LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეზღუდვები მოიხსნა: უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე მოხსნილი შეზღუდვები და ეპიდსიტუაცია განიხილეს

294
97999997-1685990071538890-5760107513999523840-o

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა შეზღუდვების მოხსნის მიმდინარეობა და ამ პროცესის შესაძლო გავლენა  განიხილეს. სხდომაზე აღინიშნა, რომ მარნეულში დღეიდან მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გაუქმდა, თუმცა ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული სხვა შეზღუდვები, ისევე როგორც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

“მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვით, გაიხსნა სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები, აგრეთვე, მოიხსნა დაწესებული შეზღუდვა – 3 ადამიანის შეკრების თაობაზე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. თუმცა, 3 ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ. ამასთან, კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების შესახებ, კერძოდ, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს” – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აქვე განმარტებულია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებმა საბჭოს წარუდგინეს ინფორმაცია ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებული ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასა და მკაცრი კარანტინის რეჟიმით დაკეტილ სოფლებში მიმდინარე ღონისძიებებზე. აღნიშნულ მუნიციპალიტეტში დამატებითი სამედიცინო ღონისძიებების გატარება კვლავ გრძელდება. ასევე, მიმდინარეობს მოსახლეობის აქტიური ტესტირება და თერმოსკრინინგი.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ცალკეული შეზღუდვების შემსუბუქება უფრო ზრდის მოქალაქეების პასუხისმგებლობას, რომ დაიცვან ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციები. მთავრობაში განმარტავენ, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობა გარანტიაა არ გაუარესდეს ეპიდემიოლოგიური ვითარება, რათა არ დადგეს უკვე მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესების აუცილებლობა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები