LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,სკოლებში სოციალური დისტანცირება შეუძლებელია” – ბრიტანელი მასწავლებელი

113
0-JS211169949

,,სკოლებში სოციალური დისტანცირება არ არსებობს” – აღნიშნა ბრიტანეთის ერთ-ერთი დაწყებითი სკოლის მასწავლებელმა ჰოვარდ ფიშერმა წერილში, რომელიც მოსწავლეების მშობლებს გაუგზავნა.

ფიშერის თქმით, მას ურჩევნია ბავშვებმა სასწავლო წელი გაიმეორონ, ვიდრე რომელიმე მათგანი დაკარგოს. აღნიშნული განცხადება სკოლის მთავარმა მასწავლებელმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის მთავრობა დაწყებითი სკოლების გახსნას 1 ივნისისთვის გეგმავს, თუკი იმ დროისათვის არსებული ეპიდსიტუაცია ამის საშუალებას მისცემს.

ბრიტანეთში სკოლები მარტში დაიკეტა ყველა მოსწავლისათვის, გარდა იმ ბავშვებისა, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ და იმ ბავშვებისა, რომელთა მშობლებიც საყოველთაო კარანტინის პირობებშიც აგრძელებდნენ მუშაობას.

,,სკოლაში დისტანცირება შეუძლებელია. იმის მიზეზი, თუ რატომ ვრცელდება ბავშვთა დაავადებები სკოლაში მარტივად ის არის, რომ ყველა ჩვენგანი მუდმივ კონტაქტშია ერთმანეთთან” – აცხადებს ფიშერი და დასძენს, რომ წესით და რიგით მთავრობას 2020 წელი აკადემიურ წლად უნდა გამოეცხადებინა, მაგრამ ამ შემთხვევაში საგრძნობლად გაიზრდებოდა ხარჯები.

,,წესით ეს ნაციონალური დებატების საგანი უნდა იყოს, მაგრამ ამაზე არავინ საუბრობს იმიტომ, რომ ამ ყველაფრისთვის ფულის დახარჯვაა საჭირო” – მიაჩნია ბრიტანელ მასწავლებელს.

აღსანიშნავია, რომ მის აზრს ქვეყნის მასშტაბით ძალიან ბევრი კოლეგა და მასწავლებელთა გაერთიანება იზიარებს. საწინააღმდეგო აზრი აქვთ ინგლისის განათლების დეპარტამენტში, სადაც აცხადებენ,რომ ვირუსის შიშის გამო ყველაფერი მუდმივად დახურული ვერ იქნება, ბავშვებს კი კარანტინის შემდეგ კიდევ უფრო სჭირდებათ მეგობრებთან და მასწავლებლებთან ურთიერთობა, რაც ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობასთან ერთად ერთ-ერთი ძალიან საჭირო რამაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები