LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეწყალება ან ერთჯერადი ამნისტია – ნარკოპოლიტიკის რეფორმის ჯგუფი ხელისუფლებას მიმართავს

380
cms-image-000019804

ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდამჭერი ჯგუფები ხელისუფლებას მოუწოდებენ ნარკოდანაშაულზე დაკავებულების მიმართ ერთჯერადი ამნისტია ან შეწყალების მექანიზმი გამოიყენონ.

არასამთავრობოების პოზიციით, ხელისუფლება სისტემური რეფორმის საკითხზე თავისი წილი პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას თავს არიდებს.

“ნარკოპოლიტიკის ძირეული რეფორმის პროცესი და პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა წელიწადზე მეტია შეჩერებულია.დღემდე, მკაცრი ნარკოპოლიტიკის შედეგად დაზარალებული ადამიანების სამართლიანი მოთხოვნების გათვალისწინება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს ეპიზოდური გადაწყვეტილებებით ხერხდება. ხელისუფლება კი, თავს არიდებს სისტემური რეფორმის საკითხზე თავისი წილი პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას. ჩვენთვის უცნობი რჩება ხელისუფლების პოზიცია ნარკოპოლიტიკის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის გზების თაობაზე“,– განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბრიფინგზე.

მათივე განცხადებით, პარლამენტის მიერ ნარკოპოლიტიკის სფეროში ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელების გაურკვეველი ვადით გადადების ფონზე, უპასუხოდ რჩება ადამიანების ის ჯგუფი, რომელიც რეფორმის შედეგებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ელოდება დღემდე.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ნარკოტიკულ დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირთა სტატისტიკური მონაცემებიც გამოაქვეყნეს.

მათი ინფორმაციით, მხოლოდ 2018 წელს:

  • სისხლისსამართლებრივი დევნა 3650 პირის მიმართ დაიწყო;
  • ნარკოტიკული დანაშაულისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა, 2018 წელს, შეფარდებული აქვს 633 ადამიანს;
  • ამჟამად, ნარკოტიკული დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება 5000-მდე ადამიანი;
  • 2018 წლის ბოლო ექვს თვეში, ნარკოტიკულ დანაშაულში ბრალდებული/მსჯავრდებული 50-მდე ადამიანი შიმშილობდა მათ საქმეზე სამართლიანი მართლმსაჯულების მოთხოვნით.

ორგანიზაციები მოუწოდებენ პარლამენტს, პრეზიდენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს ნარკოტიკულ დანაშაულებზე მსჯავრდებულებთან დაკავშირებით მონაცემების შესწავლას და დამუშავებას. ასევე, ნარკოპოლიტიკის სფეროს ძირეულ რეფორმამდე, მხარი დაუჭირონ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უსამართლო ან/და არაპროპორციული სასჯელებისგან მსჯავრდებულთა გათავისუფლების/პასუხისმგებლობის შემსუბუქების თაობაზე და ამისთვის გამოიყენონ ერთჯერადი ამნისტიის ან/და შეწყალების მექანიზმები.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  1. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
  2. ღია საზოგადოების ფონდი;
  3. ალტერნატივა ჯორჯია;
  4. თეთრი ხმაურის მოძრაობა;
  5. ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის;
  6. საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრითანადგომა;
  7. ადამიანის უფლებათა ცენტრი;
  8. საზოგადოებრივი გაერთიანებაბემონი;
  9. ფენიქსი 2009;
  10. ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი(GeNPUD);
  11. ახალი ვექტორი;
  12. ჰეპა+;
  13. კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი(CTC).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები