LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოცმუშაკების სამუშაო პირობები – თანამშრომლები შოკისმომგვრელ ფოტო-ვიდეოს ასაჯაროებენ

51174249_2003819219700721_3646650684272541696_n

რას აკეთებს სახელმწიფო ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დასაცავად – კითხვა ბავშვთა უფლებადამცველებისთვის დიდი ხანია აქტუალურია და ისინი ბავშვთა ზრუნვის სისტემის არაეფქტურობაზე საუბრობენ. 4 წლის ბავშვის გარდაცვალების შემდეგ კი, უფრო ნათლად გამოჩნდა, რამდენად უსუსურია არსებული სისტემა ისეთი პრობლემის წინაშე, როგორიც ბავშვთა მიმართ ძალადობაა.

სოციალურ მუშაკთა, ფსიქოლოგთა არასაკმარისი რაოდენობა, შეუსაბამო სამუშაო გარემო, – ეს ის პრობლემებია, რომელზეც ბავშვთა დაცვის სისტემაში ჩართული რიგითი თანამშრომლები საუბრობენ. სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის თანამშრომელი სოციალურ ქსელში სერვის-ცენტრის ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ ასეთ პირობებში მათთან მისულ ბენეფიციარებს სოციალური სამსახურის მიმართ უნდობლობის განცდა უჩნდებათ.

“სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის თანამშრომლები წლების განმავლობაში ფოტოებში ასახულ გარემოში მუშაობენ და სწორედ ამ პირობებში იღებენ მომსახურებას – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ხანდაზმულები, ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები, მზრუნველობამოკლებული არასრულწლოვნები, სოციალურად დაუცველი პირები და სხვ.

აღნიშნულის შესახებ ჩვენს მიერ არა ერთხელ იყო ინფორმირებული სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობა, თუმცა ადეკვატური რეაგირება არ მოჰყოლია.
მსგავს გარემოში თითოეულ ჩვენს ბენეფიციარს უჩნდება სოციალური მუშაკების და ზოგადად, სოციალური სამსახურის მიმართ უნდობლობის განცდა,” – წერს ნინო ლეკიშვილი.

ამავე პოსტის ქვეშ კომენტარებში აღნიშნულია, რომ იგივე მდგომარეობაა ისანი-სამგორის სერვის-ცენტრში. კომენტარებს თან ერთვის ვიდეოც, მინაწერით “წალკის მუშაკების ტრანსპორტი”, ტრანსპორტი კი ცხენზე შებმული ურიკაა.

არასამთავრობო სექტორმა და ომბუდსმენმა სოციალური მუშაკების შეუსაბამო სამუშაო გარემოზე და მიზერულ ხელფასზე საუბარი რამდენიმე წლის წინ დაიწყეს. იმ პრობლემის შესახებ, რომ რეგიონებში სოც. მუშაკებს ტრანსპორტისთვის თანხების დახარჯვა მათივე ხელფასიდან უწევთ, ჯერ კიდევ 2017 წელს გახდა ცნობილი. ორგანიზაცია “პარტნიორობა ბავშვებისათვის” წარმომადგენელმა, ანდრო დადიანმა “საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობის გამოწვევების” შესახებ ფორუმზე განაცხადა, რომ “რაც უფრო კარგად მუშაობს სოცმუშაკი, მით ნაკლები ფული რჩება თავის ხელფასიდან”. ანდრო დადიანი ამბობდა, რომ სოციალურ მუშაკს, რომლის სამუშაოს 80%-ს წარმოადგენს ვიზიტებზე სიარული, ტრანსპორტირების თანხის გადახდა საკუთარი ხელფასიდან უწევს.

როგორც ჩანს, 2017 წლის შემდეგ ამ მიმართულებით ბევრი არაფერი შეცვლილა და ამას უკვე 2019 წელს, 4 წლის ბავშვის გარდაცვალების შემდეგ სოციალურ მუშაკთა მიერ გავრცელებული განცხადებაც მოწმობს, სადაც სოციალური მუშაკები აღნიშნავენ, რომ მომხდარზე მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობენ, თუმცა, მინისტრს შეახსენებენ, რომ ძალადობის მსხვერპლი ბავშვი ბევრია, მათი რიცხვი კი ცოტა. სოც მუშაკები ამბობენ, რომ ისინი თავის წილ პასუხისმგებლობას არ გაურბიან, მაგრამ ინტერესედებიან, თავად მინისტრი თუ გრძნობს პასუხისმგებლობას. 

“წარმოუდგენელია 21-ე საუკუნეში ჰქმნიდე მომსახურებას და არ გაინტერესებდეს მომსახურების მიმწოდებელი თუ გყავს.
დიახ ბატონო მინისტრო, ჩვენ სოციალური მუშაკები ვართ თავად მომსახურება და იმ მომსახურების მიმწოდებლები, რასაც სთავაზობთ მოქალაქეებს. თუმცა თქვენ კარგად იცით რომ დიდი ხანია სოციალური მუშაკების რაოდენობა ვერ წვდება მომსახურების საჭიროების მქონე ბენეფიციართა დროულ და სრულ იდენტიფიცირებასაც კი. ჩვენ ვართ ადამიანები რომლებიც ვიმყოფებით მუდმივად „საოპერაციო ბლოკში“ სადაც უამრავი ბავშვია „ნარკოზის“ ქვეშ, არ გვაძლევთ სათანადო “აღჭურვილობას” რომ გავაკეთოთ ჩვენი საქმე. არ გვაქვს სოციალურ მუშაკებს 10 ხელი, რასაც ხშირად ვნატრობთ, რადგან რეალურის მოლოდინი ბევრად ნაკლებია

აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობის დიდი ნაწილი სულაც არ მოითხოვს სოციალური მუშაობის მიმართულებით სპეციალურ ცოდნას, რაზეც ხშირად კეთდება აქცენტი, თითქოს საკმარისი რაოდენობით პროფესიონალი არ მოიძებნება.
ეს ყველაფერი თქვენ იცით!

არც იფიქროთ რომ რომელიმე სოციალური მუშაკი გავურბივართ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას, შექმნილი ვითარების გამო, მაგრამ თქვენ თუ გრძნობთ ამ პასუხსმგებლობას? თუ გრძნობთ, რას აკეთებთ? ეძებთ რომელი ცენტრის სოციალური მუშაკი მეტად დამნაშავეა რომ სამაგალითოდ დასაჯოთ, ხომ? კიბატონო, ჩვენ ყველანი დავტოვებთ პოზიციებს და სიმართლეს დავიცავთ თუნდაც სასამართლოში, მაგრამ ესაა გამოსავალი?!

ეს არ უშველის იმ ასობით ბავშვს რომელთა შესახებაც ინფორმაცია მოსულია სააგენტომდე, თუმცა ვერ ვახერხებთ შემთხვევის დროულად გაცნობას, არათუ შემდგომ თითზე დასათვლელ „მომსახურებებში“ ადეკვატურ ვადებში ჩართვას. სამწუხაროდ ბევრია ძალადობის მსხვერპლი ბავშვი, სადაც არ უნდა დავიგვიანოთ რეაგირება! არ უნდა დაგვაგვიანებინოთ!!!
აღარც გთხოვთ და აღარც მოვითხოვთ, გემუდარებით… გაიგონეთ ჩვენი ხმა, ბატონო დავით!
წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებულები ვიქნებით დავიწყოთ შესაბამისი პროცედურები. ამ დრომდე მაქსიმალურად ვიკავებდით თავს პროტესტის გამოხატვის უკიდურესი ფორმისგან, რადგან არ გვსურს ჩვენი საქმიანობის შეჩერებით მოქალაქეები დაზარალდნენ და ველით თქვენგან უმოკლეს ვადებში ადეკვატურ ნაბიჯებს,” – აღნიშნულია განცხადებაში.

აქვე სოც მუშაკები იმასაც აღნიშნავენ, რომ მსგავსი შინაარსის წერილით დავით სერგეენკოსთვის არა ერთხელ მიუმართავთ, თუმცა, არსებული რეალობა წლების მანძილზე არ იცვლება.

“ბატონო მინისტრო, მოგმართავთ საჯაროდ რადგან ვშიშობთ ჩვენს მიერ თქვენთან ოფიციალურად გამოგზავნილი წერილი არ „დაიკარგოს“ “შემთხვევით” ან შვებულებაში გასული თანამშრომლის უჯრაში არ აღმოჩნდეს 10 სამუშაო დღის შემდეგ. იმედი აღარ გვაქვს რომ თქვენამდე მოვა სოციალური მუშაკების ხმა, რომელთაც არაერთი წერილი დავწერეთ, თუმცა ამაოდ…

პირველ რიგში როგორც რიგითი მოქალაქეები და განსაკუთრებით, როგორც სისტემაში დასაქმებული სოციალური მუშაკები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, 4 წლის ნინოს გარდაცვალების გამო და თითოეული ჩვენგანი ვგრძნობთ მორალურ პასუხისმგებლობას აღნიშნული ფაქტის წინაშე. როგორც ჩანს საკმარისი არ იყო არაერთი მოხსენებითი ბარათი/წერილი რითიც ვითხოვდით, მოვითხოვდით თქვენს დახმარებას, რადგან ყოველგვარ ადამიანურ შესაძლებლობას ცდება იმ სამუშაოების ჯეროვნად შესრულება რაც დღეს სოციალურ მუშაკებს გვაკისრია. არაერთხელ აღგვინიშნავს რომ ალბათ სანამ რომელიმე სოციალური მუშაკი სამსახურეობირივი მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკურად არ განადგურდება მანამდე სისტემა ვერ დაინახავს რეალურ უფსკრულს, თუმცა მსხვერპლი სამწუხაროდ ყველაზე უდანაშაულო არსება აღმოჩნდა,” – აღნიშნავენ სოც მუშაკები.

სოციალურ მუშაკებს მათი მიმართვის ადრესატი პირადად არ პასუხობს, თუმცა, მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია ამბობს, რომ უწყება მათ წილ პასუხისმგებლობას გრძნობს და სოციალური მუშაობის მიმართულებით სისტემურ ცვლილებებს გეგმავს.

“რასაკვირველია, ჩვენ, მთელი უწყება ვწუხვართ პატარა გოგონას გარდაცვალების გამო და ვგრძნობთ ჩვენ წილ პასუხსიმგებლობას მომხდართან დაკავშირებით. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს სისტემური ცვლილებები სოციალური მუშაობის მიმართულებით, რაც გვევალება კიდეც “სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის მიხედვით, რომელიც 2018 წლის ზაფხულში იქნა მიღებული. შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომელშიც კონკრეტულად გაიწერა სისტემური რეფორმისათვის საჭირო ნაბიჯები. გარდა ამისა 2018 წელს დაიგეგმა სოციალური მომსახურების სააგენტოს რეორგანიზაცია, რომელიც მიმართულია სისტემური ხარვეზების აღმოფხვრისკენ და რისკების მინიმალიზაციისკენ,” – ამბობს თამარ ბარკალაია.

როგორც თამარ ბარკალაია განმარტავს, რეფორმა გულისხმობს სოციალური მუშაკის სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, სოციალური მუშაობის ხარისხის ამაღლებას და რეგიონული საბჭოების მანდატის გადახედვა/გაძლიერებას. თუმცა, უფრო დეტალურად რას გულისხმობს სისტემური რეფორმა, რა ვადებში განხორციელდება დაგეგმილი ცვლილებები, როგორც მოხდება სოციალური მუშაობის ხარისხის ამღლება, გაიზრდება თუ არა სოციალურ მუშაკთა ან ფსიქოლოგთა შტატი, ამაზე ჯანდაცვის უწყებაში ამ ეტაპზე არ საუბრობენ.

არასამთავრობო სექტორში ამბობენ, რომ რისკების მინიმიზაციისთვის სისტემური რეფორმაა საჭირო და ყურადღებას სოციალურ მუშაკთა არასაკმარის რაოდენობაზე ამახვილებენ, რაც შესაძლოა იყოს იმის მიზეზი, რომ ძალადობის შემთხვევებზე მყისიერი რეაგირება არ ხდება.

თუ მე მაწერია 100 ბავშვის საქმე და აქედან 50 ძალადობის მსხვერპლია, ყველას ხომ მყისიერად ვერ ვნახავ? ეს ნიშნავს, რომ პოტენციურად, მეც და ბავშვსაც უკვე გვწირავს სახელმწიფო. ჩვენ შეიძლება ინდივიდუალურად, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა დავაყენოთ, მაგრამ ხვალ შეიძლება იგივე მოხდეს. მიზეზი არის არა მხოლოდ ინდივიდუალური, არამედ სისტემური. ხვალ შეიძლება ბავშვი დაიღუპოს, იმიტომ რომ სოც მუშაკმა არ შეამოწმა, რომ ის გაჭირვებულია და ჯართს აბარებს, ვიღაც შეიძლება სკოლაში არ დადის და ტრეფიკინგის მსხვერპლი აღმოჩნდა, რადგან არც ის შეამოწმა სოციალურმა მუშაკმა. თუ სისტემური რეაგირება არ გვექნება, პრობლემა არ მოგვარდება.

ჩვენ გვაქვს მიმდინარე დავები სასამართლოში, უამრავი შემთხვევაა, როცა სააგენტო ბავშვს ვერ იცავს. ასე რომ, ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას სახელმწიფო, ამ შემთხვევაში ვერც მთავრობა და ვერც პარლამენტი, რომელიც იმ ბიუჯეტს ამტკიცებს, სადაც წლიდან წლამდე არ იზრდება ბავშვთა დაცვის სისტემის დაფინანსება,“ – ამბობს ანა არგანაშვილი.

სოციალურ სააგენტოში ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით სულ 239 სოციალური მუშაკი და 11 ფსიქოლოგი მუშაობს, ბავშვებზე ძალადობის სტატისტიკა კი მზარდია.

შსს-ის სტატისტიკის თანახმად, 2017 წელს, (აღსანიშნავია, რომ ბავშვი, რომელიც შეესწრო ოჯახის წევრზე ძალადობის ფაქტს, ასევე არის ძალადობის მსხვერპლი) ოჯახში ფსიქოლოგიური ძალადობის 4176 შემთხვევა დაფიქსირდა, ფიზიკური ძალადობის – 990, ეკონომიკური ძალადობის – 143, იძულების – 97, ხოლო, უგულებელყოფის 24 შემთხვევა დაფიქსირდა.

სახალხო დამცველმა 2018 წელს 700 საქმე შეისწავლა და მათი უმრავლესობა ბავშვების მიმართ ძალადობას, სიღარიბესა და არასათანადო სოციალურ მდგომარეობას შეეხებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები