LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვილებს უნდა ვასწავლოთ, რომ ძალადობა გამოსავალი არ არის, თუმცა უნდა ვასწავლოთ აგრესიისაგან თავის დაცვაც – ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

282
gagoshidze

ცუდი ქცევა,  აკრძალვები, ბავშვის და მშობლის ურთიერთობა, აგრესია და აგრესორისაგან თავდაცვა და ოქროს შუალედი – ამ თემებზე  ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ მარი მალაზონიას გადაცემაში ,,პირადი ექიმი” ისაუბრა.

 ქცევა – რა არის მისაღები ან მიუღებელი?

 ვიდრე უშუალოდ თემაზე ვისაუბრებთ განვმარტოთ, თუ რა არის ცუდი ქცევა. გააჩნია ვისთვის არის კონკრეტული ქცევა კარგი, ცუდი, მისაღები თუ მიუღებელი. სამწუხაროდ, დღევანდელ საზოგადოებაში ბევრი ღირებულება გაფერმკრთალებულია. მთავარია წარმატება და მიზნის მიღწევა. თუკი კონკრეტული ქცევა წარმატებასთან მიგვიყვანს ითვლება, რომ ის კარგია, თუმცა ეს ასე არ არის.

ასეთ დროს ყველამ უნდა დაუსვას თავის თავს კითხვა, თუ რა არის მისაღები ან მიუღებელი. მისაღებია ქურდობა?  მისაღებია, როდესაც ადამიანი პოლიციაში არ რეკავს და გულგრილი რჩება დანაშაულის მიმართ, რომელსაც შეესწრება? მისაღებია, როდესაც ბავშვი ცხოველს აწვალებს, მოზრდილი ადამიანი კი ამას უყურებს, მაგრამ არანაირი რეაქცია არ აქვს? მე მსგავს ფაქტებს შევსწრებივარ. მინახავს ფაქტები, როდესაც ბავშვები გარემოს ანაგვიანებენ, მოზრდილი ადამიანები კი არ რეაგირებენ ამაზე. მე მინახავს ბევრი მსგავსი ქცევა, რაზეც მოზრდილები არ რეაგირებენ, რადგან მათთვის არ არის ეს მიუღებელი.

ბავშვის ძირითადი ორიენტირი არის მისთვის მნიშვნელოვანი მოზრდილი ადამიანი. ბავშვი ბაძავს ამ ავტორიტეტს, მცირეწლოვანის ერთ-ერთი მთავარი უნარი მიბაძვაა. ამიტომ ჩვენ, ზრდასრულები ვართ სარკე, რომელშიც ირეკლება ქცევები და მას ბავშვი ითვისებს. როდესაც მშობელს რეაქცია არა აქვს იმაზე, რომ მისმა შვილმა გარემო დაანაგვიანა ან სხვისი ნივთი აიღო, ბავშვი ამას იმახსოვრებს და მისთვის სხვისი ნივთების აღება უკვე აღარაა მიუღებელი. მისთვის ჩვეულებრივი ამბავი ხდება გარემოს დანაგვიანებაც. ბავშვი ყველაფერს იღებს იმ მოზრდილი ადამიანებისგან, ვინც მისთვის ავტორიტეტია. ბავშვი ჩვენგან სწავლობს მანიპულირებასაც, ძალადობასაც და ყველაფერ დანარჩენსაც.

დღეს ჩვენი ცნობიერებიდან ამოღებულია ზნეობა და ეთიკა. ასეა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში. ეს ყველაფერი კი აისახება ბავშვების ქცევაზეც. ბავშვი გამოავლენს იმას, რასაც მასში ჩადებ. ეს ყველაფერი თავისით, არსაიდან არ მოდის.

 

 აკრძალვები, ბავშვის და მშობლის ურთიერთობა

ნებისმიერ ადამიანთან და მათ შორის ბავშვთან ურთიერთობისას ამოსავალი წერტილი უნდა იყოს თავისუფალი ნება, ოღონდ გარკვეულ პირობებში. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ არსებობს გარკვეული ჩარჩო. მშობელი უნდა შეუთანხმდეს შვილს, რომ ყველა აქტივობისათვის გარკვეული პერიოდი გამოყოს, მათ შორის კომპიუტერთან ჯდომისთვის. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ რაღაც დროის შემდეგ მან უნდა შეწყვიტოს კომპიუტერთან ჯდომა, რადგან არსებობს გარკვეული საზღვრები. ამაზე მშობლემა და შვილმა შეთანხმებას უნდა მიაღწიონ. ცხადია, შეიძლება ბავშვები წავახალისოთ და თუ ამ პირობებს დაიცავს, ხანდახან დავასაჩუქროთ ამის გამო. შეიძლება ხანდახან გამონაკლისის სახით ბავშვს ნება დავრთოთ კომპიუტერთან ნახევარი საათით მეტი დრო გაატაროს, მაგრამ მან უნდა იცოდეს, რომ ეს ზუსტად იმის დამსახურებაა, რომ ის ზოგადად წესებს იცავს.

გარკვეული პერიოდის შემდეგ ბავშვს უკვე ჩვევაში გადაეზრდება კომპიუტერთან გასატარებელი დროის გარკვეულ პერიოდში მოქცევა, ის ისწავლის იმპულსის შეკავებას და დღის დაგეგმვას, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ბავშვი ისწავლის საკუთარი ქცევის მართვას.

 

აგრესია და აგრესორისაგან თავდაცვა – სად არის ოქროს შუალედი?

რასაკვირველია, შვილებს უნდა ვასწავლოთ, რომ ძალადობა გამოსავალი არ არის, თუმცა უნდა ვასწავლოთ აგრესიისაგან თავის დაცვაც. ოქროს შუალედს ფსიქოლოგები ასერტიულობას ვეძახით რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი არ არის აგრესორი, სხვაზე არ ძალადობს, თუმცა შეუძლია თავისი პოზიციის დაცვა არააგრესიული მეთოდებით. ასერტიულ ადამიანს შეუძლია თავის დაცვა ისე, რომ სხვას შეურაცხყოფა არ მიაყენოს და თავს არ დაესხას. ჩვენს საზოგადოებაში იმის შემჩნევაც რთულია, რომ ჩვენ ვიღაცას ვამცირებთ. მნიშვნელობა არა აქვს მასწავლებელია, მშობელი თუ მოზარდი, ადამაინებს შეუძლიათ სხვებს შეურაცხყოფა მიაყენონ და ვერც კი მიხვდნენ, რომ ეს გააკეთეს. ადამიანებისთვის ეს ქცევა უკვე ნორმაა და ნებისმიერ ჩარევას ამ კუთხით ისინი მტკივნეულად განიცდიან.

პრობლემა მოდის იქიდან, რომ ბავშვს არავინ ასწავლის სხვისი სურვილის გათვალისწინებას და ქცევის რისკის შეფასებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მოზარდობის ასაკში. შედეგად ბავშვი არ ფიქრობს თავისი ქმედების შედეგზე. არ ფიქრობს იმაზე, თუ რა მოჰყვება მის ქმედებას, შედეგი კი შესაძლოა ტრაგიკული იყოს. ბავშვს თავიდანვე უნდა ვასწავლოთ, რომ თავის საქციელზე პასუხი თვითონ უნდა აგოს და არა დედამ, მამამ ან ბაბუამ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები