LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სილქნეტი“ და „მაგთი“ ტარიფებს წლის ბოლომდე ვეღარ გაზრდიან

334
50654679_296333461026427_5854068719692546048_n-960x440

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიქსირებული და მობილური სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევა დაასრულა და მომხმარებლების ინტერესების  დაცვისა და ბაზრის განვითარების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიხედვით, „სილქნეტი“ და „მაგთი“ ტარიფებს წლის ბოლომდე ვეღარ გაზრდიან.

„კომისია კმაყოფილია ბაზრის კვლევის შედეგებით, ვინაიდან  მიაჩნია, რომ  საცალო ბაზარზე რეგულაციების შემოღება, სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარებისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა და სფეროს განვითარებაში მნიშვნელოვან შეფერხებას გამოიწვევდა. შეგახსენებთ, რომ საცალო ბაზრის რეგულირების ალბათობა კომისიამ ორი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ ტარიფების გაზრდის შესახებ გავრცელებული განცხადების შემდეგ გააკეთა და მასშტაბური კვლევა დაიწყო. როგორც კომისია აცხადებდა, ბაზარზე ფასების გაზრდის საჭიროება არ არსებობს, რაც კვლევამ დაადასტურა. სწორედ კვლევის  და კომპანიებთან აქტიური მუშაობის  შედეგებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა აიღეს ვალდებულება, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ფასებს არ გაზრდიან,  მობილური მომსახურებების არჩევანის  მრავალფეროვნებას შეინარჩუნებენ და კომისიასთან მომავალშიც აქტიურ კომუნიკაციაში იქნებიან.

ამის მიუხედავად, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ თუ რომელიმე კომპანიის მხრიდან მსგავსი ქმედების მცდელობას კვლავ ექნება ადგილი, კომისიას იმაზე მკაცრი რეაგირება ექნება, ვიდრე ეს წინა შემთხვევაში მოხდა და კანონით მინიჭებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს მომხმარებლების უფლებების დასაცავად“, – აცხადებენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.

როგორც იცით, მიმდინარე წლის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “სილქნეტი” და “მაგთიკომი” ტარიფების გაზრდას გეგმავდნენ. თუმცა, კომუნიკაციების კომისია ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა და კომპანიებს მოუწოდა, ტარიფების ზრდა დროებით შეეჩერებინათ, ვიდრე კომისია ბაზრის კვლევას დაასრულებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები