LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეუწყდება თუ არა 52 დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება – საკითხზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დღეს იმსჯელებს

73
პარლამენტი1

52 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დღეს იმსჯელებს. საკითხის განხილვა კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტში არსებულ ჩანაწერს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც, თუკი პარლამენტის წევრი მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება, სადეპუტატო უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, ოპოზიციონერთა გაცდენები არასაპატიოა, რაზეც კომიტეტი შესაბამის დასკვნას მოამზადებს, თუმცა მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება პლენარულ სხდომაზე გახდება ცნობილი.

„საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნის თანახმად, თუ ერთი სასესიო პერიოდის განმავლობაში დეპუტატს არასაპატიო მიზეზით აქვს გაცდენების ნახევარზე მეტი, მაშინ დგება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი და ჩვენი კომიტეტი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ვალდებულია, რომ სესიის დამთავრებიდან ათი დღის განმავლობაში მოხდეს ამ საკითხის განხილვა. დღეს ჩვენ გვაქვს კომიტეტის სხდომა და იმ 52 დეპუტატის საკითხი განიხილება, რომელთაც მიმდინარე საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ნახევარზე მეტი გაცდენები ჰქონდათ. კომიტეტი ამასთან დაკავშირებით პარლამენტში გააკეთებს შესაბამის დასკვნებს და შემდგომ ეს გადაეცემა პლენარულ სხდომას“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრის  თეონა აქუბარდიას განცხადებით, სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი „სასაცილოა“. მისივე თქმით, ოპოზიცია არა „შატალოზე“, არამედ ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება.

„სასაცილოა, თუმცა საპროცედურო კომიტეტი განიხილავს 52 ოპოზიციონერი დეპუტატის გაცდენების საკითხს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველას გვქონდა დაწერილი განცხადება პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით და „ქართულმა ოცნებამ“ არ დააკმაყოფილა ჩვენი განცხადება, განიხილება საკითხი, რომ ჩვენ ვიყავით შატალოზე და არა ბოიკოტის რეჟიმში. კომიტეტმა უნდა იმსჯელოს ჩვენს შატალოზე ყოფნასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, უნდა დასრულდეს ეს საკითხი, რამდენადაც ეს იყო პოლიტიკური პროცესი. ჩვენ არ ვიყავით სასეირნოდ წასულები. საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ პროცედურულ ხასიათს ატარებს, რა თქმა უნდა, არის მცდელობა, წარმოაჩინონ, რომ ოპოზიცია იყო შატალოზე. ნამდვილად ძალიან კომიკურია, რომ განიხილება ეს საკითხი“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

პოპულალურები