ზაფხულის არდადეგები მიიწურა და სექტემბერი დადგა. ეს თვე ყველა ბავშვისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ახალი სასწავლო წელი იწყება. სასწავლო წლის დაწყება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმ ბავშვებისთვისაა, რომლებიც სკოლაში პირველად მიდიან.

ახალი გარემო, უცხო ბავშვები და მასწავლებლები – მოზარდისთვის ზოგჯერ რთულია ამ ყველაფერს მარტივად და სწრაფად შეეჩვიოს. როგორ უნდა მოამზადოს მშობელმა ბავშვი ფსიქოლოგიურად სკოლაში შესვლამდე და როგორ უნდა დახვდნენ მასწავლებლები ბავშვებს? “ფორტუნას” კითხვებს ყველასთვის საყვარელმა ფსიქოლოგმა, პედაგოგმა და ჰუმანური პედაგოგიკის დამაარსებელმა შალვა ამონაშვილმა უპასუხა.

უსმინეთ ინტერვიუს აუდიოვერსიას:

შალვა ამონაშვილის განცხადებით, მშობელმა ბავშვებს სკოლაში შესვლამდე არ უნდა უჩიჩინონ, რომ იქ ხუთებზე უნდა ისწავლოს.

“სკოლაში წასვლით ბავშვი სოციალურ სტატუსს იცვლის. თუ აქამდე ის სკოლამდელი იყო, ახლა უკვე დიდი ხდება, მას დიდობა უნდოდა და სკოლაში მიდის.

თუ დაკვირვებიხართ, ბავშვი ზოგჯერ სკოლაში არ არის მისული და ზურგზე ჩანთას ატარებს, წიგნებს აწყობს, ემზადება. ბავშვის ეს მზაობა ძალიან უნდა დავაფასოთ. არ უნდა ვუჩიჩინოთ მოზარდს, რომ სკოლაში რომ მიხვალ კარგად უნდა მოიქცე, ხუთებზე უნდა ისწავლო და სხვა ამგვარი. ბავშვი სკოლაში იმიტომ კი არ მიდის, რომ ხუთებზე ისწავლოს, მიდის იმიტომ, რომ ცხოვრება ახლებურად გაიცნოს.

სკოლაში წასვლის მთავარი პირობა ბავშვზე არაა დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია მასწავლებელზე, როგორ მიიღებს, რანაირი სიყვარულით შეხვდება, რანაირ გაკვეთილს მიუძღვნის ბავშვს, როგორ ჩააბავს საერთო ცხოვრებაში, როგორ დაამეგობრებს ერთმანეთთან, თუ ამას მასწავლებელი გააკეთებს, ბავშვს ყოველთვის ეყვარება სკოლაც, მასწავლებელიც და სკოლაში წასვლაც.

მასწავლებელმა არ უნდა იჩქაროს საშინაო დავალებებზე და საერთოდ, თუ არ მისცემს დაწყებით კლასებში დავალებას, ეს კიდევ უფრო უკეთესი იქნება. მით უფრო პირველკლსელებისათვის.

სკოლა ფაქტიურად მასწავლებელია. მასწავლებელშია სკოლა. შენობა, საკლასო ოთახი და სხვა – ეს უბრალოდ ხელის შემწყობი პირობებია და არა თვითონ სკოლა.

სიტყვა სკოლა – თარგმანში ნიშნავს კიბეს, რომელზეც ბავშვის სული მიემართება, ეს კიბე კი მასწავლებელშია. პირველ რიგში, მასწავლებელს ბავშვი ძალიან უნდა უყვარდეს, ყველა ბავშვი, ულაპარაკოდ ყველა, უნდა უყვარდეს ერთნაირად, არც მეტად და არც ნაკლებად.

მასწავლებლის მეორე პირობაა – მოთმინებით, გულმოდგინედ და შემოქმედებითად მოემზადოს გაკვეთილისათვის. თითოეული გაკვეთილი კი არ უნდა ჩაატაროს, არამედ უნდა მიუძღვნას ბავშვს როგორც საჩუქარი. გაკვეთილზე ბავშვი ამ გაკვეთილის თანაშემოქმედი, თანამონაწილე უნდა გახადოს.

მესამე პირობაა – მასწავლებელმა ისწავლოს მშობლებთან ურთიერთობა. წავიდა ის დრო, როცა 30-იანი 40-იანი წლები იყო და მასწავლებლები მშობლებს ზემოდან დაჰყურებდნენ. ახლანდელი მშობლები ძალიან განათლებულები არიან, ამიტომ მათი ხშირ-ხშირი გამოძახება, რომ ბავშვი კარგად არ ზის, ხმაურობს და სხვა ამგვარი ეს არაა სერიოზული საქმე. მასწავლებელმა არასდროს არ უნდა დააბეზღოს ბავშვი მშობელთან. პირიქით, უნდა აუმაღლოს მშოვბელს საკუთარ შვილზე წარმოდგენა. ამრიგად, მშობელთან ურთიერთობა სულ სხვა ურთიერთგაგების და თანამშრომლობის საწყისებზე უნდა აიგოს.

საერთოდ მასწავლებელი თავისი ბავშვების მიმართ ჰუმანური მიდგომით უნდა განეწყოს. დამთავრდა ის დრო ავტორიტარიზმი ჩვენი იარაღი რომ იყო, რათა ბავშვები წყნარად გვყოლოდა კლასში, ხელში გვეჭირა ისინი და ნიშნებით ან მშობელთა გამოძახებით ან საკონტროლოებით ვემუქრებოდით. ეს დრო წარსულს ბარდება. მასწავლებელი უნდა ეთანამშრომლოს ბავშვს.

ჰუმანური მიდგომა ნიშნავს ბავშვის სულიერების გაღვიძებას, სულიერი დისციპლინის დამყარებას კლასში და არა დისციპლინის, რომელიც ყვრილით, ჩხუბით და მუქარით იგება.

მასწავლებელმა უნდა გაიგოს, რომ ახლანდელი ბავშვები სხვები არიან, ესენი არიან 21-ე საუკუნის დასაწყისის თაობა, რომლებსაც ინდიგოებს, სინათლის ბავშვებს ვეძახით. მასწავლებლებს ვუსურვებ თვალი გაახილონ და ბავშვებში ეს ახალი თაობა დაინახონ.

თანამედროვე ტექნიკა: კომპიუტერი, ინტერნეტი, პლანშეტები, ჩვენს ცხოვრებაში ძალიან ღრმად შემოიჭრა. ამ ყველაფერზე უარის თქმა პრაქტიკულად წარმოუდგენელია.

მახსოვს, როდესაც ქართველ ბავშვებს, სამელნე ბურთულიოანი კალმისტრებით შევუცვალე, საქართველოში ერთი აყალმაყალი ატყდა. მეთოდისტებმა დაიწყეს, დაჭერა არ გამოდის და ასე არ შეიძლება, მაგრამ ხომ დავინახეთ, რომ სამელნეებით სიარული სკოლაში შეუძლებელია. ახლანდელი ბავში სამელნეს არც კი იცნობს, როგორც მე არ ვიცი ფრთიანი კალმისტრით წერა.

ამრიგად კომპიუტერი თუ შემოდის სკოლაში ეს ნორმალურია. ახალი ტექნიკა აადვილებს ბევრს რამეს ჩვენს ცხოვრებაში. კომპიუტერით წიგნის აწყობა და წერა უფრო ადვილია ვიდრე თუნდაც ბურთულიანი ავტოკალმით.

მე სხვა რამეს მინდა მივაქციო ყურადღება. წიგნზე და სახელმძღვანელოზე კი არ არის ლაპარაკი ან კომპიუტერზე, იმ კულტურაზეა ლაპარაკი, რომლითაც ჩვენ კომპიუტერს ან სახელმძღვანელოს ვექცევით.

ბავშვის კულტურა უნდა აღიზარდოს , როგორ გამოიყენოს და როგორ არ გამოიყენოს, რამდენად ეფექტურად უნდა იხმაროს, რამდენ ხანს უნდა იჯდეს კომპიუტერთან და რამდენი ხანი არ შეიძლება, რომ არ დაიზიანოს მხედველობა ან სხვა რამ. აი ეს კულტურა თუ არ მივეცით ბავშვს ისე არც წიგნი ვარგა და არც კომპიუტერი,“ – აცხადებს შალვა ამონაშვილი „ფორტუნასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ნათია ხარებაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები