტურმის ახალი მეთოდი იყო განხილული და ამ მეთოდის მთავარი გამორჩეულობა პროცესის წარმართვისას, დასკვნების გაკეთებისა და მოსაზრებების გამოთქმის ნაცვლად, კითხვების დასმა იყო.

მე ვიცი, რომ არაფერი ვიცი.

ამიტომაც მჭირდება მეტის წაკითხვა, მეტის გააზრება, მეტის გაგება, მეტის სწავლა, მეტი კითხვის დასმა – მეტის გასაკეთებლად”.

 

 

კატეგორიები: ფორტუნა აკადემია
მარტა ქარუმიძე
ავტორი

მსგავსი თემები