LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-ში დანაშაულის შეტყობინების აპლიკაცია დაინერგება: გომელაური

54
ვახტანგ გომელაური

შს  მინისტრის განცხადებით, დაინერგება დანაშაულის შეტყობინების აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, სამართალდარღვევის ფაქტის შესახებ მონაცემი როგორც ღიად, ასევე, ანონიმურად სამინისტროს შესაბამის დანაყოფს მიაწოდოს.

ვახტანგ გომელაურმა ამის შესახებ უწყების 10-წლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენის დროს განაცხადა.

მინისტრის თქმით, უწყების არაერთი დანაყოფი ინტენსიურად მუშაობს იმისთვის, რომ პოლიცია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით პასუხობდეს ამოცანებს, რომელთა წინაშეც საზოგადოება ყოველდღიურად დგას.

გომელაურის თქმითვე, გრძელდება აქტიური მუშაობა ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის დანერგვის მიმართულებით:

“შემუშავებულია განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც, 2025 წლისთვის, ანალიტიკური ქსელი უნდა დაინერგოს მთელი ქვეყნის მასშტაბით. აღნიშნულ პერიოდში დაიხვეწება ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელებისთვის საჭირო სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფა.

საპოლიციო რესურსების სწორად და ეფექტიანად გადანაწილების, ოპერატიული რეაგირების მონიტორინგისა და შემადგენლობის მუშაობის შეფასების მიზნით მუშავდება ელექტრონული დისპეტჩერიზაციის თანამედროვე სისტემა, რომელიც სტრატეგიული და ტაქტიკური ანალიზის ერთიანი სისტემის დანერგვასა და ანალიტიკური მონაცემების ფიქსაციასაც გულისხმობს.

დაინერგება დანაშაულის შეტყობინების აპლიკაცია, ელექტრონული პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, სხვადასხვა ტექნიკური საშუალებით, სამართალდარღვევის ფაქტის შესახებ მონაცემი როგორც ღიად, ასევე, ანონიმურად მიაწოდოს სამინისტროს შესაბამის დანაყოფს.” – თქვა მინისტრმა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შეიქმნება კრიმინოგენულ-საინფორმაციო რუკა და მოხდება დანაშაულის შემთხვევების, სამეთვალყურეო კამერების, საპატრულო ეკიპაჟების გადაადგილებისა და სტრატეგიული ობიექტების ელექტრონულ რუკაზე ასახვა:

“ელექტრონული რუკა გაზრდის პოლიციის მხრიდან ინფორმაციაზე წვდომის ოპერატიულობას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს დროის მოკლე მონაკვეთში ყველა საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და აღქმას.

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, 2025-2030 წლებისთვის, კონკრეტულ ლოკაციებზე იგეგმება, სხვადასხვა სახის ჭკვიანი კამერების განთავსება, რომლებიც დაფიქსირებული არაორდინარული ქცევის, აგრეთვე, ხმის დეტექციის მიხედვით გასროლის იდენტიფიცირებისას შეტყობინებებს გადასცემს პოლიციის შესაბამის დანაყოფებს.” – განაცხადა მან.

შს მინიტრმა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სახის ან მოძრაობის ამოცნობა-იდენტიფიკაციის ინსტრუმენტების განვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ მისი განვითარება 2022-2027 წლების შუალედში გაგრძელდება:

“2022-2027 წლების შუალედში გაგრძელდება ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სახის ან მოძრაობის ამოცნობა-იდენტიფიკაციის ინსტრუმენტების განვითარება, რომელიც იძლევა ფოტოსურათის, მათ შორის ჯგუფური ფოტოს, ფოტოების ფრაგმენტების აღდგენის მიხედვით ცალკეული პირის ამოცნობის შესაძლებლობას.

განვითარდება ვიდეოამომცნობი ინსტრუმენტები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია ვიდეოფაილებში ასახული პირების იდენტიფიცირება.

2021-2027 წლებში, სტატისტიკური მონაცემების გენერირების, სხვადასხვა დეტალისა და გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავების, სიზუსტისა და პროცედურის გამარტივების მიზნით, განხორციელდება სტატისტიკური მოდულის
დახვეწა.” – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები